საქმე №ას-872-818-2012 16 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ. თ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. თ-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 6 დეკემბერს ყალბი საბუთების წარდგენის საფუძვლეზე მ. თ-ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, თითქოსდა იგი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ი.წ-ის ქონებას და მამკვიდრებლის შვილიშვილია. აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ვ. წ-ის, მოსარჩელის დედის მეუღლე, 1994 წელს გარდაიცვალა, მამამისი კი, რამდენიმე ათეული წლის წინ. მოსარჩელე დედასა და მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სადავო სახლში. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვ.წ-ის გარდაცვალების შემდეგ ის ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრეა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შეასაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე არ წარმოადგენს კანონისმიერ მემკვიდრეს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით ირკვევა, რომ ვ.წ-სა და მოსარჩელის დედას - ა. ნ-ს შორის სავარაუდო ქორწინება გაფორმებულია 1972 წლის 24 ნოემბერს, იმ დროს, როდესაც ვ.წ-ი მოპასუხის დედასთან იყო დაქორწინებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რაზეც საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელე ბ. გ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ამავე სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.04.2012 წლის განჩინებით მოსარჩელე ბ. გ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება, გასაჩივრებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში. პალატამ განმარტა, რომ, მართალია, სხდომის ოქმში სხდომის ეტაპის აღმნიშვნელ ადგილას მითითებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე, მაგრამ თავად ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ სხდომაზე გამოცხადებულ იქნა დასაბუთებული საოქმო განჩინება და მისი სათანადო გასაჩივრების წესი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.04.2012 წლის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ ბ. გ-ის ორი წარმომადგენელი მ. კ-ა და ნ.გ-ე, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. საქმეში წარმოადგენილია როგორც ბ. გ-ის მიერ მ. კ-ს სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულება, რომლითაც წარმომადგენელს მინიჭებული აქვს სასამართლოს ნებისმიერი აქტის გასაჩივრების უფლება, ასევე ბ. გ-ის მიერ ნ. გ-ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულება სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლებით.
ამდენად, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.04.2012 წლის განჩინების და მასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.03.2012 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი გამოცხადებიდან მეორე დღეს და ამოიწურა 02.05.2012 წელს. აპელანტის მიერ საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 14.05.2012 წელს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც საპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-მ შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი განსხვავდება დისკზე არსებული ჩანაწერისაგან. სხდომაზე სასამართლომ განმარტა, რომ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება არა განჩინების გამოცხადების მომენტიდან, არამედ მისი გადაცემიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი განსხვავდება დისკზე არსებული ჩანაწერისაგან. სხდომაზე სასამართლომ განმარტა, რომ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება არა განჩინების გამოცხადების მომენტიდან, არამედ მისი გადაცემიდან. კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია კერძო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2012 წლის 18 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გამოცხადებიდან მეორე დღეს და ამოიწურა 2012 წლის 2 მაისს. ბ.გ-მ კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა კანონით დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარმოუდგენლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.