Facebook Twitter

Nას-941-884-2012 6 ივლისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ჩ-ი

წარმომადგენელი - თ. ი-ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. დ-ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ა. დ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ბათუმში, ვ.-ფ-ს ქ. N9-ში მდებარე N3 ბინის 74,46 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გ. ჩ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. განჩინებაში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2012 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელსაც გ. ჩ-ი ესწრებოდა. მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2012 წლის 7 მაისს ჩაიბარა. მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 4 მაისს დაიწყო და ამოიწურა 18 მაისს. სააპელაციო საჩივარი კი, შეტანილია 2012 წლის 21 მაისს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ჩ-ის წარმომადგენელმა თ. ი-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიან 30-ე დრეს არ უნდა დაწყებულიყო, რადგან მან გამოცხადებიდან მე-20 დღეს მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ასევე 24 მაისს გ. ჩ-ი თავად მივიდა სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ მოსამართლის თანაშემწემ განუმარტა, რომ გადაწყვეტილებას მიიღებდა კანონით დადგენილ ვადაში. 3 მაისს გ. ჩ-ი კვლავ მივიდა სასამართლოში, მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ ვერ ჩაიბარა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს მხოლოდ 7 მაისს ჩაბარდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, გ. ჩ-ს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადა არ გაუშვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის წარმომადგენელ თ. ი-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ გ. ჩ-მა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია და არც იმ მტკიცებას ეთანხმება, რომ ამ საქმეზე ვადის დენა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს უნდა დაწყებულიყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთის მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, დადგენილ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, აღნიშნული მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვერც გასაჩივრების ვადის 30-ე დღიდან ათვლას გამოიწვევს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ 2012 წლის 24 აპრილს, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღეს, გ. ჩ-ის წარმომადგენელმა თ. ი-მ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე განცხადებით მიმართა (იხ. ს. ფ. 181), თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მას არ გადასცემია. ვინაიდან აპელანტს 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული ჰქონდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარებიდან - 2012 წლის 7 მაისიდან უნდა აეთვალა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ჩ-ს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, რადგანაც სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-14 დღეს - 2012 წლის 21 მაისს შეიტანა სასამართლოში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 2591-ე 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჩ-ის წარმომადგენელ თ. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.