საქმე №ას-957-899-2012 23 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ნ. გ-ე, დ. წ-ა, ქ. ჯ-ი, გ. ჩ-ე, ო. ლ-ე, ზ. ლ-ე, მ. ბ-ი, მ. ს-ე, ზ. წ-ე, ნ. მ-ი, ნ. ბ-ე, ე. ბ-ი და გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - კოოპერატივი ,,ქ. ქ-ი“, სსიპ შემოსავლების სამსახური, ლ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა,ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის“ დირექტორებმა ა. ხ-მა და თ. კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში კოოპერატივის ყოფილ დირექტორ ა. პ-ისა და შპს ,,ა-ს“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ. გ-ის მიმართ 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შემოსავლების სამსახურის და ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-მ, ე. ბ-მა, დ. წ-მ, ქ. ჯ-მა, ზ. წ-მ, ნ. მ-მა, ნ. ბ-მ, ა. პ-მ, გ. ჩ-მ, ო. ლ-მ, მ. ბ-მა, მ. ს-მ და ა. პ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის, მ. ს-ის, ზ. წ-ის, ნ. მ-ის, გ. ბ-ის, ნ. გ-ის, დ. წ-ს, ქ. ჯ-ის, გ. ჩ-ის, ო. ლ-ისა და ზ. ლ-ის უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარი დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით აპელანტებს: ნ. გ-ს, ე. ბ-ს, ზ. წ-ს, ნ. მ-ს (შ. ხ-ის უფლებამონაცვლე) ნ. ბ-ს დ. წ.-ჯ-ს, ქ. ჯ-ს, ა. პ-ს, გ. ჩ-ს, ო. ლ-ს, მ. ბ-ს, მ. ს-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და, ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალათ: კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის” ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების მითითება (აუდიტის დასკვნის წარმოდგენა) და სახელმწიფო ბაჟის აღნიშნული თანხის 4%-ის ოდენობით გადახდა, მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი 150 ლარის გამოკლებით; აპელანტებს: ე. ბ-ს, ზ. წ-ს, ნ. მ-ს (შ. ხ-ის უფლებამონაცვლე), ნ. ბ-ს დაევალათ სასამართლოში ცნობის წარმოდგენა (დღეის მდგომარეობით), რომ არიან სოციალურად დაუცველები და იღებენ საარსებო შემწეობას ან მითითება კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის“ ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა აღნიშნული თანხის 4%-ის ოდენობით, მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი 150 ლარის გამოკლებით.
2012 წლის 26 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა და ამავე დროს აპელანტების წარმომადგენელმა ნ. გ-მ, რომელმაც განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხრის შესრულება აპელანტების ძალებს აღემატება, რადგან 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით აპელანტებისათვის გადაცემული ქონება იმყოფება კოოპერატივი ,,ქ. ქ-ის მფლობელობაში“. კოოპერატივი ,,ქ. ქ-ი“ არის მათი მოწინააღმდეგე მხარე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ არავინ არ მისცემს იმის უფლებას, რომ მოიწვიონ აუდიტი და მოახდინონ ქონების შეფასება. ამასთან, აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ კოოპერატივ ქვემო ქედის მთლიანი ქონება მათ არ გადასცემიათ. მათ სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების უზრუნველსაყოფად კოოპერატივმა ,,ქ. ქ-მა“ თანხის სანაცვლოდ გარიგების საფუძველზე მის სახელზე რიცხული ქონების ნაწილი გადასცა მათ, რაზეც შედგა 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი. აპელანტმა და აპელანტების წარმომადგენელმა ნ. გ-მ მიუთითა, რომ ნ. ბ-ე და ზ. წ-ე არიან ინვალიდები. წარმოადგინა საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობა №07489, რომლის თანახმად ნ. ბ-ე 1987 წლის 5 ივლისიდან არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი უვადოდ, ასევე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალის მიერ 2007 წლის 26 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც პ-ე ა. არის ინვალიდი უვადოდ. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2009 წლის 29 იანვარს გაცემულია ცნობა ზ. წ-ის სოციალურად დაუცველობის შესახებ. აპელანტების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნ. მ-ი არის პირველი ჯგუფის ინვალიდის, ომის ვეტერან შ. ხ-ის უფლებამონაცვლე და ითხოვა მისი, როგორც ინვალიდის უფლებამონცვლის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. ასევე განმარტა, რომ ე. ბ-ი და ა. პ-ც არიან ინვალიდები, თუმცა ვერ შეძლო მარწმუნებლებისგან შესაბამისი ცნობების მიღება და წარმოდგენა. ხოლო ნ. გ-ე, წ.