Facebook Twitter

№ას-877-823-2012 16 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ი-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ყ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შვილად აყვანის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ი-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ყ-ის მიმართ შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფებოდა ფ. გ-სთან, რომელთანაც შვილი არ ჰყოლია. აღნიშნულის გამო 1990 წლის 14 ნოემბერს იშვილეს 1987 წლის 18 აგვისტოს დაბადებული ნ. ყ-ე, რომელიც, ბიოლოგიური მშობლების თხოვნით მათთან იზრდებოდა. შვილების ფაქტი აღმოჩნდა ფიქციური, მხარეთა შორის ოჯახური ურთიერთობა არ შემდგარა.

ნ. ყ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2000 წელს გარდაიცვალა მშვილებელი ფ. გ-ე, რომელთანაც, როგორც მოპასუხეს, ასევე მის ბიოლოგიურ მშობლებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, გარდაცვალებამდე ფ.გ-ს მზრუნველობას უწევდა მოპასუხის ბიოლოგიური მშობელი. მოპასუხე რ.ი-ს უწევს შესაბამის მეთვალყურეობას, თუმცა, უმუშევრობის გამო, მატერიალურად ვერ ეხმარება, რაც არ არის შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძველი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად, მხარეებს ეცნობათ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე ტელეფონის მეშვეობით. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომელთაც შეტყობინება სხდომის შესახებ ტელეფონის მეშვეობით კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, რ. ი-ს 07.05.12 წელს 10.25. სთ-ზე ტელეფონზე ..., ხოლო ნ. ყ-ს - 07.05.12 წელს 10.27. სთ-ზე ტელეფონზე ..., ხოლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე მხარეებს სასამართლოსთვის არაფერი უცნობებიათ, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ რ. ი-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ი-მ შემდეგი დასაბუთებით: სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ავად, შეაწუხა შაქრიანმა დიაბეტმა. სასამართლოს უნდა გამოერკვია სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის შეუძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით რ.ირემაძის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განუხილველი დარჩა. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმას, რომ სასამართლო სხდომამდე 2 დღით ადრე შეაწუხა შაქრიანმა დიაბეტმა, რის გამოც, ვერ შესძლო პროცესზე გამოცხადება.

აქედან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომის დღისა და საათის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით.

რ.ი-ს სააპელაციო სასამართლოსათვის მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია და ამასთან, არც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. კერძო საჩივარი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას პროცესზე მხარის საპატიო გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა ვერ დაადასტურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.