საქმე №ას-963-904-2012 23 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა. კ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში - ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება, შეგებებულ სარჩელში - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა. კ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ მიმართ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2011 წლის 8 ივლისის №181 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „ს-ის“ 2011 წლის 7 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობისა და 2011 წლის 8 ივლისის №181 ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმის მისადაგების მოთხოვნით.
მოპასუხე შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ავანსად გადახდილი 130000 ლარისა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 43520 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა. კ-ს“ შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 173520 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. კ-მ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით შპს „ა. კ-ის“ წარმომადგენელ ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ხარვეზით, კერძოდ, აპელანტის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს, 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით და განემარტა, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. 2012 წლის 3 მაისს, აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იმ მიზეზით, რომ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, აპელანტს 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 14 დღით, ამასთან, განემარტა, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. 2012 წლის 4 ივნისს, აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის 7 დღით გაგრძელება მოითხოვა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 368-ე მუხლით, 374-ე მუხლით და იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განჩინებით აპელანტს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა, ამასთან, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე საპატიო მიზეზი ხარვეზის შეუვსებლობისა წარდგენილი არ ყოფილა, ამასთან, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის შუამდგომლობა განმეორებით ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ხარვეზი კვლავ არ გამოსწორებულა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ა. კ-ის“ წარმომადგენელმა ი. კ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები საზოგადოების მძიმე ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც არასწორად არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენა და არ გაითვალისწინა მხარის რეალური მდგომარეობა.
მოგვიანებით კერძო საჩივრის ავტორმა კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის ჩარიცხვის ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. კ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი:
შპს „ა. კ-ს“ სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, არამედ შუამდგომლობდა საზოგადოების ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და შუამდგომლობის საფუძვლიანობის დადასტურების მიზნით მხარემ სააპელაციო საჩივარს დაურთო შემდეგი მტკიცებულებები: სს „თ. ბ-ს“ მიერ გაცემული ... ანგარიშიდან ამონაწერის ასლი 2011 წლის 21 თებერვლიდან 2012 წლის 27 მარტის მდგომარეობით; სს „ბ. რ-ს“ მიერ ... ანგარიშიდან გაცემული 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 25 მარტის მდგომარეობით გაცემული ამონაწერის ასლი, საქმეში ასევე ასლის სახით წარმოდგენილია (ს.ფ.295-296) მტკიცებულება, რომელიც სს „თ. ბ-ის“ ბეჭდითაა დამოწმებული, თუმცა არ აქვს თავფურცელი. სააპელაციო პალატამ 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით აღნიშნული მტკიცებულებები შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია და მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადა განუსაზღვრა 5 დღით. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ საპროცესო ვადა მხარეს გაუგრძელა 14 დღით. აღნიშნული განჩინების პასუხად მხარემ კვლავ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელება მოითხოვა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მხარეს დადგენილ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილი ის სავალდებულო პირობები, რომელთაც განსახილველად დაშვებისათვის სააპელაციო საჩივარი ზოგადად უნდა უპასუხებდეს, ამავე ნორმის მე-5 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
უდავოდ დადგენილია რა, რომ შპს „ა. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად (არ ერთვოდა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი), ამასთან მხარეს გაუგრძელდა კიდევაც ვადა დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სავსებით მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
რაც შეეხება 2012 წლის 11 მაისის განჩინების პასუხად აპელანტის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე, ამ საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, აღნიშნულმა ნორმამ სააპელაციო წარმოების ეტაპზე გარკვეული ცვლილება განიცადა და განისაზღვრა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით (სსსკ 368.7), თუმცა ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსით უდავოდ დასტურდება, რომ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელება იმპერატიული დანაწესი არ არის და ის ყოველთვის სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, სასამართლო კი საკითხს, გააგრძელოს თუ არა დადგენილი საპროცესო ვადა, წყვეტს მხარის შუამდგომლობის საფუძვლიანობისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის გათვალისწინებით.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს ერთხელ ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა განესაზღვრა 5 დღით, შემდგომ ეს ვადა გაგრძელდა 14 დღით და მხარე კვლავ საპროცესო ვადის გაგრძელებას მოითხოვდა 7 დღით, ამასთან, შუამდგომლობა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობდა ზემოაღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, ამასთან იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, წარმოდგენილია მტკიცებულებები (საბანკო ამონაწერები), თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სახით, ამასთანავე, მხოლოდ ამ მტკიცებულებების საფუძველზე არ ირკვევა საზოგადოების რეალური ქონებრივი მდგომარეობა, არამედ დასტურდება მხოლოდ 2 საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე საზოგადოების მატერიალური სახსრების განკარგვა.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა, გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მეორე მხარის ინტერესებისა და განსახილველი შუამდგოლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არსებითად სწორი განმარტებით უთხრა უარი შპს „ა. კ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ, კერძო საჩივრის ავტორის მიერ საპროცესო ვადის დარღვევით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება, ხარვეზის გამოსწორებად და სასამართლოს მსჯელობის საგნად ვეღარ გახდება 2012 წლის 2 ივლისით დათარიღებული მტკიცებულებები, რომლითაც მხარემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახამად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვის ეტაპზე, საპროცესო ვადის დარღვევით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, ამასთან, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა, საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, მიზანშეწონილად თვლის დაუბრუნოს შპს „ა. კ-ს“ მის მიერ 2012 წლის 2 ივლისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 7000 ლარი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე კერძო საჩივრის გამო შპს „ა. კ-ის“ მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობაზე. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 2 ივლისით დათარიღებული N2 საგადახდო დავალების თანახმად, მხარემ ნაცვლად დაკისრებული ოდენობისა, საკუთარი ინივიატივით ზედმეტად გადაიხადა 100 ლარი (წარმოდგენილია 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად კი, კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა მსგავს შემთხვევას არ არეგულირებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად უნდა მიუთითოს ამავე კოდექსის 42-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა. კ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. შპს „ა. კ-ს“ (ს/№...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) მის მიერ 2012 წლის 2 ივლისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 7000 ლარი.
4. შპს „ა. კ-ს“ (ს/№...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) მის მიერ კერძო საჩივრის გამო 2012 წლის 2 ივლისს N2 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.