საქმე №ას-964-905-2012 23 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების გაუქმება; უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაცია; ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ჭ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ხ-ის მიმართ ხელშეკრულების გაუქმების, უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაციისა და ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ 2011 წლის 17 აგვისტოს ა.ხ-სთან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით გააფორმა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმებულად ითვლებოდა, ხოლო საჯარო რეესტრში მესაკუთრედ კვლავ ა.ხ-ე აღირიცხებოდა. მოპასუხის თხოვნის საფუძველზე ე.ჭ-მ ხელშეკრულებ ვადამდე გააუქმა. მარტივი წერილობითი ფორმის საფუძველზე ა.ხ-მ ივალდებულა ათი დღის განმავლობაში ბანკიდან სესხის მიღების შემდეგ გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისიწნებული თანხა, რაც არ განხორცილებულა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ე. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ხ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით: დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა ხარვეზით, კერძოდ, აპელანტის მიერ სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან გადავადების თაობაზე და აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე და განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა და სახელმწიფო ბაჟის სრულ ოდენობას არ გადაიხდიდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. 2012 წლის 28 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. ხ-ის წარმომადგენელმა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან მისი გადავადება მოითხოვა იმავე საფუძვლით, რაც სააპელაციო საჩივარში იყო აღნიშნული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 368-ე და 374-ე მუხლის თანახმად, პალატამ იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებასა და გადახდის გადავადებაზე, სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად დაუდგინდა ხარვეზი, ამასთან, განმეორებით შუამდგომლობასთან ერთად აპელანტს არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის შუამდგომლობა, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ხ-მ შემდეგი დასაბუთებით: ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართლიანი სასამართლო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს წინასწარ აცნობა, რომ არ ჰქონდათ ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. ა.ხ-ს სადავო ქონების გარდა სხვა ქონება არ გააჩნია და ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ერთი მუშაობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
ანა ხაჩიძე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ მას ფინანსურად უჭირდა და უნდა გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან ირკვევა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება, შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.