საქმე №ას-908-853-2012 2 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ. კ-ა, ვ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები - რ. მ-ე, მ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ვ. მ-ისა და ნ. კ-ს, ასევე მესამე პირების: რ. მ-ისა და მ. ჯ-ის მიმართ ქ.თბილისში, პ.გ-ის ქ№8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¼ ნაწილის - მოსარჩელის კუთვნილი 17,16 კვ.მ №4/1, 3/1, 7/1, 8/1 შენობა-ნაგებობების, 17,03 კვ.მ №1/1 შენობა-ნაგებობის, 13,12 კვ.მ სარდაფისა და 20,16 კვ.მ მიშენების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათ მფლობელობაში საჯარო რეესტრში აღურიცხავი 20,16 კვ.მ მიშენებაა და ნაგებობის ამ ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ ვრცელდება.
სარჩელი არ ცნეს ასევე მესამე პირებმა და მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ სახლი თანამესაკუთრეებს შორის ფაქტობრივად გამიჯნულია და სარჩელში მითითებული ფართი მათ მფლობელობაში არ შედის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა ნ. კ-სა და ვ. მ-ის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, პ.გ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1/4 ნაწილი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-მ და ნ. კ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ნ. კ-სა და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, 229-ე მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ ნ. კ-სა და ვ. მ-ს სხდომის თაობაზე ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტებს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით სასამართლოში არ წარუდგენიათ შეტყობინება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ. კ-მ და ვ. მ-მ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელალხლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
აპელანტების სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რადგანაც მცირეწლოვან შვილთან ერთად აპელანტები სასამართლოში გამოცხადდნენ 25-30 წუთის დაგვიანებით, აღნიშნული განაპირობა ქალაქში ტრანსპორტის გადატვირთულმა მოძრაობამ, სასამართლოში გამოცხადების დროს კი მხარეთათვის ცნობილი გახდა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, რადგანაც მხარეთა გამოუცხადებლობა მათი ბრალით არ იყო გამოწვეული, ხოლო ტრანპორტის შეფერხებით გადაადგილების თაობაზე მათთვისაც წინასწარ იყო უცნობი, ვერც სასამართლოს გააფრთხილებდნენ, კერძო საჩივრის ავტორებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-სა და ვ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ, რომ 2012 წლის 2 მაისს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე საქმეში არსებულ ხელწერილზე ხელის მოწერით გაფრთხილებული იყვნენ აპელანტები და მათთვის ცნობილი იყო ასევე გამოუცხადებლობის სავარაუდო შედეგების თაობაზე. სადავო არაა ის გარემოება, რომ დანიშნულ დროს - 2012 წლის 2 მაისს, 12:00 საათზე აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, საქმის მასალებით არ დასტურდება და ამას კერძო საჩივრის ავტორებიც მიუთითებენ, რომ დანიშნულ დროს მათი გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის წინასწარ არ იყო ცნობილი. სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის სხდომის ოქმის შესწავლით დასტურდება ასევე, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლზე, რომლითაც საქმის განხილვის გადადებისა და მისი გაგრძელების წესია რეგულირებული. დასახელებული ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია ქცევის შემდეგი წესი: სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტები ხელწერილზე ხელის მოწერით გაფრთხილებული იყვნენ სასამართლოს ახალი სხდომის თაობაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის დროის, ადგილისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მათ მიმართ გამოსაყენებლი შესაძლო ღონისძიებების თაობაზე.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, არსებობდა ნ. კ-სა და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველი, ვინაიდან საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლო ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, ემსჯელა იმ გარემოებათა საპატიოობის თაობაზე, რასაც მხარე კერძო საჩივარში მიუთითებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებებს, რომ აპელანტების გამოუცხადებლობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო განპირობებული, რადგანაც ქალაქში გადატვირთულია მოძრაობა და 30 წუთის განმავლობაში გადაადგილება პარალიზებული იყო. აღნიშნული არგუმენტის ანალიზით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ის არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს, რადგანაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადების სავალდებულობიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია დაიცვას წინდახედულობის ყველა ნორმა, რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიმართ არასასურველი შედეგის დადგომა, აპელანტებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ სასამართლოში გამოცხადებულიყვნენ უფრო ადრე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ისეთი არაობიექტური გარემოებანი, როგორიცაა თუნდაც გადატვირთული საგზაო მოძრაობა. პალატის აღნიშნული მოსაზრება ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი და სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა ნ. კ-სა და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-სა და ვ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.