Facebook Twitter

№ას-970-911-2012 20 ივლისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ-მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზ.ბ კ-ისა და რ. ნ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დელიქტით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სახით 176 581 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ, როგორც ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, 2008 წლის 14 სექტემბერს მოპასუხეებმა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად დაარბიეს შპს „მ-ის“ კუთვნილი მობილური კავშირის საბაზო სადგური და თვითნებურად განახორციელეს ანძის დემონტაჟი. აღნიშნულის შედეგად, განადგურდა 32 581,7 ლარის ღირებულების ტექნიკა, ხოლო ტექნიკის ექსპლუატაციის შეწყვეტის შედეგად მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით 144 000 ლარის ზიანი მიადგა.

მოპასუხე რ. ნ-მა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ შპს „მ-ის“ კუთვნილი ტექნიკა არ დაზიანებულა და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი იყო. მანვე განმარტა, რომ ზ. კ-ი გარდაცვლილი იყო.

2011 წლის 15 ნოემბერს შპს „მ-მა“ ზ. კ-ის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი გამოიხმო, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და ზ. კ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი განუხილველად დარჩა.

იმავე სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და რ. ნ-ისათვის დაზიანებული ქონების აღდგენის საფასურის - 5780 ლარის, ასევე საპროცესო ხარჯების - 800 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რევაზ ნოღაიდელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 5780 ლარის გადახდა, ასევე პროცესის ხარჯების - 800 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით, ამნისტიის აქტის საფუძველზე, შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის №172080429 საქმეზე, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2. სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ,,... 2008 წლის 14 სექტემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ს-ში, შპს ,,მ-ის“ კუთვნილ საბაზო სადგურზე, სადაც დამონტაჟებულია მობილური კავშირისათვის უზრუნველსაყოფილი ტექნიკა, მივიდნენ ქობულეთის რაიონის სოფელ ს-ის მაცხოვრებლები – ზ. კ-ი, რ. ნ-ი და წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, რომლებმაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მიზნით მოახდინეს მობილური კავშირისათვის უზრუნველსაყოფი ანძის კონსტრუქციის დემონტაჟი, რამაც გამოიწვია 32 581,7 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

3. სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას რ. ნ-მა აჩვენა, რომ ის და მისი ოჯახი, ასევე მთელი სოფლის მოსახლეობა, ანძის დადგმის წინააღმდეგი იყო, რადგან ანძიდან გამომდინარე გამოსხივება ვნებს ჯანმრთელობას. ჩვენებაში აღნიშნულია: „2008 წლის 14 სექტემბერს სოფელმა შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ მოგვეხდინა ანძის დემონტაჟი. არანაირი დამტვრევა ან დაზიანება არ მოგვიხდენია. ყველა ნივთი მოძრობილი იქნა და დალაგებული ა. კ-ის ეზოში. მე დაშლილ ხელსაწყოებს ვალაგებდი ძირს... ჩამოშვებულ ხელსაწყოებს ბილაინის ანძიდან ვალაგებდი ძირს, რომლის შემდეგაც ნივთები გადავიტანეთ იქვე მცხ. ა. კ-ის ეზოში“;

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა პირებმა - ვ. კ-მ, ზ. თ-მა და ნ. კ-მა განმარტეს, რომ მთელი სოფელის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა სოფელში შპს ,,მ-ის“ საბაზო გადამცემი სადგურის არსებობას, მაგრამ სოფლის მოსახლეობას მის დემონტაჟში მონაწილეობა არ მიუღია, მათ შორის მოპასუხე რ. ნ-საც. ანძა ჩამოხსნეს აწ გარდაცვლილი ზ. კ-ის მიერ დაქირავებულმა მუშებმა;

5. აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, აუდიტორ შემფასებელი გ. ლ-ს მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, ქობულეთში, სოფ. ს-ში მდებარე შპს „მ-ის” საკუთრებაში არსებული სარელეო გადამცემი ანძის აღდგენითი ღირებულება 2012 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენს 5780 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია სამართალდარღვევის (ბრალის) შემადგენლობის ყველა იმ მახასიათებელი ელემენტის არსებობა, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგოობა, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი, ამასთან ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ხოლო თუ სახეზე არ არის ზიანი, არ შეიძლება დადგეს ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით დგინდება, რომ 2008 წლის 14 სექტემბერს შპს „მ-ის“ ანძის კონსტრუქციის დემონტაჟმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. ამავე დადგენილებითა და სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით თავად რ. ნ-ის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ამ უკანასკნელმა წინასწარი გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შპს „მ-ის“ ანძის კონსტრუქციის დემონტაჟში, რაც მისი მხრიდან გამოიხატა მასში, რომ ბილაინის ანძიდან ჩამოშვებულ დაშლილ ხელსაწყოებს ალაგებდა ძირს. ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება, შპს „მ-ის“ ანძით რ. ნოღაიდელის რაიმე სახის უფლების ხელყოფა, სახეზეა, როგორც რ. ნ-ის ბრალეული ქმედება, ისე ფაქტობრივი ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ნ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არაობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები ერთადერთ მტკიცებულებაზე - რ. ნ-ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმზე დაყრდნობით დაადგინა. რ. ნ-ის ჩვენება ადასტურებს, რომ მას ანძის დემონტაჟში მონაწილეობა არ მიუღია, იგი უკვე დაშლილი ანძის დეტალებს ალაგებდა იქვე მცხოვრები ა. კ-ის ეზოში. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებებს შორის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასმართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (350 ლარის) 70% - 245 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ნ-ის (პირადი N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს 26.06.2012 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 350 ლარის, 70% - 245 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0069 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.