-ჯ-ი, ე. ბ-ი და სხვები არიან დაზარალებულები და სამოქალაქო მოსარჩელეები კორპორაცია ,,ქ-ის’’ და შპს ,,ა-ს“ მიმართ აღძრულ საქმეში, რომელშიც კოოპერატივი ,,ქ. ქ-ი“ არის ერთ-ერთი მოვალე. ამასთან, წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთაწმინდის რაიონის საგამოიძიებო განყოფილების გამომძიებლის 1998 წლის 6, 9 და 11 იანვრისა და თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის 2001 წლის დადგენილებები ქ. ჯ.-წ-ს, დ. წ-ს, ე. ბ-ის, ნ. ბ-ისა და ნ. გ-ის დაზარალებულად ცნობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტების წარმომადგენელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისფლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით აპელანტებს: ნ. გ-ს, ე. ბ-ს, ზ. წ-ს, ნ. მ-ს, დ. წ.-ჯ-ს, ქ. ჯ-ს, გ. ჩ-ს, ო. ლ-ს, მ. ბ-ს, მ. ს-ს დაევალათ მითითება 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით აპელანტებისათვის გადაცემული, ამჟამად კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის” ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულებისა (წარმოადგინონ აუდიტის დასკვნა) და სახელმწიფო ბაჟის, აღნიშნული თანხის 4%-ის, გადახდა მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გამოკლებით; აპელანტებს: ე. ბ-ს, ზ. წ-ს დაევალათ სასამართლოში ცნობის წარმოდგენა (დღეის მდგომარეობით), რომ არიან სოციალურად დაუცველები ან/და ინვალიდები, იღებენ საარსებო შემწეობას ან - მითითება 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით აპელანტებისათვის გადაცემული, ამჟამად კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის” ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების და სახელმწიფო ბაჟის გადახდა თანხის 4%-ის ოდენობით, მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი 150 ლარის გამოკლებით.
2012 წლის 30 აპრილს განჩინებით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა და ამავე დროს აპელანტების წარმომადგენელმა ნ. გ-მ, რომელმაც კვლავ განმარტა, რომ 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით აპელანტებისათვის გადაცემული ქონება იმყოფება კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის მფლობელობაში’’. კოოპერატივი ,,ქ. ქ-ი’’ არის მათი მოწინააღმდეგე მხარე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ არავინ მისცემს იმის უფლებას, რომ მოიწვიონ აუდიტი და ქონება შეაფასონ. აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ შეუძლიათ 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით აპელანტებისათვის გადაცემული დღეს არსებული ქონების შეფასება. აპელანტების წარმომადგენელმა კვლავ აღნიშნა, რომ ნ. მ-ი არის პირველი ჯგუფის ინვალიდის, ომის ვეტერან შ. ხ-ის უფლებამონაცვლე და ითხოვა მისი, როგორც ინვალიდის უფლებამონაცვლის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. აპელანტების წარმომადგენელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არც ერთ მოსარჩელეს არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, მან წარმოადგინა ე. ბ-ის საპენსიო მოწმობის ასლი, გ. ჩ-ის საპენსიო მოწმობის ასლი და ზ.წ-ის მარტოხელობის ცნობა. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტების წარმომადგენელმა ითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან განთავისუფლება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინებით აპელანტებს: ნ. გ-ს, ე. ბ-ს, ზ. წ-ს, ნ. მ-ს, დ. წ.-ჯ-ს, ქ. ჯ-ს, გ. ჩ-ს, ო. ლ-ს, მ. ბ-ს, მ. ს-ს დაევალათ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა, მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი 150 ლარის გამოკლებით. აპელანტებს: ე. ბ-ს, ზ. წ-ს დაევალათ სასამართლოში ცნობის წარმოდგენა, რომ არიან სოციალურად დაუცველები ანდა ინვალიდები, იღებენ საარსებო შემწეობას ან - სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 000 ლარის ოდენობით მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი 150 ლარის გამოკლებით.
