საქმე №ას-928-871-2012 19 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. თ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ის მიმართ მ. ლ-სათვის ნ. თ-ის სასარგებლოდ 2009 წლის 7 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის 22000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 7 მაისიდან - 2011 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიური 0,5%-ის, სულ – 8 000 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე დავალიანების დასაფარად მ. ლ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, სოფელი დიღმის „ზ. უ-ში“ მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი მ. ლ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ლ-ს ნ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 5 500 აშშ დოლარს, ხოლო 1000 აშშ დოლარი – დარიცხულ პირგასამტეხლოს, დავალიანების დაფარვა განხორციელდა მ. ლ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, სოფელი დიღმის „ზ. უ-ში“ მდებარე უძრავი ქონების (სარეგისტრაციო ზონა - თბილისი, სექტორი -... კვარტალი -... ნაკვეთი -.., დაზუსტებული ფართი -1260.00.კვ.მ ტიპი -საკუთრება, ფუნქცია -სასოფლო სამეურნეო. ნაკვეთის წინა ნომერი, შენობა-ნაგებობები #1, #2, #3, #4) აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება ოთხი თვის ვადით. შესაბამისად, მსესხებლის მიერ განხორციელებული გადახდები თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად შეაფასა სესხის ძირის დაფარვის ანგარიშში.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის 418-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 420-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 8000 აშშ დოლარიდან შეამცირა 1000 აშშ დოლარამდე. სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. თ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს საქმის განხივის დროს მის მიერ გადახდილი 16500 აშშ დოლარის სესხის ძირითად თანხაში ჩათვლა არ მოუთხოვია და არც აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი. მანვე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 328-ე მუხლი.
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესი, როდესაც საქმის განხილვისას მოპასუხე თანახმა იყო მორიგების სახით მოსარჩელისათვის 20000 აშშ დოლარის გადახდაზე, პალატამ მხარეს დააკისრა 6500 აშშ დოლარის ანაზრაურება.
დაუსაბუთებელია განჩინების მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით. სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან მოცემული დავის საგანია სესხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების, ასევე იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მართლზომიერება. კასატორი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონიერებასაც. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის №ას-921-960-2011 განჩინება), რაც ასახულია გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. თ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 29 ივნისს გადახდილი 1518,39 ლარის 70% – 1062,873 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ნ. თ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 29 ივნისს №2 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1062,873 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.