საქმე №ას-949-892-2012 3 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ო. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს. მ-ის უფლებამონაცვლე სა. მ-ი
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მ. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ა-ის მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
მოპასუხის კანონიერმა წარმომადგენელმა - ს. ა.-დ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ს. მ-ისა და ნოტარიუს ე. ო-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ს.მ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო შეგებებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.მ-მა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. მ-ის უფლებამონაცვლის სა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-ის უფლებამონაცვლე სა. მ-მა და ო. ა-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით სა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
2010 წელს მოქმედი საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლებოდა და იგი იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ო. ა-ის წარმომადგენელ დ. ხ-ს 2010 წლის 30 მარტს და ჩაბარდა დ. ხ-ს დედას - ნ. ს-ს 2010 წლის 17 აპრილს (იხ.ტ.III, ს.ფ47).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ წლებით, თვეებით ან დღეების გამოსათვლელი ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლების დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2010 წლის 18 აპრილს და დამთავრდა 2010 წლის 17 მაისს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 23 მაისს, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 21 მაისი (იხ.ტ.III, ს.ფ 88), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
ო. ა-ის წარმომადგენელმა დ. ხ-მ შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ ცნობის მოთხოვნით, რადგან 2010 წლის 17 აპრილს, როცა კასატორის წარმომადგენელ დ. ხ-ს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე - ქ. თბილისი, ს-ა, კორპუსი #15, ბინა #12, დ. ხ-ა 2010 წლის აპრილში არ იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე და დროებით ცხოვრობდა სხვაგან. ასევე უშუალოდ კასატორს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 17 აპრილიდან და მხარეს შეეძლო ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში საკასაციო წესით გაესაჩივრებინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.