საქმე №ას-898-844-2012 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. თ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ სახელფასო დავალიანების – 9026.24 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების მონაცემების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოება, რომ მოსარჩელე გ. თ-ა 2001 წლიდან მუშაობდა სსიპ დაცვის პოლიციის დაპარტამენტის პირადი დაცვის განყოფილებაში. 2008-2009 წლების განმავლობაში გ. თ-ა მუშაობდა შპს „ლ. ი-ის“ დირექტორის, ბ. გ-ის, ხოლო 2009-2010 წლებში შპს „სმ კ-ის“ დირექტორ ნ. ჯ-ს პირად მცველად.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო–სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის მონაცემებით უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს გ. თ-ს მიმართ 2008 წლის ივლისიდან 2010 წლის თებერვლის ჩათვლით აქვს სახელფასო დავალიანება 9026.24 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ გ. თ-ა წარმოადგენდა რა ბ. გ-ისა და ნ. ჯ-ს მეგობარს, მას პირადად ამ პირებისაგან აქვს მიღებული სადავო პერიოდის განმავლობაში მისაღები გასამრჯელო, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციას არ გააჩნია სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნული პრეტენზია სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე, 34-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა და დამსაქმებელ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დასაქმებულ გ. თ-ს მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 9026.24 ლარის ოდენობით, მის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს მხოლოდ დამსაქმებელი – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხემ ვერც მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება ვერ უზრუნველყო იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სადავო პერიოდის გასამრჯელო გ. თ-ს მიღებული აქვს იმ პირებისაგან, ვის დაცვასაც ის აწარმოებდა. პალატამ მიუთითა, რომ ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი არ წარმოიშობოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც გ. თ-ა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა თავად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან და არა იმ პირებთან, ვისაც უწევდა პირადი დაცვის მომსახურებას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ამგვარი მტკიცება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დამსაქმებელს გ. თ-ს მიმართ გააჩნია 9026.24 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გოჩა თოფურიას მიმართ ამ დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად სწორად მიიჩნია დამსაქმებელი, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები არ ასაბუთებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობას, რამდენადაც საქმისათვის მნიშვნელოვანი და დავის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებები – მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის, სახელფასო დავალიანების არსებობა უდავოდაა დადგენილი. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით, პალატის მოსაზრებით, ვინაიდან მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან და შეეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, იგი ექცევა კერძო სამართლის – შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგების ფარგლებში და ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას, რასთან დაკავშირებითაც სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და საოქმო განჩინებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის ხელახლა განსახილველად:
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გოჩა თოფურია მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოში პოლიციის სპეციალური წოდებით და სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო სპეციალური ნორმატიული აქტებით როგორიცაა „პოლიციის შესახებ“ კანონის, შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესი და სხვა.
არც ერთი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა მხარის მოსაზრება, რომ მოცემული დავა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 21 ივნისს გადახდილი 451,32 ლარის 70% – 315,92 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (საიდენტიფიკაციო კოდი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 21 ივნისს №7163 საგადასახადო დავალებით გადახდილი 451,32 ლარის 70% – 315,92 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.