№ას-935-878-2012 16 ივლისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. პ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება
დავის საგანი – თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. პ-ის სარჩელი თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (ს.ფ. 99-104).
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ. მ-მ გაასაჩივრა საჩივრით, რომლითაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა (ს.ფ. 109-110).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით ლ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ს.ფ. 127-135).
დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით (ს.ფ. 143-152).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, ამავე კოდექსის 2591 მუხლით, რომელთა თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, გასაჩივრებული საოქმო განჩინების გამოცხადებას ესწრებოდნენ თავად აპელანტი ლ. მ-ე და მისი წარმომადგენელი ი. ჯ-ი. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით პროცესის მონაწილეებს განემარტათ, რომ განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო სააპელაციო სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო გასაჩივრებული განჩინების გამოცხადების მეორე დღეს – 2012 წლის 29 მარტს. რამდენადაც ეს ვადა დასრულდა 2012 წლის 11 აპრილს, ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 11 მაისს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 156-158).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განჩინებაზე ლ. მ-ის წარმომადგენელმა ი. ჯ-მა შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალ განხილვას. იგი აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა აპელანტის და მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა, თუმცა მან სასამართლოს წარუდგინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ცნობა №18, სამედიცინო ბარათის დედანი, სადაც ნათლად ჩანს გამოძახების თარიღი, 21 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ბარათაში ი.ჯანაშვილის კლინიკური მდგომარეობა შეფასებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი, ის თავს გრძნობდა იმდენად შეუძლოდ, რომ ვერ მოახერხა პროცესზე გამოცხადება. სწორედ ამ მიზეზით იშუამდგომლა წარმომადგენელმა სხდომის გადადების თაობაზე. რაც შეეხება უშუალოდ მხარის გამოუცხადებლობას, ლ. მ-მ იცოდა, რომ პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო მისი რწმუნებული, რწმუნებულმა კი თავის მხრივ, აპელანტთან დაკავშირება და შექმნილი ვითარების შესახებ მისი ინფორმირება ვერ მოახერხა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოთვალა გასაჩივრების ვადა და, შესაბამისად, არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან აპელანტს დაცული აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ 2012 წლის 28 მარტის სხდომაზე გამოაცხადა დასაბუთებული განჩინება, რომლითაც ლ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ ამ განჩინების გასაჩივრება დაიშვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, განჩინების გამოცხადების მომენტიდან 14 დღის ვადაში (ს.ფ. 127-139). 2012 წლის 28 მარტის სხდომის ოქმით ირკვევა ასევე, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდნენ მოპასუხე ლ. მ-ე და მისი წარმომადგენელი ი. ჯ-ი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, ამიტომ მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გამოცხადების მომენტიდან, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მითითებული ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 29 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 11 მაისს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოთვალა გასაჩივრების ვადა და, შესაბამისად, არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რაში გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის არასწორად გამოთვლა.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ასევე მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში ეს საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.