Nას-892-838-2012 3 ივლისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ. რ-ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ბ. რ-მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ი. მ-ისა და ზ. ხ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა იმა მჟავანაძესთან 2008 წლის 19 ნოემბერს დადებული გენერალური და N82658 საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარება, ი. მ-ისთვის 29 207,61 აშშ დოლარის დაკისრება, ზ. ხ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ბ. რ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „ბ. რ-სა“ და ი. მ-ს შორის 2008 წლის 19 ნოემბერს დადებული გენერალური და N82658 საკრედიტო ხელშეკრულებები, ი. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 29 207,61 აშშ დოლარი გადახდა დაეკისრა, დავალიანების დასაფარავად, დადგინა ზ. ხ-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ფ-ის ქუჩის N39-ში მდებარე N12 ბინიდან მისი წილის - 30 კვ. მ ფართის, იმავე მისამართზე მდებარე 18 კვ. მ სარდაფისა და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის საოქმო განჩინებით ზ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება ზ. ხ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 1168,30 აშშ დოლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალა.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით, აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
2012 წლის 17 აპრილს ზ. ხ-მ სასამართლოს განცხადებით მიმართა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 150 ლარამდე შემცირება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაუგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის განჩინებით ზ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ზ. ხ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სესხის თანხიდან არ უნდა განესაზღვრა, რადგანაც ზ. ხ-მ სააპელაციო წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა, შესაბამისად, დავის საგანი არ იყო ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არასწორად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სესხის თანხიდან არ უნდა გამოეთვალა, რადგანაც მის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო გასაჩივრებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს ორი სახის სახელმწიფო ბაჟი: მარტივი და პროპორციული. მარტივი ბაჟი გადაიხდება კანონმდებლობით მყარად დადგენილი ოდენობით (მაგ, არაქონებრივ დავებზე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, კერძო საჩივარზე და ა. შ.) პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე, ამ შემთხვევაში კანონმდებლობით მხოლოდ პროპორცია, პროცენტული მაჩვენებელია განსაზღვრული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი შემთხვევები, როდესაც სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის სახით მხარეს ფიქსირებული თანხა უნდა დააკისროს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა ამ ჩამონათვალში მოცემული არ არის, შესაბამისად, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საერთო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დავის საგნის ღირებულებიდან უნდა გამოითვალოს.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ღირებულება გადასახდელი თანხით უნდა განისაზღვროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის დავის საგნის ღირებულების 4%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრის წესს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს, ანუ თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად საჩივრდება, სააპელაციო საჩივრის ღირებულება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნით უნდა განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ იგი პროცესუალურია და არა მატერიალური, თავისი არსით, საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან კონკრეტული შედეგის - სარჩელის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითვალისწინებს, შესაბამისად, როდესაც მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს, მისი მოთხოვნა სწორედ აღნიშნული შედეგის გაუქმებისკენაა მიმართული, რაც სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრასა და შესაბამისი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდას უნდა დაედოს საფუძვლად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დაკისრებული თანხის 4%-ით სრულიად მართებულად განსაზღვრა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ გაათავისუფლა, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძვლები (იხ. სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი) არ არსებობდა, 2012 წლის 17 აპრილის განცხადებით კი, ზურაბ ხურციძემ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 150 ლარამდე შემცირება მოითხოვა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე მსჯელობის საფუძველი არ გააჩნდა.
რაც შეეხება ბაჟის ოდენობის შემცირებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადავადების ან ოდენობის შემცირების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.
განსახილველ შემთხვევაში, ზურაბ ხურციძეს სააპელაციო სასამართლოსათვის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ, იმავდროულად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაგრძელდა, შესაბამისად, მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გზით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა დაემტკიცებინა, რაც მას არ განუხორციელებია და არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი შეუვსია.
კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა და სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გადაუხდია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან რ. ხ-ს ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია, სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 39-ე, 41-ე, 365-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.