Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-921-866-2012 19 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღა მოეხსნა კ. ბ-ის სახელზე რიცხულ ქ.ქუთაისში, გ-ის ქ. №72-ში მდებარე ¼ ნაწილს (საკადასტრო კოდი ...) შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ქ.ქუთაისში, გ-ის ქ. №72-ში კ. ბ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, გ-ის ქ. №72-ში მდებარე საცხვრებელი სახლი რეგისტრირებულია კ. ბ-ის საკუთრებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ბ-ს დაეკისრა ლ. გ-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადიო თანხის 4800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და პროცენტის სახით 2005 წლის 12 ნოემბრიდან 2007 წლის 29 აპრილამდე 3168 აშშ დოლარი, სულ 7968 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დასახელებული გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

ნ. ც-ის დედა – მ. ბ-ე გარდაიცვალა 2000 წლის 15 მარტს და სამკვიდრო გაიხსნა აღნიშნულ დღეს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ კ. ბ-მ დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღო და აღნიშნულზე გაიცა სამკვიდრო №2-111 მოწმობა.

2011 წლის 13 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ც-მა, ი. ბ-ის მიმართ და მოითხოვა დედის დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა. ი. ბ-მ ცნო სარჩელი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნოტარიუსის მიერ 2004 წლის 15 აპრილს დამოწმებულ №ლ-111 სამკვიდრო მოწმობაში, რომლითაც მ. ბ-ის საკვიდრო უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, გ-ის ქ. №72-ში საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილის მიმღებ ერთადერთ მემკვიდრედ დადგენილი იქნა კ. ბ-ე, შეტანილი იქნა ცვლილება და მისი უფლება განისაზღვრა იმავე სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილზე, ხოლო დარჩენილ ¼ წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებულ იქნა ნ. ც-ი.

ასევე უდაოდ დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელ სახლს ყადაღა დაედო მოვალე კ. ბ-ის ვალდებულების გამო, კრედიტორ ლ. გ-ის მიმართ.

კ. ბ-ის მემკვიდრდესა და ამჟამად ლ. გ-ის მოვალეს წარმოადგენს ი. ბ-ე. ნ. ც-ი არ წარმოადგენს ლ. გ-ის მოვალეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ.ქუთაისში, გ-ის ქ. №72-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¼ მესაკუთრეს წარმოადგენს ნ. ც-ი და მის საკუთრებას სამართლებლივი საფუძვლის გარეშე ადევს ყადაღა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 44-ე მუხლით და მოცემულ შემთხვევაში დაადგინა, რომ დაყადაღებული ქონება, ქონების ნაწილი არ წარმოადგენს მოვალის საკუთრებას, არამედ იგი მესამე პირის – ნ. ც-ის საკუთრებაა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქრთველოს კანონის 32-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ხოლო მესაკუთრის პრეტენზია დასაბუთებულია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ. ც-ს უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა ყადაღა უზრუნველყოფილ ნივთზე.

უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო კ. ბ-ის მთელ ქონებას, რაც დასტურდებოდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. აღნიშნული ამონაწერი დავის არც ერთ ეტაპზე სადავო არ გამხადარა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი საგნის შემცირება არის უკანონო.

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებას უპირატესობა ჰქონდა 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებასა და 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებით.

2010 წლის 10 სექტემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კ. ბ-ის უფლებამონაცვლის დადგენის შემდეგ. უფლებამონაცვლის დადგენას დასჭირდა 2 წელზე მეტი, ამ პერიოდში არც კ. ბ-ის საკუთრება და არც რაიმე გარემოება, რაც გამორიცხავდა უზრუნველყოფილი საგნის შემცირებას, არ გამოკვეთილა, შესაბამისად, 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება მიღებულია ორი ახალი ნათესავის მიერ ურთიერთშეთანხმებით და არ გამორიცხავს უზრუნველყოფის განჩინების შეცვლას ან უზრუნველყოფილი ნივთის შემცირებას.

სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორმა სრულიად კანონიერად მოითხოვა 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების ბათილობა, რადგან სადავო ქონებაზე იყო რეგისტრირებული ყადაღა, სასამართლო ვალდებული იყო, მოეწვია კასატორი როგორც მესამე პირი, რომელსაც უნდა განეცხადებინა პრეტენზია. ამ კუთხით სასამართლოს არ უმსჯელია.

მხარეს რომ 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების მიღებისას საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო, სასამართლო ვერ მიიღებდა ასეთ უკანონო გადაწყვეტილებას, რადგან ნ. ც-ს დედის – მ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ არავითარი სამკვიდრო არ მიუღია და მემკვიდრეობის მიღების კანონიერი საფუძველი, ი. ბ-ის აღიარების გარდა, არ არსებობდა. აღნიშნული გამორიცხავდა ნ. ც-ის პრეტენზიის დაკმაყოფილებას ყადაღის მოხსნაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. გ-ე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ბ-ის მიერ 2012 წლის 12 ივნისს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ლ. გ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 12 ივნისს №5230330 სალაროს შემოსავლის ორდერით ა. ბ-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.