Facebook Twitter

№ას-871-817-2012 16 ივლისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ. ლ-ი“

წარმომადგენელი - ნ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ. ო-ე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 22 ნოემბერს შპს „ბ. ლ-ის“ დირექტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა შპს „დ. ო-ს“ წინააღმდეგ იურდიული მომსახურების საფასურის - 2500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 16 ივლისის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით, მოსარჩელე კისრულობდა კლიენტისათვის იურიდიული მომსახურების გაწევის ვალდებულებას, ხოლო მოპასუხე ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, კისრულობდა მომსახდურების საფასურის - 5 000 ლარის გადახდის ვალდებულებას. საფასური კლიენტს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს კეთილსინდისიერად უწევდა სამართლებრივ მომსახურებას შპს „დ. ო-ს“ შპს „ბ. ლ-სათვის“ 2500 ლარი არ გადაუხდია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მხარის განმარტებით, 2500 ლარის გადაუხდელობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი მომსახურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით შპს „ბ. ლ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ შპს „დ. ო-სა“ და შპს „ბ. ლ-ს“ შორის 2010 წლის 16 ივლისს დაიდო იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხე შპს „დ. ო-ისათვის“ გაეწია სამართლებრივი მომსახურება, რაც მოიცავდა შემდეგ საქმიანობას:

კლიენტსა და საზოგადოება შპს „კ. ს. გ-ს“ შორის, აგრეთვე, კლიენტსა და შპს „კ. გ-ის“ სხვა პარტნიორს შორის არსებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავასთან დაკავშირებით სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და სასამართლოში წარმომადგენლობა; იურიდიული დასკვნების და ე. წ. „მემოების“ მომზადება; სამართლებრივი რისკების შეფასება; საქმიანი წერილების მომზადება; სანოტარო მომსახურების მხარდაჭერა.

მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დავალების ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების დადების მომენტშივე მხარეთა მიერ ზუსტად იქნა განსაზღვრული სამართლებრივი მომსახურების საგანი - კლიენტსა და საზოგადოება შპს „კ. ს. გ-ს“ შორის, აგრეთვე, კლიენტსა და შპს „კ. გ-ის“ სხვა პარტნიორს შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა. მხარეთა შორის არსებული 2010 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება სასყიდლიანია და ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა გასამრჯელო 5000 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი იქნა 3400 ლარი, რითაც დასტურდება შპს „ბ. ლ-ის“ მხრიდან შპს „დ. ო-ისათვის“ გარკვეული სამართლებრივი მომსახურების გაწევა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებანი ადასტურებენ, რომ 2011 წლის 24 ნოემბერს გაგზავნილი იქნა დავალიანების დაფარვის მოთხოვნა მოპასუხისადმი. აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება მოპასუხის მიმართ პრეტენზიის გაცხადების ფაქტი, თუმცა მასში მითითებულია მოსარჩელის მიერ დავალების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ, ამ პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ, საქმის მომზადების ეტაპზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

