Facebook Twitter

ბს-51-33-კ-05 4 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიისსაქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: მოპასუხეზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობა; მოსარჩელეზე საბინაო ორდერის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 7 მარტს ზ. ქ-მა სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვაკის რაიონის გამგეობის და მესამე პირის, თ. ნ-ის, მიმართ და მოითხოვა თ. ნ-ეზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1989წ. 26 აპრილის ¹876 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრად ერთოთახიანი ბინის მშენებლობაზე და მოიხსნა კომუნალური ბინათმშენებლობის აღრიცხვიდან. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული კოოპერატივის წევრი იყო სარჩელის შეტანის დღემდე. მას ბინის ღირებულება მთლიანად დაფარული ჰქონდა. წინასწარი განაწილებისას წილად ხვდა ბინა ¹44. სახლის მშენებლობა გაჭიანურდა და იგი მხოლოდ 1999წ. დეკემბერში შევიდა ექსპლუატაციაში. მოსარჩელემ ბინის ორდერის მისაღებად მიმართა ვაკის რაიონის გამგეობას, მაგრამ უარი უთხრეს.

ითხოვდა ვაკე-საბურთალოს გამგეობისათვის ერთოთახიან ბინაზე ორდერის გამოწერის დავალებას და მესამე პირ თ. ნ-ეზე ვაკის რაიონის მიერ გაცემული ორდერის გაუქმებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი.

¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი დაეთანხმა სარჩელს, ხოლო მესამე პირი თ. ნ-ე სარჩელს არ დაეთანხმა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15360 საბჭოთა მანეთის ეკვივალენტის _ 7801 ლარის, გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი წარმოადგენდა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, ..... ¹44 ბინაზე თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 1994წ. 29 მარტს თ. ნ-ეზე გაცემული ¹012479 ორდერი. ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა თბილისში, ...... ¹44 ბინაზე ზ. ქ-ისათვის ორდერის გაცემა კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრებას არასოდეს უმსჯელია ზ. ქ-ის კოოპერატივიდან გაყვანისა და თ. ნ-ის კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ. ¹....... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარე 1999წ. 8 დეკემბერს გაცემულ ცნობაში აღნიშნავდა, რომ ცნობის გაცემის პერიოდისათვის ზ. ქ-ი აღნიშნული კოოპერატივის წევრი იყო. კოოპერატივის ანგარიშზე თ. ნ-ის მიერ რაიმე თანხის გადახდის ქვითარი არ შესულა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო ვაკის რაიონის გამგეობის 1994წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ნ-ე გაწევრიანდა ......-ში მშენებარე ერთოთახიანი ბინის მშენებლობაზე ¹....... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში, მაგრამ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომლითაც ზ. ქ-ი გაყვანილ იქნა აღნიშნული კოოპერატივის შემადგენლობიდან.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985წ. 30 აგვისტოს ¹573 დადგენილებით დამტკიცებული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების 43-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად კი კოოპერატივის წევრად მიღებისა და კოოპერატივის წევრობიდან გარიცხვის საკითხს წყვეტს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უმაღლესი ორგანო _ კოოპერატივის წევრთა საერთო კრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თეიმურაზ ნ-ის სააპელაციო საჩივარი, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, მტკიცებას არ საჭიროებდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, თუ საქმის განხილვაში იგივე მხარეები მონაწილეობდნენ. კანონიერ ძალაში შესული თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1998წ. 5 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ქ-ის სარჩელი და ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ბინათმშენებლობის ანგარიშზე შეტანილი ბინის ღირებულება 7801 ლარი. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო თვით ზ. ქ-ის მოთხოვნა. კოოპერატივის მიერ ნაკისრი ვალდებულების _ მისი ბინით დაკმაყოფილების შეუსრულებლობის გამო, კოოპერატივის წევრობიდან გასვლა. აღნიშნული სარჩელით ზ. ქ-მა ფაქტობრივად მოითხოვა ხელშეკრულების დადებამდე არსებული ურთიერთობის აღდგენა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიელბა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ქ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არასრულად არის დასაბუთებული. სარჩელის მოთხოვნა მოიცავდა ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 1994წ. 29 მარტს გაცემული ორდერის გაუქმებას, რომელიც ამავე რაიონის გამგეობის 1994წ. 27 ივლისის ¹8.11.158 გადაწყვეტილების საფუძველზეა გაცემული, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივი საფუძვლით წარმოებული, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ჯერ მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ გასცემს სათანადო აქტს _ ორდერს საცხოვრებელ ფართზე. აქ კი პირიქით იყო. კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ძირითადად დამყარებულია სსკ-ის 105-ე მუხლზე, რაც მისი აზრით, არასწორია, რადგან იგი გავლენას ვერ მოახდენს გაყალბებულ ადმინისტრაციულ აქტზე. 05.05.1998წ. გადაწყვეტილება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის მოთხოვნაზე, რადგან იგი აღსრულებული არ არის და ამიტომ ვერ ჩაითვლება ხელშეკრულებიდან გასულად. მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ არ შეისწავლა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზედაპირულად მიიღო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. თბილისის ყოფილი ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1989წ. 26.04. ¹12.44.574 გადაწყვეტილებით ზ. ქ-ი დამტკიცდა ¹....... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრად ერთოთახიან ბინაზე. ბინის ღირებულება გადაიხადა სრულად. კოოპერატიული ბინის მშენებლობა და საცხოვრებელი კორპუსის ექსპლოატაციაში შესვლა გაჭიანურდა. ექსპლოატაციაში მიღებულ იქნა ქ. თბილისის პრემიერის 30.11.99წ. ¹983 განკარგულებით. ვაკის რაიონის სასამართლოს 05.05.1998წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ქ-ის სარჩელი და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ .....-ს დაეკისრა მის სასარგებლოდ 7801 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ვაკის რაიონის გამგეობის 27.07.94წ. ¹8.11.158 გადაწყვეტილებით თ. ნ-ე გაწევრიანდა ¹........ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრად და 23.03.94წ. მასზე გაიცა ბინის ორდერი. ასევე დადგენილია, რომ ზ. ქ-მა 1995 წლიდან იცოდა თ. ნ-ეზე ორდერის გაცემის თაობაზე.

