საქმე №ას-985-925-2012 19 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ე. პ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ე, ნ. უ-ე, ხ. ი-ი, დ. ბ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ-ის, ნ. უ-ის, დ. ბ-ისა და ხ. ი-ის მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. პ-ის წარმომადგენლების – ი. და ლ. პ-ების შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით ე. პ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები – ნ. თ-ე, ნ. უ-ე, ხ. ი-ი და დ. ბ-ი არ არიან ქ.თბილისში, ლ-ის ქუჩა №4/2-ში მდებარე სახლის მე-2 სართულზე განთავსებული სადავო 18,07 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. პ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო საჩივარში ე. პ-მა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ლ-ის ქ.N4/2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნ. თ-ის საკუთრებაში არსებულ 9/20 ნაწილზე, ხ. ი-ის საკუთრებაში არსებულ 5/20 ნაწილზე და დ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ 3/20 ნაწილზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია მოპასუხეთა მხრიდან მათ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების რეალური საშიშროებით, რის შემდეგაც შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებისაგან თავის ასარიდებლად მიმართული მოპასუხის მოქმედებების მყისიერ და ეფექტურ შეკავებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით ე. პ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეებისათვის – ნ. თ-ის, ნ. უ-ის, ხ. ი-ისა და დ. ბ-ისათვის 2626 ლარის გადახდის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ლ-ის ქუჩა N4/2 მისამართზე მდებარე სახლის (საკადასტრო კოდი ...) მე-2 სართულზე განთავსებული 18,07 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელ სადგომზე მოსარჩელე ე. პ-ის მესაკუთრედ ცნობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია არა სასარჩელო განცხადება, არამედ სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნას ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271–ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად კანონით დადგენილი წესით. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით აღუსრულებლობისაგან დაიცვას ის გადაწყვეტილება, რომელიც არ ექვემდებარება აღსრულებას.
ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების) უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. პ-მა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მხარის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის დარღვევით.
დარღვეულ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, ვინაიდან ე.პ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე კანცელარიის მუშაკმა რამდენჯერმე განუხილველად გაუგზავნა საქალაქო სასამართლოს. ამდენად, მართლმსაჯულება განახორციელა კანცელარიის მუშაკმა.
სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირველეს მიზეზზე – სანივთო უფლებების უფლებრივი შეცვლის (მისი გასხვისების) საფრთხეზე.
სარჩელის უზრუნველყოფის ეტაპზე სასამართლომ არ უნდა შეაფასოს სარჩელის საფუძვლიანობა, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე – სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საფრთხეზე. მოცემულ შემთხვევაშიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განპირობებულია მოპასუხეთა მიერ სადავო ქონების გასხვისების საშიშროებით.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განცხადებელი ფაქტობრივად მოითხოვდა არა სარჩელის, არამედ მის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის დანაწესი.
პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს საკმარისად არგუმენტირებული და ემყარებოდეს არა მხოლოდ საპროცესო სამართლის იმ ნორმების ციტირებას, რომელიც მოსამართლეს ანიჭებს საპროცესო მოქმედების გამოყენების უფლებამოსილებას, როგორც ეს გასაჩივრებულ შემთხვევაში, არამედ ამ ჭრილში უნდა იხილავდეს ყველა ასპექტს, რომელიც ამართლებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რათა აცილებულ იქნეს მართლმსაჯულების ფორმალური გამოყენება. ამდენად, სასამართლომ ვერ უზრუნველყო სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით ე. პ-ის საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო განსახილველად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 191-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი არის განსახილველ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება-გამოუყენებლობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო არ ამოწმებს, რამდენად დასაბუთებულია სარჩელი, რამდენად გამომდინარეობს მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება.
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
კანონმდებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ნებისმიერი სარჩელის მიმართ, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად.
კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობაში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შესძლებს, დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის – ნ. თ-ის, ნ. უ-ის, ხ. ი-ისა და დ. ბ-ისათვის მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ლ-ის ქუჩა N4/2-ში მდებარე სახლის (საკადასტრო კოდი ...) მე-2 სართულზე განთავსებული 18,07 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელ სადგომზე ე. პ-ის მესაკუთრედ ცნობა.
პალატამ განმარტა, რომ „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი როგორც მესაკუთრეს ასევე მოსარგებლეს აკისრებს ურთიერთვალდებულებებს, რომელიც გადადის მათ უფლებამონაცვლეებზეც როგორც სანივთო უფლება. უძრავ ნივთზე მესაკუთრის შეცვლა თავისთავად არ ათავისუფლებს ახალ მესაკუთრეს მითითებული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას სასამართლო აფასებს, არსებობს თუ არა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო შესაძლოა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გართულდეს ან ვერ აღსრულდეს საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა არ არსებობს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღუსრულებლობისაგან დაცვის სავალდებულო საფუძველი, რის გამოც საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამასთან, პალატამ კვლავ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. პ-ის სასარჩელო მოთხოვნა. პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნას ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, იმ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.პ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენდაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება.
ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფისას სასამართლო ითვალისწინებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ პერსპექტიულობას, თუმცა თავისთავად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლოს სადავო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვას არ აწესებს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ე. პ-ის მოთხოვნას ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, თუმცა ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა არ არსებობს და მხარემ სადავო საპროცესო ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე. პ-ის სარჩელი მოპასუხეთა კუთვნილი საცხოვრებელი სადგომის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდის შემდეგ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ. მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ნივთი მოპასუხეთა საკუთრებას არ წარმოადგენს და ედვარდ პეტრიაშვილი მოპასუხეთა კუთვნილ ფართში არ ცხოვრობს. აღნიშნული კი წარმოადგენს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს ისეთი გარემოების არსებობას, რაც სამომავლოდ გაართულებს ან ხელს შეუშლის მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. განსახილველი საქმიდან არ გამომდინარეობს არც სადავო ფართის გასხვისების ან სხვაგვარად დატვირთვის საშიშროება.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება მხარის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტები, რომ სასამართლომ დაგვიანებით განიხილა მისი განცხადება და სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის მოხელემ რამდენჯერმე გადააგზავნა მისი განცხადება ქვემდგომ სასამართლოში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ე. პ-ის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისისა და 3 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.