საქმე №ას-971-912-2012 26 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე „ჯ. ი-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარება, დაყადაღების ოქმიდან ამორიცხვა და მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდივიდუალურ მეწარმე „ჯ. ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ვ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა, ჯ. ი-ი აღიარებულ იქნეს ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ავტომანქანა „მიცუბიში პაჯეროს” სარეგისტრაციო ნომერი „... - ...“, №... ძარის მესაკუთრედ, ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო” სარეგისტრაციო ნომერი „... - ...“, ძარის ნომერი №..., ამორიცხულ იქნეს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მიერ 2009 წლის 4 დეკემბრის სპს „ვ. ჯ-ის” ს/ნ ... ქონების დაყადაღების (აღწერის) ოქმიდან და გამოთხოვილ იქნეს უკანონო მფლობელობიდან.
მოპასუხე ვ. ჯ-მა სარჩელი ცნო, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“ სარეგისტრაციო ნომრით „... - ...“ წარმოადგენს ჯ. ი-ის საკუთრებას. აღნიშნული გარემოება დასტურდება, როგორც მოპასუხე ვ. ჯ-ის განმარტებით, ასევე მოწმის ჩვენებით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით.
პალატა არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ჯ. ი-ს სადავო ავტომობილზე საკუთრების უფლება იურიდიულად არ წარმოშობია, ვინაიდან ავტომობილი არ არის დარეგისტრირებული შსს მომსახურების სააგენტოში.
პალატის განმარტებით, ავტომობილის სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის რეგულირების სფეროს სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული უზრუნველყოფის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. ამ ვალდებულების განხორციელება სადავო პერიოდში წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. შესაბამისად, ავტომანქანაზე, როგორც მოძრავი ნივთზე, ვრცელდებოდა მოძრავი ნივთის შეძენისათვის დადგენილი წესები.
რაც შეეხება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები და მიუთითა, რომ აღნიშნულ მუხლში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 17 ივლისს, რომელიც „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში კი გამოქვეყნდა 2012 წლის 3 აგვისტოს. ამასთან, დადასტურებულია, რომ მოსარჩელესა და ვ. ჯ-ს შორის სადავო ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა შედგა 2004 წელს, ანუ აღნიშნული კანონის მიღებამდე. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლებზე მითითებით, კანონის უკუძალის მინიჭება 2004 წელს განხორციელებულ სამოქალაქო ურთიერთობაზე ზიანის მომტანი იქნება მოსარჩელის, როგორც რეალური მესაკუთრისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია და არც მოპასუხე ვ. ჯ-ი ხდის სადავოდ, რომ მას და მოსარჩელეს შორის რეალურად მოხდა სადავო ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასევე დადასტურებულია, რომ შეთანხმებული თანხის გადაცემის შემდეგ მესაკუთრე ვ. ჯ-მა, როგორც მესაკუთრემ, სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ნივთი გადასცა შემძენს მოსარჩელე ჯ. ი-ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ფლობდა და განკარგავდა მას, როგორც მესაკუთრე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო მოძრავი ქონება, ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“ სარეგისტრაციო ნომრით „... - ...“, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.
ამასთანავე, პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლზე და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ავტომანქანა, როგორც ჯ. ი-ის საკუთრება, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი, როდესაც ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად საკმარისად დასაბუთებულია მაშინ, როცა საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ წარდგენილ საჯარიმო ქვითრებზე მხოლოდ მოლარის ხელმოწერაა და არ ჩანს გადახდის დანიშნულება, თანხის ოდენობა, გადახდის დრო და ა.შ. საქმეში ასევე წარდგენილია თიანეთის მუნიციპალიტეტის მობილიზაციის, აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2009 წლის 29 იანვრის აქტი, მაგრამ ამ დოკუმენტით არ დასტურდება, რომ სადავო ავტომანქანა ეკუთვნის ჯ. ი-ს.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციას არა მარტო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, არამედ საკუთრების უფლების დასადასტურებლადაც.
მოსარჩელემ სადავო ავტომანქანა შეიძინა 2004 წელს ზეპირი ხელშეკრულებით ვ. ჯ-ისაგან, მაგრამ მას საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება იურიდიულად არ წარმოშობია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე, 477-ე მუხლების დანაწესები და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.