2012 წლის 24 მაისს განჩინებით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა ნ.გ-მ, რომელმაც ითხოვა ნ. მ-ის, როგორც ინვალიდის უფლებამონცვლის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. მ. ბ-ისა და მ. ს-ის, როგორც დაზარალებულების, ზ.წ-ის, როგორც ინვალიდისა და სოციალურად დაუცველის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლება.ამასთან, წარმოადგინა 2012 წლის 23 მაისს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თამახმად ნ.გ-მ, დ.წ-მ, ქ.ჯ-მა, გ.ჩ-მ, ო.ლ-მ და ზ.ლ-მ, როგორც მოთხოვნის დამთმობებმა, მოთხოვნის შემძენს გ. ბ-ს დაუთმეს ყველა სახის მოთხოვნა, როგორც უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ისე თანხებზე კორპორაცია ,,ქ-დან’’ , შპს ,,ა-დან’’ და კორპორაცია ,,ქ. ქ-დან’’ მიუღებელ და შეუსრულებელ მოთხოვნებზე, რაც მოთხოვნის დამთმობებს ეკუთვნით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით და აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილი გარიგებების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, აპელანტებმა ითხოვეს სააპელაციო საჩივრის ავტორად მოთხოვნის მიმღების გ. ბ-ის დაშვება.
2012 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-მ, რომელმაც განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე კორპორაცია ,,ქ-ისა“ და შპს ,,ა-ს’’ მენაბრეთა ჯგუფის წევრებმა ნ. გ-მ, ქ. ჯ-მა, დ. წ-მ, ო. ლ-მ და სხვებმა, რომლებიც არიან კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის’’ კრედიტორები, დაუთმეს ყველა სახის მოთხოვნა, როგორც კრედიტორებმა და როგორც მოწინააღმდეგე მხარეებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემულ სამოქალაქო საქმეზე აპელანტებთან: ნ. ბ-სა და ა. პ-სთან ერთად ითხოვა აპელანტად დაშვება. ამასთან განმარტა, რომ არის II ჯგუფის ინვალიდი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უვადოდ და, როგორც ინვალიდმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან განთავისუფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამთმობებს უნდა გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი. მან მიიღო მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში მასზე ვერ გავრცელდება უფრო მეტი შეღავათი, ვიდრე მოთხოვნის დამთმობ პირებს ჰქონდათ.
ამასთან, აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობასთან დაკავშირებით ნ. მ-ის, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდის უფლებამონაცვლის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ სასამართლო მიუთითებს, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები ყველა სარჩელზე. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ინვალიდობის მოტივით საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის მხარეები, რომლებიც თავად წარმოადგენენ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრულ პირებს და, შესაბამისად, ინვალიდი მხარის უფლებამონაცვლე ვერ იქნება გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
რაც შეეხება აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობას მ.ბ-ისა და მ.ს-ის, როგორც დაზარალებულების, ზ.წ-ის, როგორც ინვალიდისა და სოციალურად დაუცველის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შუამდგომლობას არ ერთვის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოების, მოცემულ საქმეზე დაზარალებულდ ცნობის, ინვალიდობის, სოციალურად დაუცველობისა ან მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებებით დაზარალებულად ცნობის, ინვალიდობის, სოციალურად დაუცველობის და მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. გ-მ, დ. წ-მ, ქ. ჯ-მა, გ. ჩ-მ, ო. ლ-მ, ზ. ლ-მ, მ. ბ-მა, მ. ს-მ, ზ. წ-მ, ნ. მ-მა, ნ. ბ-მ, ე. ბ-მა და გ. ბ-მ შემდეგი დასაბუთებით: მოთხოვნის დათმობა განხორციელდა კანონით დადგენილი წესით. სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე გ. ბ-ე თავდაპირველად უფლებამონაცვლედ უნდა ეცნო და შემდეგ უნდა მიეთითებინა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თანხა, სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი დაუბრუნა არა მარტო მას, არამედ ყველა აპელანტს, რაც არასწორია. სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა მხოლოდ ნ.გ.მ. გ.ბ-ე, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.გ-ის, დ.წ-ს, ქ.ჯ-ის, გ.ჩ-ის, ო.ლ-ის, ზ.ლ-ის, მ.ბ-ის, მ.ს-ის, ზ.წ-ის, ნ.მ-ის, ნ.ბ-ის, ე.ბ-ისა და გ.ბ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აპელანტმა და აპელანტების წარმომადგენელმა ნ. გ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 23 მაისს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება წარადგინეს, რომლის თანახმად, ნ.გ-მ, დ.წ-მ, ქ.ჯ-მა, გ.ჩ-მ, ო.ლ-მ და ზ.ლ-მ, როგორც მოთხოვნის დამთმობებმა მოთხოვნის შემძენ გ. ბ-ს დაუთმეს ყველა სახის მოთხოვნა, როგორც უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ისე თანხებზე კორპორაცია ,,ქ-დან“, შპს ,,ა-დან“ და კორპორაცია ,,ქ. ქ-დან“ მიუღებელ და შეუსრულებელ მოთხოვნებზე, რაც მოთხოვნის დამთმობებს ეკუთვნით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით და აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილი გარიგებების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, აპელანტებმა ითხოვეს სააპელაციო საჩივრის ავტორად მოთხოვნის მიმღების - გ. ბ-ის დაშვება. 2012 წლის 24 მაისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით გ. ბ-მ, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდდა და უვადოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან განთავისუფლება მოითხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალების, იურიდიული პირის რეორგანიზაციის, მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაცემისა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საპროცესო უფლებამონაცვლეობა ესაა საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის საპროცესო მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა არის მოთხოვნის დათმობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ხოლო მოთხოვნის დათმობა კი, შეიძლება მანამ, სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. დადგენილია, რომ 2012 წლის 8 მაისის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5 000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა და შემდგომში სასამართლოს მიერ არაერთხელ გაგრძელდა. 2012 წლის 23 მაისს ნ,გ-მ, დ.წ-მ, ქ.ჯ-მა, გ.ჩ-მ, ო.ლ-მ, ზ.ლ-მ, მ.ბ-მა, მ.ს-მ, ზ.წ-მ, ნ.მ-მა, ნ.ბ-მ და ე.ბ-მა მოთხოვნა დაუთმეს გ. ბ-ს.
ამდენად, ვინაიდან მოთხოვნის დათმობა განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის და არაერთხელ გაგრძელების შემდეგ, აღნიშნული განჩინების შესრულება სავალდებულო იყო გ. ბ-ისათვის, როგორც მოთხოვნის შემძენისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება, რომ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე გ. ბ-ე თავდაპირველად უფლებამონაცვლედ უნდა ეცნო და შემდეგ უნდა მიეთითებინა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის. ამდენად, გ.ბრელიძისათვის მოთხოვნის მიღებისას მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელებისაგან ცნობილი უნდა ყოფილიყო, რაც დასტურდება კიდევაც გ.ბ-ის განცხადების შინაარსით.
ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ სასამართლომ ნ, გ-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თანხა, სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი დაუბრუნა არა მას, არამედ ყველა აპელანტს, რაც არასწორია. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტით დასტურდება, რომ ბაჟი გადახდილია დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შესატან სააპელაციო საჩივარზე. ამ დოკუმენტით არ დასტურდება, რომ ბაჟი მხოლოდ ერთი აპელანტის ვალდებულების ფარგლებშია და ასეთს არც გადამხდელის ვინაობა არ ადასტურებს, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის ვალდებული პირის მიერ პირადად გადახდა დადგენილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-ის, დ. წ-ს, ქ. ჯ-ის, გ. ჩ-ის, ო. ლ-ის, ზ. ლ-ის, მ. ბ-ის, მ. ს-ის, ზ. წ-ის, ნ. მ-ის, ნ. ბ-ისა და ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ის, დ. წ-ს, ქ. ჯ-ის, გ. ჩ-ის, ო. ლ-ის, ზ. ლ-ის, მ. ბ-ის, მ. ს-ის, ზ. წ-ის, ნ. მ-ის, ნ. ბ-ის, ე. ბ-ისა და გ. ბ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.