საქმე №ას-943-886-2012 19 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ქ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების, კერძოდ, ძირითადი თანხის სახით 10000 აშშ დოლარის, 15 თვის პროცენტის – 7700 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 10890 აშშ დოლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,3%-ის დაკისრების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის – 10000 აშშ დოლარის, 15 თვის პროცენტის – 7500 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 3300 აშშ დოლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,1%-ის გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ა. კ-ის ქონებაზე ყადაღა დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დარჩა უცვლელად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ა. კ-ის ქონებაზე ყადაღის დატოვების ნაწილში და გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნა ა. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას ქალაქ თბილისში, ფ-ის ქუჩის №1-3-ში მდებარე იპოთეკით დატვირთულ 32 კვ.მ №80 სარდაფს, საკადასტრო კოდი №...; ქალაქ თბილისში, წ-ის ქუჩა 1ა კორპუსში მდებარე 112,45 კვ.მ ფართს, საკადასტრო კოდი №...; სიღნაღის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე უძრავ ნივთს, საკადასტრო კოდი №... შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის ნოტარიუსის ე. შ-ის მიერ დამოწმებული 2010 წლის 21 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის №100950386 ხელშეკრულებით, მოსარჩელე ი. ქ-მ მოპასუხე ა. კ-ს ასესხა 10 000 აშშ დოლარი თვეში 5%-ის დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 0.3 პროცენტის გადახდის პირობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მხარეებს შორის გაფორმებული 2010 წლის 21 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა. კ-ის კუთვნილი უძრავი ქონება ქალაქ თბილისში, უ-ის ქუჩა №87-ში 11,54 კვ.მ და 37,90 კვ.მ სხვენი, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
2010 წლის 21 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მესამე პუნქტით, სესხის ვადად განისაზღვრა 2010 წლის 21 დეკემბერი.
მხარეებს შორის გაფორმებული 2010 წლის 21 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეხუთე პუნქტით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა შეადგენს 21850 აშშ დოლარს, ხელშეკრულების დამოწმებისას ეროვნული ვალუტით –40033 ლარს. ინდივიდუალური მეწარმე, დამოუკიდებელი ექსპერტი „დ. რ-ის“ მიერ 2011 წლის 29 ივნისს შედგენილი №009/4-0 დასკვნით, რეალურად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ სხვენს ღირებულება არ გააჩნია, ხოლო ეზოში არსებული 11,36 კვ.მ-ს ღირებულება, სავარაუდოდ, შეადგენს 6924 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. ქალაქ თბილისში, უ-ის ქუჩა №87-ში - 11,54 კვ.მ და 37,90 კვ.მ სხვენი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ა. კ-ის საკუთრებად.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული 2010 წლის 21 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის №100950386 ხელშეკრულებით, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის ე. შ-ის მიერ, მოსარჩელე ი. ქ-მ მოპასუხე ა. კ-ს ასესხა 10000 აშშ დოლარი, თვეში 5%-ის დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 0.3 პროცენტის გადახდის პირობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, მოვალე ა. კ-ის სხვა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ქ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რაც ა. კ-ს სააპელაციო საჩივრით არ მოუთხოვია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ამ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებას ი. ქ-ის სასარგებლოდ ა. კ-ისათვის თანხის დაკისრების შესახებ, რომელიც შესული იყო კანონიერ ძალაში 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების მიღებისას. ამ გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით, ასეთი სასარჩელო მოთხოვნა არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს არ ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლზე, რომლის შესახებ მოთხოვნა არ წარდგენილა.
სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მოტყუებით, იპოთეკის საგნის ნაცვლად, იპოთეკარს აჩვენეს სხვა ფართი.
პალატამ საკუთარი ინიციატივით გადაუვადა ა. კ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესი და სააპელაციო საჩივრის განხილვისას პროცესზე უკარნახა აპელანტის წარმომადგენელს, დაეზუსტებინა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც გადაწყვეტილებაშიც ასახა.
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა საქმეზე თანდართული აუდიტორული დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია იპოთეკის საგნის ფასი, აღნიშნული ღირებულება ერთ-ერთი იპოთეკარის ძირითად თანხასაც ვერ აკმაყოფლებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინება, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით დარჩა ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.