Facebook Twitter

საქმე №ას-914-859-2012 24 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე

კასატორი - თ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ჭ-ი, ვ. ჭ-ი, ვა. ჭ-ი, პ. ჭ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ., ვ., ვა. და პ. ჭ-ების მიმართ მოპასუხეებისათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნით, ხოლო ვ. ჭ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა თ. ს-ის მიმართ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ვ. ჭ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით თ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

2012 წლის 17 ივლისს თ. ს-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი და იშუამდგომლა მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

ერთის მხრივ კასატორი თ. ს-ი (მოსარჩელე და შეგებებული სარჩელის მოპასუხე) და მეორეს მხრივ მოწინააღმდეგე მხარეები დ. ჭ-ი, ვა. ჭ-ი, პ. ჭ-ი და ვ. ჭ-ი (მოპასუხეები და შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეები) შევთანხმდით დავის მორიგებით დასრულების თაობაზე შემდეგი პირობებით:

1. მოწინააღმდეგე მხარეთაგან დ. ჭ-ი ამ მორიგების აქტის ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში თ. ს-ს გადაუხდის 2500 (ორიათასხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს;

2. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული თანხის მიღებისთანავე (უახლოეს სამუშაო დღეებში) თ. ს-ი ქ.თბილისი, ზ-ის/ლ-ის ქ. №8/8-ში მდებარე უძრავ ქონებაში (საკადასტრო კოდი ...) მისი თანასაკუთრების წილიდან დ. ჭ-ს საკუთრებაში გადასცემს მოწინააღმდეგე მხარეების მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომს, კერძოდ: 31,89 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს და 8 კვ.მ. ფართის ცალკე მდგომ დამხმარე სათავსოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ს-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს მორიგება ერთი მხრივ თ. ს-სა და მეორეს მხრივ, დ. ჭ-ს, ვ. ჭ-ს, ვა. ჭ-სა და პ. ჭ-ს შორის შემდეგი პირობებით:

1. მოწინააღმდეგე მხარეთაგან დ. ჭ-ი ამ მორიგების აქტის ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში თ. ს-ს გადაუხდის 2500 (ორიათასხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს;

2. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული თანხის მიღებისთანავე (უახლოეს სამუშაო დღეებში) თ. ს-ი ქ.თბილისი, ზ-ის/ლ-ის ქ. №8/8-ში მდებარე უძრავ ქონებაში (საკადასტრო კოდი ...) მისი თანასაკუთრების წილიდან დ. ჭ-ს საკუთრებაში გადასცემს მოწინააღმდეგე მხარეების მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომს, კერძოდ: 31,89 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს და 8 კვ.მ. ფართის ცალკე მდგომ დამხმარე სათავსოს.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება თ. ს-ის (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელისა გამო დ., ვ., ვა. და პ. ჭ-ების (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები) მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე.

კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.