Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-944-887-2012 5 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ც. ტ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ვ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ე. ვ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ე. ვ-ს ც. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის მომსახურების ხარჯის 125 ლარის, აგრეთვე ც. ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ტ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე ე. ვ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისროს 500 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ტ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში .

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ც. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი გ. გ-ე (ს.ფ.147-155). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართა არა უგვიანეს 2012 წლის 17 მაისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 17 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 7 ივნისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2012 წლის 7 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ც. ტ-მა ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 15 ივნისს (ს.ფ. 177-187), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მარინე საბაშვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ც. ტ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №5040899247 საგადახდო დავალებით 2012 წლის 15 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.