№ას-912-857-2012 16 ივლისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – თ. დ-ი, ნ. თ-ი, ჟ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. გ-ის სარჩელი მოპასუხეების - თ. დ-ის, ნ. თ-ისა და ჟ. ხ-ის მიმართ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 165-170).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მ (ტომი 1, ს.ფ. 177-185).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით აპელანტ ე. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი.
2012 წლის 20 აპრილს დასახელებული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტს. 2012 წლის 20 აპრილს ე. გ-მ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის გამოხმობა. მოგვიანებით, მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
2012 წლის 8 მაისს მოწინააღმდეგე მხარეებმა: თ. დ-მა, ნ. თ-მა და ჟ. ხ-მა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადეს სარჩელის გამოხმობის შესახებ ე. გ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებული ფაქტობრივი ვითარება განაპირობებდა ე. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, რამდენადაც მისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 21 აპრილს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2012 წლის 25 აპრილს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2012 წლის 25 აპრილის ჩათვლით, რაც არ განუხორციელებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რა დროსაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით (ტომი 2, ს.ფ. 37-39).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის გამოხმობის თაობაზე, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეებმა უარი განაცხადეს ხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგოა, საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს და აპელანტს უნდა მიეცეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის უფლება (ტომი 2, ს.ფ. 42).
2012 წლის 10 ივლისს ე. გ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი კერძო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში კი, საკასაციო სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ე. გ-მ ანალოგიური შინაარსის განცხადებით მანამდე მიმართა სააპელაციო სასამართლოს (ტომი 2, ს.ფ. 34, 35), თუმცა მოწინააღმდეგე მხარეებმა – ნ. თ-მა, ჟ. ხ-მა და თ. დ-მა შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს, მათ სარჩელის გამოხმობის შესახებ აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადეს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მათი წერილობითი განცახდება (ტომი 2, ს.ფ. 35). ამდენად, ვინაიდან მოპასუხეები არ ეთანხმებიან სარჩელის გამოხმობას, ამიტომ ე. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდება ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით ე. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი (ტომი 2, ს.ფ. 28-29). დასახელებული განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2012 წლის 20 აპრილს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს - შვილს (ტომი 2, ს.ფ. 33). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული მიიჩნევა განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული 5-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2012 წლის 21 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 25 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დროის ამ მონაკვეთში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ ე. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ე. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.