Facebook Twitter

№ას-880-826-2012 23 ივლისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. შ-ე, ნ. ღ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ტ-ის სარჩელი მოპასუხეების – თ. შ-ისა და ნ. ღ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 211-224).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ტ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 235-244).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინებით ნ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა ნ. ტ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონისმიერი საფუძველი, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტ ნ. ტ-ს სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე 2011 წლის 16 დეკემბერს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების საშუალებით, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი. მასვე განემარტა სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობა და გამოუცხადებლობის თანმდევი შედეგები. აღნიშნული აქტი ერთვოდა საქმეს. ამდენად, უწყება ჩაბარებულად ითვლებოდა 2011 წლის 16 დეკემბერს, რაც გულისხმობდა იმას, რომ გამოუცხადებელ მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 7 თებერვალს 10.19 საათისათვის (სასამართლო სხდომის დაწყების დრო) შესული კორესპონდენცია და დარწმუნდა, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა აპელანტისათვის სასამართლოში დროულად გამოცხადებაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებულ ფაქტობრივ სინამდვილეში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 25-28).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ტ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის თანახმად, აპელანტი ნ. ტ-ე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში კანონით დადგენილი წესით. გარდა ამისა, 2012 წლის 7 თებერვალს იგი იყო ავად, რაც გახდა სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის და, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2011 წლის 16 დეკემბრის აქტზე ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 7), რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტ ნ. ტ-ს ეცნობა 2012 წლის 07 თებერვლის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე, მასვე, განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ითვლება სასამართლო სხდომის შესახებ მხარის ინფორმირებად. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი კერძო საჩივრის ავტორს ეკისრებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვინაიდან ამ ნორმის მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს ასევე იმ საფუძვლით, რომ იგი სხდომის დღეს იყო ავად, ამიტომ ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში – შპს „ნ. მ-ის“ 2012 წლის 14 თებერვლის №107 ცნობაში (ტომი 2, ს.ფ. 53) სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის. გარდა ამისა, ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, ამასთან, ცნობით არ ირკვევა, იყო თუ არა აპელანტი ავად 2012 წლის 07 თებერვალს. ამდენად, მითითებული სამედიცინო ცნობით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობა და, შესაბამისად, არ არსებობს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ ნ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.