Facebook Twitter

საქმე №ას-891-837-2012 3 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ლ. მ-ის სარჩელის გამო, ნ. ს-ის მიმართ ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და ბინის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით, ლ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

2012 წლის 28 ივნისს, დადგენილ ვადაში, სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა ამონაწერი სოციალუარად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, კანონმდებელმა დაადგინა, რომ სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე (მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტი).

დასახელებული საკანონმდებლო ცვლილება არ წარმოადგენს სიახლეს და პრაქტიკულად იმავე სამართლებრივ დატვირთვას ატარებს, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის დებულება, რადგანაც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).

ლ. მ-ის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით კი, კასატორის ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 69180 (ტ.I, ს.ფ.165), რომელიც მეტია ზღვრულ ოდენობაზე და არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მხარე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მხარე უტყუარად დაადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველიც, გამომდინარე იქიდან რომ საქმეში არაა წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, ლ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.