№ას-951-894-2012 16 ივლისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. რ-ა“
წარმომადგენელი - დ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ. ე-ნ“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. რ-მ“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში შპს „ლ. ე-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, მოპასუხისათვის 2934,92 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: შპს „ლ. ი-მა“ 2008 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით განახორციელა ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა სადგურ რუსთავში. შპს „ს. რ-მ“ ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა, მაგრამ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვაგონების დროულად დაცლა. მისი მიზეზით, ვაგონები მოცდა 2008 წლის აპრილიდან ივლისამდე, რის გამოც, 24 სთ-ზე მეტი სარკინიგზო მომსახურებისათვის, მოპასუხეს დაერიცხა 2934,92 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვაგონებით სარგებლობის საფასური გადახდილი ჰქონდა, ამასთან სარჩელი ხანდაზმული იყო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ს. რ-მ“ 2008 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით განახორციელა შპს „ლ. ე-ის“ ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა სადგურ რუსთავში;
2. შპს „ს. რ-მ“ გადაზიდვა განხორციელდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად;
3. 2008 წლის მარტში აპრილში, მაისში და ივლისში შპს „ლ. ე-ს“ 24 საათზე მეტი სარკინიგზო მომსახურებისათვის დაერიცხა 2934,92 ლარი, თითო ვაგონის მოცდენისათვის დღეში 100 ლარის ოდენობით, კერძოდ, 2008 წლის 25 მარტს განხორციელებული მომსახურებისათვის, 6 ვაგონის მოცდენისათვის, დაერიცხა 600 ლარი (საერთო ფორმის აქტი 96789); 2008 წლის 1 აპრილს 5 ვაგონის მოცდენისათვის დაერიცხა 500 ლარი (საერთო ფორმის აქტი 96812); 2008 წლის 30 მარტს 2 ვაგონის მოცდენისათვის დაერიცხა 200 ლარი (საერთო ფორმის აქტი 97019); 2008 წლის 24 აპრილს 5 ვაგონის მოცდენისათვის დაერიცხა 500 ლარი (საერთო ფორმის აქტი 96962); 2008 წლის 17 ივლისს 1 ვაგონის მოცდენისათვის დაერიცხა 100 ლარი (საერთო ფორმის აქტი 110964); 2008 წლის 03 ივლისს 1 ვაგონის მოცდენისათვის დაერიცხა 100 ლარი (საერთო ფორმის აქტი 110870); 2008 წლის 30 აპრილს 2 ვაგონის მოცდენისათვის დაერიცხა 200 ლარი (საერთო ფორმის აქტი 96998) და 2008 წლის 21 და 22 ივნისს დაერიცხა 800 ლარი (საერთო ფორმის აქტი 110435);
4. შპს „ლ. ე-ს“ მოსარჩელისათვის მოთხოვნილი თანხიდან გადახდილი აქვს 1800 ლარი;
5. საქმის სააპელაციო სასამართლოში ზეპირი განხილვისას, 2012 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა და შპს ,,ს. რ-ის“ საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა სს ,,ს. რ-ა“.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელისთვის თავისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2008 წლის ივლისში, როდესაც უკანასკნელად განხორციელდა შპს „ლ. ე-ის“ კუთვნილი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2008 წლის ივლისიდან და ამოიწურა 2011 წლის ივლისში. სს „ს. რ-მ“ კი, სასამართლოს სარჩელით მიმართა 2011 წლის 20 ოქტომბერს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროებით და საერთო ფორმის აქტებით დასტურდება, რომ მოპასუხე შპს ,,ლ. ე-მა“ 2008 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა სადგურ რუსთავში. შპს „ს. რ-მ“ კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და დროულად შეასრულა გადაზიდვის ვალდებულება, მაგრამ მოპასუხემ ვერ შეძლო რუსთავის სადგურში გადაზიდული ტვირთის დროულად მიღება და ვაგონების დაცლა. კერძოდ, მოპასუხის მიზეზით ვაგონები მოცდა 2008 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით, რის გამოც 24 საათზე მეტი სარკინიგზო მომსახურებისთვის მოპასუხეს დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური 2 934,92 ლარი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, რომელიც სპეციალური კანონია; მასში დეტალურად არის რეგლამენტირებული სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. სასამართლომ არასწორად განმარტა სარკინიგზო კოდექსის 22–ე, 23–ე, 25–ე, 26–ე, 36–ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასმართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ს. რ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 18.06.2012 წლის N348 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.