ზ. ქ-ი საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორად გამოყენება-განმარტების, ასევე, საპროცესო ნორმების დარღვევების თაობაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს სასამართლო შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ. ქ-ის მიერ 1997 წელს აღძრული სასარჩელო განცხადებით დადასტურებულია, რომ მისთვის ცნობილი იყო თ. ნ-ის სახელზე ბინის ორდერის გაცემის თაობაზე, მაგრამ მას სარჩელი არ აღუძრავს ორდერის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ერთოთახიანი ბინის მშენებლობისათვის გადახდილი ღირებულების დაბრუნება. აღნიშნული სარჩელის აღძვრის დროისათვის კასატორს უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა კოოპერატივიდან მისი გამოყვანის გადაწყვეტილება და სადავოდ გაეხადა თ. ნ-ეზე გაცემული ორდერის კანონიერება, მაგრამ მან გააკეთა თავისი არჩევანი და ბინის ღირებულების დაბრუნება მოითხოვა. სასამართლოს 05.05.1998წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ქ-ის მოთხოვნა და დაეკისრა კოოპერატივს მის სასარგებლოდ 7801 ლარის გადახდა. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი გამოყვანილი იყო საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრობიდან და მის სანაცვლოდ კოოპერატივის წევრად შეყვანილი იყო თ. ნ-ე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა ზ. ქ-სა და საბინაო-საშენებლო კოოპერატივს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა, რამდენადაც იმ დროს მოქმედი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების თანახმად, კოოპერატივის წევრს ბინათმშენებლობაში გადახდილი ბინის ღირებულება უბრუნდებოდა კოოპერატივის წევრობიდან გასვლის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მტკიცებას არ საჭიროებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ვინაიდან 05.05.1998წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ზ. ქ-ი გაყვანილია კოოპერატივის წევრობიდან, ამიტომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი დღესაც კოოპერატივის წევრია და მასზე უნდა გაიცეს ბინის ორდერი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია კასატორსა და კოოპერატივს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა, ამიტომ მოთხოვნა ბინის ორდერის მასზე გაცემის შესახებ საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა გამორიცხავს იმ ვალდებულების შესრულებას, რომლის შესრულება ევალებოდა მხარეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისას, მით უფრო, რომ კასატორს სადავოდ არ გაუხდია ვაკის რაიონის გამგეობის 1994წ. ¹8.11.158 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი აღძრულია არასამართლებრივი საფუძვლით, რამდენადაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბინის ორდერის ბათილად ცნობას და მის სამართლებრივ შედეგებს. კასატორიც ვერ ასახელებს კანონის იმ ნორმას, რომლის საფუძველზეც ითხოვს თ. ნ-ეზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობას. ასეთს ითვალისწინებდა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, კერძოდ, 58-ე მუხლი, რომლის თანახმად, ორდერის ბათილად ცნობის მოთხოვნა შეიძლება გაცხადებული ყოფილიყო ორდერის გაცემის დღიდან სამი წლის განმავლობაში. საბინაო კოდექსი ძალადაკარგულად ჩაითვალა 1997წ. 25 ნოემბრიდან სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ამავე კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რაც, საკასაციო პალატის აზრით, ზ. ქ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს.

სსკ-ის 47-ე მუხლით მინიჭებული უფლემოსილებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ქ-ი უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებისაგან, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.