Facebook Twitter

№ას-984-924-2012 16 ივლისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი მოპასუხე შ. ა-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს დაუბრუნდა გორში, მ-ის ქ.№13/32-ში მდებარე მისამართზე არსებული ოთხი სკამი (ხის მასალის). ამავე გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნის ნაწილში (ტომი 1, ს.ფ. 139-150).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მან მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, 2011 წლის 1 თებერვალს მასა და შ. ა-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 159-163).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 1 თებერვალს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ს. ს-მა შ. ა-ს საკუთრებაში საჩუქრად გადასცა ქ.გორში, ც-ის გ-ის №59-ში მდებარე უძრავი ქონება. ამის შემდეგ ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე;

ქ.გორში, ც-ის გ-ის №59-ში მდებარე უძრავი ქონების ფლობასა და სარგებლობას, როგორც სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, ისე გარიგების დადების შემდეგ, ახორციელებს ს. ს-ი;

შ. ა-ე სადავო ხელშეკრულების დადებამდეც ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს ქ.გორში, მ-ის ქ.№13/32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში;

შ. ა-ს სადავო ბინის გათავისუფლების მოთხოვნით თავად მოსარჩელისათვის, ან ს. ს-ის გამოსახლების შესახებ მოთხოვნით რომელიმე სახელმწიფო ორგანოსათვის არ მიუმართავს. შ. ა-ს მოსარჩელის იძულებითი წესით გამოსახლება არ უცდია;

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარში დაკონკრეტებულ იქნა, რომ სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან გამოვლენილი დიდი უმადურობა, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ერთ-ერთ ფაქტობრივ წინაპირობად აწესებს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ დიდ უმადურობას. თავისთავად ,,დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ გამოუვლენია რაიმე არაზნეობრივი საქციელი, რაც დიდ უმადურობად ჩაითვლებოდა. სააპელაციო საჩივარში მითითებული ის ფაქტი, რომ მოსარჩელის კეთილდღეობის საშუალებას წარმოადგენდა გადაცემული ბინა, ხოლო მისი პენსია საარსებო მინიმუმს ვერ უზრუნველყოფდა, ვერ იქნებოდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. ამ კონტექსტში სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება, რაც გამჩუქებლის ნების გამოვლენითა და დასაჩუქრებულის თანხმობით ხორციელდება. ამიტომ, აღნიშნული შედეგი იმთავითვე ნათელია გამჩუქებლისათვის, რომელიც ნივთს საკუთრებაში გადასცემს სხვა პირს უსასყიდლოდ.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა იმგვარი ნათესაური კავშირი, მამაშვილობა, რამაც შესაძლოა, წარმოშვას ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის დამახასიათებელი მორალური მოტივები. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულება სხვა მოტივებით, გამჩუქებლის რჩენის ვალდებულებით იყო განპირობებული და რომ მხარეთა ნება მიმართული იყო რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ, რაც გამჩუქებლისთვისაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად, ხოლო დასაჩუქრებულისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს. აპელანტი აპელირებდა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო, ერჩინა მოხუცი მშობელი. ამგვარი ვალდებულება მოსარჩელეს გააჩნდა არა ჩუქების ხელშეკრულებიდან, არამედ შრომისუუნარო მშობლის რჩენის კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, რაც ემიჯნება ჩუქების ურთიერთობიდან წარმოშობილ მოვალეობებს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მას გადაცემული ბინა სხვა შვილებისთვის ესაჭიროებოდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის სხდომის ოქმი). აღნიშნული განმარტება იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ჩუქების გაუქმების რეალურ მოტივს სწორედ სხვა შვილებისათვის ბინის გადაცემის სურვილი წარმოადგენდა, რაც არ შეიძლებოდა გამხდარიყო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი (ტომი 2, ს.ფ. 53-66).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება ს. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საკასაციო საჩივარი მოტივირებულია შემდეგნაირად:

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლების მოთხოვნები;

მართალია, ჩუქების ხელშეკრულებაში რაიმე წერილობითი პირობა არ დაფიქსირებულა, მაგრამ სიტყვიერი შეთანხმებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელის რჩენაზე, ავადმყოფობის პერიოდში მის სამედიცინო დახმარებაზე. მიუხედავად ამისა, შ.ა-ემ გამოიჩინა უმადურობა, საჩუქრად ბინის მიღების შემდეგ, არანაირი ყურადღება არ მიუქცევია და არც დახმარება გაუწევია გამჩუქებლისათვის. აღნიშნულს ადასტურებს მეზობლების მიერ ხელმოწერილი აქტი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ხსენებულ მტკიცებულებას ყურადღება არ მიაქციეს;

სასამართლომ განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ზნეობრივ საფუძველს. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიჩნევს სასამართლო მოპასუხის ქმედებას არაზნეობრივად;

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მატერიალური მდგომარეობის შეცვლას, გაუარესებას ან ჩუქების შემდეგ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნას და აღნიშნა, რომ სულიკო სტრელნიკოვი ჩუქების შემდეგაც დარჩა პენსიონერად, იგი რეგისტრირებული არ ყოფილა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სასამართლომ მოსარჩელის არგუმენტი არ გაიზიარა, ეს უკანასკნელი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნას ასაბუთებდა არა პენსიაზე მითითებით, არამედ აცხადებდა, რომ ჩუქების გამო მოესპო ბინის გაქირავების, დაგირავების და სხვა ისეთი უფლებები, რაც დამატებით საარსებო წყაროს გაუჩენდა შვილისგან დახმარების მიუღებლობის შემთხვევაში. დღეის მდგომარეობით მოსარჩელე წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს და იღებს საარსებო შემწეობას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე