№ას-922-867-2012 19 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.-პ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფოთის შპს ,,ფ.-პ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეზე ზიანის 13333 აშშ დოლარის დაკისრება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მ, მოითხოვა მისი გაქუმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 879.90 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა, ხოლო 2012 წლის 12 მარტის, 2012 წლის 02 აპრილისა და 2012 წლის 23 აპრილის განჩინებებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ი. გ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განჩინების შინაარსი, (რომლითაც ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 05 (ხუთი) დღით) 2012 წლის 23 აპრილს ტელეფონის საშუალებით ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს გ. მ-ს. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ი. გ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-ს წარმომადგენელმა გ. მ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, მისი მარწმუნებელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ვერ მოახრეხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მისთვის შეეტყობინებინა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების თაობაზე. მოგვიანებით 2012 წლის 10-12 მაისს შეძლო ი. გ-სთან დაკავშირება, რა დროსაც შეიტყო, რომ აპელანტი ავამდყოფობის გამო იმყოფებოდა მოსკოვის საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო სამედიცინო ცნობები და მოითხოვა ი. გ-ს მიერ ხარვეზის შესავსებად გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ი. გ-ს წარმომადგენელ გ. მ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 879.90 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა, ხოლო 2012 წლის 12 მარტის, 2012 წლის 02 აპრილისა და 2012 წლის 23 აპრილის განჩინებებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განჩინების შინაარსი, (რომლითაც ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 05 (ხუთი) დღით) 2012 წლის 23 აპრილს ტელეფონის საშუალებით ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს გ. მ-ს (იხ. ს.ფ 170).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 24 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 30 აპრილს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ი. გ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ვერ მოახრეხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მისთვის შეეტყობინებინა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების თაობაზე. მოგვიანებით 2012 წლის 10-12 მაისს შეძლო ი. გ-სთან დაკავშირება, რა დროსაც შეიტყო, რომ აპელანტი ავამდყოფობის გამო იმყოფებოდა მოსკოვის საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო სამედიცინო ცნობები და მოითხოვა ი. გ-ს მიერ ხარვეზის შესავსებად გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ი. გ-ს წარმომადგენელ გ. მ-ს მოსაზრებას, რომ სადავო ხარვეზის შევსების ვადა აპელანტმა გაუშვა საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კერძო საჩივარს დაერთო 2012 წლის 26 აპრილის ცნობა ი. გ-ს ჯანმრთელობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ გულის იშემიური დაავადებით იგი 2012 წლის 16 მაისამდე გადიოდა მკურნალობას მოსკოვის ქალაქის № 79 კლინიკურ საავადმყოფოში. ცნობა ხელმწერილია მკურნალი ექიმის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ამდენად, მართალია, ი. გ-ს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობის მიხედვით, აპელანტი სადავო საპროცესო ღონისძიების – ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემულ დროს იმყოფებოდა ავად, თუმცა მითითებული ცნობა ზემოხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან იგი ხელმოწერილია არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, არამედ, როგორც უკვე აღინიშნა, მკურნალი ექიმის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ი. გ-ს სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.