Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-938-881-2012 12 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. პ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ბ-ის მიმართ სესხის – 50000 აშშ დოლარის დაბრუნებისა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ბ-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 50000 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში რ. ბ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილვევად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს ხარვეზის შესავსებად – სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 5 დღე და განემარტა, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, იგი დარჩებოდა განუხილველად.

2012 წლის 26 აპრილს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რის გამოც მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის 1 თვით გაგრძელება.

სააპელაციო პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით რ. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღით და კვლავ განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

2012 წლის 17 მაისს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის არანაკლებ 15 დღით გაგრძელების თაობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 368-ე, 374-ე მუხლებით, და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ერთი თვით გაგრძელებაზე, ხარვეზი კი მხარეს არ შეუვსია, ამდენად, რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ბ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მხარისათვის, შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის სახით 2000 აშშ დოლარის გადახდა რთული იყო, შესაბამისად, სასამართლოს მეტი დრო უნდა მიეცა აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში რ. ბ-ს არავითარი სამართლებრივი გზა აღარ რჩება საკუთარი უფლებების დასაცავად.

ამდენად, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა და უნდა ემსჯელა მხარის შუამდგომლობაზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის განჩინებით აპელანტს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 5 დღის ვადაში მისი გამოსწორება – სახელმწიფო ბაჟის სახით 2000 აშშ დოლარის გადახდის ქვითრის დედნის წარდგენა.

აპელანტის შუამდგომლობით აღნიშნული ვადა კიდევ 15 დღით გაგრძელდა, თუმცა მხარეს უარი ეთქვა ზემოხსენებული ვადის 1 თვით გაგრძელებაზე.

საქმის მასალებიდან ირკვევა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აღნიშნული განჩინების ასლი 2012 წლის 2 მაისს ჩაბარდა რ. ბ-ის წარმომადგენელ დ. ხ-ის მეუღლეს (შპს „ს. ფ-ის“ გზავნილების რეესტრი).

აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, არამედ კვლავ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო პალატას და მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად არ გაუგრძელა მხარეს ხარვეზის შევსების ვადა 1 თვით. აპელანტმა მოითხოვა სადავო ვადის დამატებით 15 დღით გაგრძელება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის 1 თვით გაგრძელების თაობაზე და საკმარისი დრო არ მისცა რ. ბ-ს ხარვეზის გამოსასწორებლად, ვინაიდან აპელანტს სულ მცირე 20 დღე ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარსადგენად, რაც სავსებით გონივრულ ვადას შეადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის სავალდებულო ხასიათი განსაზღვრულია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, შესაბამისად, კანონის მიხედვით მისი გადახდის დაკისრება მხარის უფლებათა შელახვად ვერ ჩაითვლება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების სამართლებრივ წინაპირობებზე აპელანტს არ მიუთითებია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.