Facebook Twitter

საქმე №ას-886-832-2012 9 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, მ. ქ-ის სარჩელის გამო, კ. გ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 3825 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულებაში. როგორც დაწესებულების დირექტორის მომართვითა და მასზე დართული კ.გ-ის ხელწერილით დგინდება, მან კორესპოდენცია უშუალოდ ჩაიბარა 2012 წლის 22 ივნისს (ტ.II, ს.ფ.118)

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 23 ივნისს და დასრულდა ამავე წლის 29 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.