Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-873-819-2012 12 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ფ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ხ-ი, ნ. ა-ა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ-ის“ თავმჯდომარე ი. ზ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მოქმედების უკანონოდ ცნობა, სარდაფის საკუთრებაში გადაცემის უკანონოდ ცნობა, სარდაფის გამოყოფა, სარდაფში ჩასასვლელი კარის გახსნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის, ნ. ა-სა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ-ის“ თავმჯდომარე ი. ზ-ს მიმართ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ-ის’’ თავმჯდომარის მოქმედების უკანონოდ ცნობა, ნ. ა-ს სარდაფის საკუთრებაში გადაცემის უკანონოდ ცნობა, მოსარჩელისათვის 15 კვ.მ სარდაფის გამოყოფა და სარდაფში ჩასასვლელი კარის გახსნა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს: ,,გამოეყოს 15 კვ.მ ფართის მისი საცხოვრებელი შენობის ნებისმიერი თავისუფალი საერთო ფართიდან და ი. ზ-ს მოქმედებების უკანონოდ ცნობაში მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს, რომ სურს აინაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზარალი, რაც მისმა საქმისადმი გულგრილმა, დაუდევარმა დამოკიდებულებამ მიაყენა’’ - დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით გ. ფ-ს დაევალა სადავო უძრავი ქონების - 15 კვ.მ სარდაფის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და აღნიშნული ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ასევე, მას უნდა განემარტა, რას გულისხმობდა „ამხანაგობის თავმჯდომარის მოქმედების უკანონოდ ცნობაში“, ასევე რომელი კონკრეტული „მოქმედება უნდა ყოფილიყო უკანონოდ ცნობილი“ და მიეთითებინა ამ მოთხოვნის მიმართ მის იურიდიულ ინტერესზე. ამასთანავე, აპელანტს უნდა დაეზუსტებინა მოთხოვნა – „გამოეყოს კიბის ქვეშ მდებარე თავისუფალი ფართიდან წილი“.

2012 წლის 23 აპრილს აპელანტის წარმომადგენელმა მ. ფ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელმაც განმარტა, რომ აპელანტმა მიმართა ამხანაგობის თავმჯდომარეს, რითაც იგი ითხოვდა 15 კვ.მ ფართს თავისი ბინის ქვეშ გათავისუფლებულ სარდაფში ან მისი საცხოვრებელი შენობის საერთო ფართიდან. განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ უკანონოდ უნდა იქნეს ცნობილი ი. ზ-ს მოქმედებები, კერძოდ, სადავო ფართში თავისუფალი ფართის არსებობის არცოდნა და უფლებამოსილების გულგრილად განხორციელება, უარი კრების ოქმის ხელმოწერაზე და ამხანაგობის სხვა წევრებისათვის მოწოდება, არ მოეწერათ ხელი ოქმზე, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ჭორის გავრცელება, თითქოს აპელანტს სურდა სხვისი საკუთრების მიტაცება, რამაც მისი იმიჯი დაამცირა და მიაყენა მორალური ზიანი. აპელანტის მიერ ასევე დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა კიბის ქვეშ მდებარე ფართის გამოყოფას, კერძოდ, რომ „კიბის ქვეშ მდებარე თავისუფალი ფართიდან წილის გამოყოფა არ არის დამოუკიდებელი მოთხოვნა. ხსენებული მოთხოვნა, 15 კვ.მ ფართის გამოყოფის შესაძლებლობა არის ალტერნატიული. თავისუფალი ფართი არის აპელანტის ქვეშ განთავსებულ სარდაფშიც და მისი საცხოვრებელი სახლის საერთო ფართის ნაწილშიც“. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული ჰქონდა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა იურიდიული ინტერესის მითითება ამხანაგობის თავმჯდომარის – ი. ზ-ს მოქმედებების უკანონოდ ცნობის ნაწილში, ასევე გ. ფ-ს უნდა დაეზუსტებინა სააპელაციო საჩივრის ის მოთხოვნა, რომელიც შეეხება „კიბის ქვეშ თავისუფალი ფართის გამოყოფას“ და იგი შესაბამისობაში მოეყვანა სარჩელით დასმულ მოთხოვნასთან.

2012 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა გ. ფ-ის წარმომადგენელმა მ. ფ-მა, რომელმაც განმარტა, რომ აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა 15 კვ.მ ფართის მისი საცხოვრებელი შენობის ნებისმიერი თავისუფალი საერთო ფართიდან გამოყოფა. ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მისთვის უცნობი იყო, რომ სარდაფში ჩასასვლელი კიბის ქვეშ მდებარე თავისუფალი ფართი არ შედიოდა სარდაფის ფართში. რაც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას ექსპერტის დასკვნისა და აზომვითი ნახაზების თანახმად. რაც შეეხება იურიდიული ინტერესის დაზუსტებას, განმცხადებელმა მიუთითა, რომ ი. ზ-ს მოქმედებების უკანონოდ ცნობაში მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობდა მის სურვილში, აინაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზარალი, რაც მისმა საქმისადმი გულგრილმა, დაუდევარმა დამოკიდებულებამ მიაყენა.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 14 მაისის განცხადებით აპელანტმა სასამართლოს მიერ დავალებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააზუსტა შემდეგნაირად: „გამოეყოს 15 კვ.მ ფართის მისი საცხოვრებელი შენობის ნებისმიერი თავისუფალი საერთო ფართიდან და ი. ზ-ს მოქმედებების უკანონოდ ცნობაში მისი იურიდიული ინტერესს წარმოადგენს, რომ სურს აინაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზარალი, რაც მისმა საქმისადმი გულგრილმა, დაუდევარმა დამოკიდებულებამ მიაყენა“.

აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ „გამომეყოს 15 კვ.მ ფართი მისი საცხოვრებელი შენობის ნებისმიერი თავისუფალი ფართიდან“ პალატამ განმარტა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქმის შემდგომი მსვლელობისთვის, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის წინააღმდეგ მიმართულ მოთხოვნას, რომელშიც ასახულია მხარის მოთხოვნის არსი და მოცულობა. სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსით სარეზოლუციო ხასიათს ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა ადგენდეს მოსარჩელის ცალსახა და ერთმნიშვნელოვან მისწრაფებას კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში დაიცვას თავისი უფლება.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მითითება, რომ მას გამოეყოს თავისუფალი ფართი კიბის ქვეშ არსებული ფართიდან, წარმოადგენს ალტერნატიულ მოთხოვნას, რაც ეწინააღმდეგება სასარჩელო განცხადების სარეზოლუციო ხასიათს, ვინაიდან ნაცვლად ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნისა, იგი აყალიბებს სრულიად სხვა მოთხოვნას (საქმის პირველი ტომის ფურცელ 53-ზე ჩამოთვლილ სასარჩელო მოთხოვნებში გ. ფ-ე ერთ-ერთ მოთხოვნად მიუთითებს, „გამომეყოს ჩემთვის კუთვნილი წილი სარდაფიდან, რაც შეადგენს 15 კვ.მ ფართს“).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მიხედვით პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოში „ნებისმიერი თავისუფალი ფართიდან წილის გამოყოფის შესახებ“ მოთხოვნა არ წარუდგენია, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი მოთხოვნის წარდგენა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამდენად, განსახილველი საკითხის ნაწილში აპელანტმა დავის საგანი გაზარდა.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნის დაზუსტებას, რომელიც შეეხება აპელანტის იურიდიული ინტერესს (ი. ზ-ს მოქმედებების უკანონოდ ცნობით აპელანტს სურს აინაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზარალი, რაც მისმა საქმისადმი გულგრილმა, დაუდევარმა დამოკიდებულებამ მიაყენა) პალატამ ჩათვალა, რომ ამ სახის მოთხოვნის მიმართ აპელანტს არ შეიძლება გააჩნდეს იურიდიული ინტერესი. კერძოდ, იურიდიული ინტერესის ცნებაში მოიაზრება არა თეორიული ინტერესი, თუ სურვილი, არამედ კონკრეტული და ეფექტური მიზანი, რომლის მიღწევა აღიარებით სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებით შემდგომში უკვე გარდაუვალია. აპელანტის მითითება ი. ზ-ს ქმედების უკანონოდ ცნობაში იგი აინაზღაურებს მატერიალურ და მორალურ ზიანს, არ გამომდინარეობს იურიდიული ინტერესის ცნების განმარტებიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, ხოლო ი. ზ-ს მომედებების უკანონოდ აღიარებით სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეესტრში ვერ მოხდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტმა ვერ შეავსო სააპელაციო საჩივრის იმ მოთხოვნაზე დადგენილი ხარვეზი, რომელიც შეეხებოდა მოთხოვნის დაზუსტებას, კერძოდ, მოთხოვნას „გამოეყოს გ. ფ-ს 15 კვ.მ ფართის მისი საცხოვრებელი შენობის ნებისმიერი თავისუფალი საერთო ფართიდან და ი. ზ-ს მოქმედებების უკანონოდ ცნობაში მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს, რომ სურს აინაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზარალი, რაც მისმა საქმისადმი გულგრილმა, დაუდევარმა დამოკიდებულებამ მიაყენა“. ამდენად, სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილებში დაუშვებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ფ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია დაუსაბუთებელია, რითაც სასამართლომ უარი განაცხადა მართლმსაჯულების განხორციელებაზე. მხარემ სასამართლოს წარუდგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, რათა დაემტკიცებინა, რომ სარდაფში არის თავისუფალი ფართი. აღნიშნულის სანაცვლოდ, სააპელაციო პალატამ მხარის მოთხოვნები დაჰყო ნაწილებად, რადგან მისთვის საქმის მოგების ნაკლები შანსი მიეცა. უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება სარდაფში ერთადერთ ჩასასვლელ მობინადრეთა საერთო კიბეზე მოპასუხის მიერ სადარბაზოში დაყენებული ჩაკეტილი კარის გახსნის მოთხოვნის ნაწილშიც. გ.ფ-ის მიერ მითითებული გარემოებანი დადასტურებულია სათანადო მტკიცებულებებით.

