საქმე №ას-982-923-2012 6 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ქ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – ლ. ქ-ის სარჩელის გამო, სს „ბ. ქ-ს“ მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, თანხის დაკისრებისა და საბარათე ანგარიშზე ასახვის თაობაზე და პალატამ
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი, თუმცა გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო ლ. ქ-ის წარმომადგენელ კ. ბ-სათვის (ტ.I, ს.ფ.200). განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 16 მაისი, ხოლო 30-ე დღე – 26 მაისი, ამდენად მხარეს და მის წარმომადგენელს შეეძლოთ მისულიყვნენ სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთებული განჩინება 2012 წლის 16 მაისიდან, 2012 წლის 26 მაისამდე. საქმის მასალებით მხარის ან მისი წარმომდგენლის მიერ დასაბუთებული განჩინების ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება, საქმეში ასევე არაფერი მოიპოვება იმის დასადასტურებლად რომ მხარემ შეასრულა თავისი ვალდებულება და მოითხოვა დასაბუთებული განჩინების ჩაბარება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს რომ, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2012 წლის 26 მაისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდიანრე საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 26 მაისს და დასრულდა 2012 წლის 15 ივნისს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვეტით ირკვევა, რომ მხარემ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 26 ივნისს (ტ.I, ს.ფ.235) გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულს უტყუარად ადასტურებს ასევე საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღი – 2012 წლის 24 ივნისი (ტ.I, ს.ფ.233).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს რომ, მოცემულ საქმეზე დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადა, რაც მისი განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი – 570.80 ლარი თანახმად 2012 წლის 26 ივნისის №7/65460 შემოსავლის ორდერისა, მაგრამ წარმოდგენილი ქვითრით არ ირკვევა რომელ ანგარიშზეა თანხა გადახდილი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ ეტაპზე დაუბრუნოს გადახდილი სახელმწიფიო ბაჟი კასატორს. პალატის ამგვარი განმარტება გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე, კერძო საჩივარზე დართული ქვითრით არ ირკვეოდა თანხის ჩარიცხვის დანიშნულება, რის გამოც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების დროს სასამართლომ ვერ დაუბრუნა გადახდილი თანხა კერძო საჩივრის ავტორს(იხ. სუსგ. №ვ-315-ბ-12-2012, 2012 წლის 16 მაისი)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.