თავად მოსარჩელე განმარტავს და სადავოდ არც მოწინააღმდეგე მხარე ხდის, რომ შპს „ბ. ლ-მა“ მოპასუხეს გაუწია სამართლებრივი მომსახურება საქმეზე, სადაც მონაწილეობდნენ შპს „დ. ო-ე“ და ს. პ-ი. მხარეთა განმარტებით უდავოდ დგინდება, რომ სოფიო პაპუაშვილი არ ყოფილა საზოგადოება „კ. ს. გ-ის“ პარტნიორი, არავითარი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება სოფიო პაპუაშვილსა და ავთანდილ თოდრიას შორის არ არსებობდა და ამ მომსახურების დავის საგანი იყო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, კერძოდ კი გარკვეული ტექნიკის, რომელიც ს. პ-ის მამამ გადასცა მოპასუხეს. სამოქალაქო კოდექსის 361.3 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ამავე კოდექსის 379.3 მუხლით კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმა იმპერატიული მოვალესათვის, ხოლო კრედიტორისათვის დისპოზიციური, რაც ნიშნავს იმას, რომ შპს „დ. ო-ე“ არ იყო ვალდებული მიეღო შპს „ბ. ლ-საგან“ ის შესრულება, რომელსაც მათ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სხვა შესრულების მიღებაზე და საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე დათანხმდა მოსარჩელეს სხვა შესრულების მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ბ. ლ-ის“ წარმომადგენელმა ნ. გ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: არასწორია სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულება, ვინაიდან შპს „დ. ო-ს“ სასამართლოსთვის არ წარუდგენია ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შპს “ბ. ლ-სთვის” შეტყობინების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხელშეკრულების შეწყვეტის საწინააღმდგეოდ მეტყველებს ანგარიშფაქტურა, რომელსაც 2010 წლის 31 აგვისტოს შპს “დ. ო-მ” ხელი მოაწერა, რითაც დადასტურდა მომსახურების სრულად მიღება და ამ მომსახურებაზე შპს „დ. ო-მ” მიიღო დღგ-ჩათვლა. გარდა ამისა, ხელშეკრულების შესაბამისად, საფასურის მეორე ნახევარი კლიენტს უნდა გადაეხადა ხელმოწერიდან არაუგვიანეს 45 დღისა, რაც ხსენებულ ვადაში შპს “დ. ო-მ” ნაწილობრივ შეასრულა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, შპს „დ. ო-ს” გაეწია სამართლებრივი მომსახურება შპს „კ. ს. გ-ის“ დავასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა საკონსულტაციო საქმიანობაში, კერძოდ, კომპანიის თანამშრომლები ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებში იღებდნენ მონაწილეობას, რაც ხშირ და ხანგრძლივ ხასიათს ატარებდა, ასევე შპს „დ. ო-ს” დირექტორის უწევდნენ კონსულტაციას და მოპასუხესთან მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდათ. საქმეში წარმოდგენილია საქმის ქსეროასლები (შპს “დ. ო-სა და პ-ის მონაწილეობით), რომლითაც დასტურდება შპს “ბ. ლ-ის” მიერ შპს “დ. ო-სთვის” 2011 წლის ჩათვლით სამართლებრივი მომსახურების გაწევა, რომელიც, საბოლოოდ, დასრულდა იმ საქმეში მოპასუხედ მყოფი შპს “დ. ო-ს” სასარგებლოდ. ამ საქმეზე გამართულ ყველა სასამართლო სხდომაში მონაწილეობდა დირექტორი ავთანდილ თოდრია და არ განუცხადებია, რომ კომპანიის იურისტების მონაწილეობა ეწინააღმდეგებოდა მის ინტერესებს. მომსახურეობა გაწეულ იქნა 2010 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში. კერძოდ, 2010 წლის 16 ივლისის სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულების საგანია შპს “დ. ო-სთვის” სამართლებრივი მომსახურების გაწევა. ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლი კი სახელობით, დამოუკიდებელი ქვეპუნქტების სახით, უთითებს სამართლებრივი მომსახურების ჩამონათვალზე. კერძოდ, ერთ-ერთ დამოუკიდებელ ქვეპუნქტს წარმოადგენს: “კლიენტსა და შპს “კ. ს. გ-ს” შორის აგრეთვე კლიენტსა და შპს “კ. ს. გ-ის” სხვა პარტნიორს შორს არსებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით სამართლებრივი მომსახურების გაწევა”. ხსენებული პუნქტის გარდა ხელშეკრულების მეორე მუხლი იურიდიული მომსახურების სახით ითვალისწინებს პირველი პუნქტისგან დამოუკიდებლ სხვა ქვეპუნქტებსაც – საქმიანი წერილების მომზადებას სამართლებრივ კონსალტინგს და ა.შ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ შპს „ბ. ლ-ს“ ვალდებულება კეთილსინდისიერად არ შეუსრულებია. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ. ლ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასმართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც შპს „ბ. ლ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ბ. ლ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 21.06.2012 წლის N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.