გ. ფ-მ იშუამდგომლა, რომ სასამართლომ დახმარება გაუწიოს კომპეტენტური ორგანოების წინაშე, ვინაიდან მისი ძველი ბინა აღრიცხულია ა-ის ქ.№66-ად, ხოლო მიშენებული ბინა 1938 წელს ამავე ნომრით სარგებლობდა. მოპასუხე ა-ა თავის მტკიცებულებებს იყენებს, როგორც თავისი, ისე ძველი ბინების მიმართებით, რაც იწვევს უხერხულობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწვალა კერძო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ გ. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მისი დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობას და სასამართლოს ავალებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 10 დღეში შეამოწმოს, დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLV თავით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის 1-4 ნაწილებში მოცემულია ის მოთხოვნები, რასაც სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს, ხოლო ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ამრიგად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედებები, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და დაადგინოს საპროცესო ვადა, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები, თუმცა სასამართლოს მიერ მხარისათვის დავალებული საპროცესო მოქმედებები უნდა გამომდინარეობდეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილი მოთხოვნებიდან და არ უნდა სცდებოდეს მათ ფარგლებს. სწორედ ასეთი საპროცესო მოქმედების დროულად შეუსრულებლობა იწვევს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა მის მიერ არაერთხელ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, რა დროსაც სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ შეავსო სააპელაციო საჩივრის იმ მოთხოვნაზე დადგენილი ხარვეზი, რომელიც შეეხებოდა შემდეგი მოთხოვნის დაზუსტებას: „გამოეყოს გ. ფ-ს 15 კვ.მ ფართი მისი საცხოვრებელი შენობის ნებისმიერი თავისუფალი საერთო ფართიდან და ი. ზ-ს მოქმედებების უკანონოდ ცნობაში მის იურიდიული ინტერესს წარმოადგენს, რომ სურს აინაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზარალი, რაც მისმა საქმისადმი გულგრილმა, დაუდევარმა დამოკიდებულებამ მიაყენა“.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების ფარგლებს და დასახელებულ ეტაპზე იმსჯელა ისეთ გარემოებებზე, რაც სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვისას უნდა შეფასებულიყო.

სამართლებრივად გაუმართლებელია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე იმის გარკვევა, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია აპელანტს სააპელაციო საჩივარში ასახული მოთხოვნის მიმართ და ასეთი ინტერესის არარსებობა ვერანაირად ვერ გახდება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც 368-ე და არც სხვა რომელიმე მუხლი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ამგვარ პირობას არ იცნობს. კონკრეტული მოთხოვნისადმი აპელანტის იურიდიული ინტერესის არარსებობა შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სააპელაციო საჩივრის მხოლოდ არსებითად განხილვის დროს, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით.

აქვე საგულისხმოა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობის ამ კონკრეტული ინსტანციისათვის დადგენილი სამართლებრივი ნორმებით და მხოლოდ ისეთ დროს იყენებს საქმის განხილვის ქვემდგომი სასამართლოსათვის დადგენილ წესებს, როდესაც სააპელაციო ინსტანციისათვის განკუთვნილ თავში განსახილველი საკითხის მარეგულირებელი ნორმა მოცემული არ არის და ეს წესები სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ სპეციალურ დანაწესებთან შესაბამისობაშია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს აღიარებითი სარჩელის აღძვრისას იურიდიული ინტერესის მითითებას, მაგრამ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, უნდა შემოწმდეს ამ ინსტანციისათვის სპეციალური ნორმების საფუძველზე, სადაც ასეთი ინტერესზე მიუთითებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას არ იწვევს.

გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად არ უნდა იქნეს ცნობილი არც იმ მოტივით, რომ აპელანტის მოთხოვნა სადავო 15 კვ.მ-ის მხარეთა საერთო ფართიდან გამოყოფის ნაწილში ალტერნატიული ხასიათისაა, მანამდე წარდგენილი არ ყოფილა და ამით მხარემ თავისი მოთხოვნა გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ გ. ფ-ე სარჩელით ითხოვდა 15 კვ.მ-ს გამოყოფას ამხანაგობა „ნ-ის“ კუთვნილი საერთო ფართიდან. ამდენად, მოთხოვნაში მითითებული სარდაფის მდებარეობის შეცვლა (კიბის ქვეშ იქნება ის განთავსებული თუ საერთო ფართის სხვა ნაწილში) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნის გაზრდად არ უნდა შეფასდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მოცემულ ეტაპზე ვერ იმსჯელებს გ. ფ-ის შუამდგომლობაზე მისი ბინის მისამართთან დაკავშირებულ საკითხზე, ვინაიდან მითითებული საკასაციო პალატის კომპეტენციას სცდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.