Facebook Twitter

N ას-920-865-2012 13 ივლისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. დ-ე, საქართველოს მთავარი პროკურატურა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-მ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. დ-ის, აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ საქართველოს მთავარი პროკურატურა ჩაერთო.

იმავე სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ბ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით ი. ბ-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სადავო უძრავი ქონების - ბათუმში, ლ-ის ქუჩის N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. მ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის 1/2 წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

განჩინების საპასუხოდ ი. ბ-ის წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაგრძელდა.

იმავე სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ი. ბ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულებიდან არ უნდა განესაზღვრა. აპელანტმა სახელმწიფო ბაჯის სახით 160 ლარი გადაიხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისას, სასამართლომ ბაჟის ოდენობა 160 ლარით განსაზღვრა, შესაბამისად, ამჯერადაც ხარვეზი გამოსწორებულად უნდა ჩაეთვალა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას, სასამართლოს გადახდილი ბაჟის დაბრუნების თაობაზე უნდა ემსჯელა, რაც არ განუხორციელებია. საქმის განხილვისას ი. ბ-მ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 160 ლარით უნდა განესაზღვრა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარეალიზაციოდ მისაქცევი, ყადაღადადებული ნივთის (ნივთების) ყადაღისაგან გათავისუფლების იურიდიული ინტერესი ამ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება და ყადაღისაგან გათავისუფლების გზით ამ ნივთების მოსარჩელისათვის გადაცემაა სადავო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავა ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის საფუძველზე უნდა იქნას გამოთვლილი დავის საგნის ღირებულებაც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს სადავო ქონების ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის სახით აღნიშნული ღირებულების 4%-ის გადახდა სრულიად მართებულად დაავალა.

განჩინების საპასუხოდ, მხარემ სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა ისე, რომ უძრავი ქონების ღირებულება არ განუსაზღვრავს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზი აღმოფხვრილად მხოლოდ ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რაც განსახილველ შემთხვევაში აპელანტს არ შეუსრულებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზი შევსებულად მართებულად არ მიიჩნია და საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება მიიღო.

ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელები თაობაზე სასამართლოს განჩინება ი. ბ-ის წარმომადგენელ ვ. ხ-ს 2012 წლის 2 მაისს ჩაბარდა. მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტს შეეძლო მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობებით ესარგებლა და საპროცესო ვადის გაგრძელება ან, შესაბამის გარემოებებზე მითითებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, გადახდის გადავადება ანდა მისი ოდენობის შემცირება მოეთხოვა, რაც მას არ განუხორციელებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან ი.ბ-ეს ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია, სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 39-ე, 41-ე, 63-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება;

3. ი. ბ-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს 19.04.2012 წლის N5061964 სალაროს შემოსავლის ორდერით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 160 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.