საქმე №ას-924-869-2012 2 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, ჯ. კ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – თ. ც-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს. 2001-ის“, თ. ნ-ის, გ. ს-ის, გ. ჩ-ის, გ. გ-ისა და სხვათა მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, ჯ. კ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო საკასაციო საჩივარს ჯ. კ-ის პრეტენზიის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ თ. ნ-ი, გ. ს-ი, ც. ქ-ი, გ. ჩ-ე და მ. ვ-ის წარმომადგენელი მ. ქ-ი (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.260). განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 16 მაისი, ხოლო 30-ე დღე – 26 მაისი, ამდენად მხარეებს შეეძლოთ მისულიყვნენ სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთევბული განჩინება 2012 წლის 16 მაისიდან 2012 წლის 26 მაისამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ნ-ისა და მ.ვ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-მა 2012 წლის 31 მაისს მიმართა სასამართლოს განჩინების ჩაბარების მოთხოვნით და ამავე დღეს ჩაიბარა (ტ.II, ს.ფ.69). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს რომ, იმ პირებისათვის რომელთათვისაც ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და დასაბუთებული განჩინება არ ჩაიბარა არანაკლებ 20 და არაუმეტეს 30 დღისა, ანუ 2012 წლის 16 მაისიდან 2012 წლის 26 მაისამდე, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღეს – 2012 წლის 26 მაისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდიანრე საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 26 მაისს და დასრულდა 2012 წლის 15 ივნისს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლოს გადმოეცა 2012 წლის 19 ივნისს, ხოლო საჩივარზე დართული საფოსტო ბარათით დასტურდება მხარეებმა ფოსტას მიმართეს 2012 წლის 18 ივნისს (ტ.II, ს.ფ.82), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარს ჯ. კ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში, პალატა თვლის, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება რომ კასატორისათვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ამიტომ მის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის გამოყენება დაუშვებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარს ჯ.კ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში ხარვეზი უნდა დაუდგინდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს. საქმის მასალებით დასტურდება რომ, დავის საგნის ღირებულება მოცემულ საქმეზე შეადგენს 56000 ლარს, ხოლო მისი 5% – 2800 ლარს. ამდენად, ჯ. ჯ-ის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 2800 ლარი.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, საკასწაციო საჩივარში დაყენებულია შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, კასატორებს არ გააჩნიათ სემოსავლის სტაბილური წყარო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა შუამდგომლობის ავტორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდის გადავადების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობენ რა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მათ სასამართლოსათვის რთული ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჯ. კ-ს უნდა მიეცეს 5 (ხუთი) დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის – 2800 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 396-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, ჯ. კ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო საჩივარს ჯ. კ-ის პრეტენზიის ნაწილში დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს დაევალოს 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოსი წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის – 2800 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.