Facebook Twitter

№ას-900-846-2012 2 ივლისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ლ. ბ-ის“ სარჩელი მოპასუხეების – ა. ა-ის, ი. ა-ისა და ზ. ც-ის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის ძირი თანხა, 20000 ლარი, მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1873.97 ლარისა და პირგასამტეხლოს – 206 ლარის ანაზღაურება; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ზ. ც-ის და ი. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები (ს.ფ. 82-87).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-მ (ს.ფ. 102-110).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით ზ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინების ასლი, რომლითაც ზ. ც-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 დღით, აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა მომდევნო დღეს. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დადასტურდა, რომ დასახელებული განჩინების ასლი 2012 წლის 17 მაისს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აპელანტისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის ადრესატისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან – 2012 წლის 18 მაისიდან და ამოიწურა 2012 წლის 24 მაისს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე. სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალებით გამოარკვია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ასაბუთებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძვლის არსებობას, შესაბამისად, ზ. ც-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ს.ფ. 124-127).

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინებაზე ზ. ც-მ შეიტანა კერძო საჩივარი.

კერძო საჩივრის თანახმად, 2012 წლის 4 მაისს ზ. ც-მ სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარადგინა შუამდგომლობა, სადაც განმარტა, რომ მას ჰქონდა რთული ეკონომიური მდგომარეობა, არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ამის გამო მოითხოვა ბაჟისაგან განთავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ მითითებული შუამდგომლობა დაუსაბუთებლად არ გაიზიარა და ჩათვალა, რომ ვინაიდან აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება (ს.ფ. 132).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით ზ. ც-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში: ა. მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად რას მოითხოვდა იგი; ბ. სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა 883.19 ლარი და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება წარედგინა სასამართლოში.

დანიშნულ ვადაში ზ. ც-ის წარმომადგენელმა ნ.ა-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ამავდროულად, განმცხადებელმა განმარტა, რომ აპელანტი იმყოფებოდა რთულ ეკონომიურ მდგომარეობაში და მოითხოვა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინებით ზ. ც-ს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 883.19 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და იგი არ დააკმაყოფილა, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და იგი უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლების საფუძველი. შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვს იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მხარეს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.