Facebook Twitter

საქმე №ას-992-931-2012 23 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორი - ნ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 13 თებერვალს მ. კ-სა და ნ. ს-ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანი იყო 55000 აშშ დოლარი, რომელიც მსესხებელს 4 თვეში უნდა დაებრუნებინა. ნ.ს-მა ნასესხები თანხიდან მხოლოდ 31 000 დოლარი გადაიხადა.

ნ. ს-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია 2008 წლის 13 თებერვლის ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე. 2008 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ, ფართობის შემცირების გამო, შემცირდება იპოთეკის საგნის ფასი, შესაბამისად, შემცირდება ნ.ს-ის მიერ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა, თითოეულ კვადრატულ მეტრზე 3000 აშშ დოლარით. ამასთან, მხარეებს შორის დაიდო არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულება. შეძენილი ქონება წარმოადგენს 37 კვ.მ-ს, რომლის ღირებულებაც გადაიხადა მოპასუხემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

2012 წლის 10 მაისს ნ. ს-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამასთან იშუამდგომლა სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის განჩინებით ნ. ს-ის შუამდგომლობა სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ.ს-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით, წარდგენილი საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განჩინებით ნ. ს-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ შეისწავლა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული გარემოებების არსებობას საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის. თუ დავუშვებთ, რომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანისას ობიექტურად არსებობდა განცხადებაში მითითებული გარემოება ნ. ს-ის მიერ შეძენილ და მისთვის რეალურად გადაცემულ ფართობებს შორის სხვაობის თაობაზე, ამ შემთხვევაში განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს ის გარემოება, რომ ნ. ს-ისთვის საქმის განხილვის მომენტში უცნობი არ ყოფილა ის გარემოება, რასაც ის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს, კერძოდ, მ. კ-ის სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად, მოპასუხე ნ. ს-ის შესაგებლის პოზიცია, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მ. კ-ისაგან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი 45 კვ.მ ფართი, რეალური მდგომარეობით შეადგენდა 37,24 კვ.მ-ს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საქმის მასალებში ნ. ს-ის მიერ წარმოდგენილ იქნა არაერთი წერილობითი მტკიცებულება, მათ შორის საპროექტო დოკუმენტაცია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ მტკიცებულებები წარმოდგენილია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მისთვის ფაქტობრივად გადაცემული ფართი ნაკლებია, ვიდრე მის მიერ მ. კ-საგან შეძენილი ფართობი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ რეალურად ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. ს-ის საკუთრების უფლება გადაცემულია ი.ბ.ა ამხანაგობა „ბ. 2005-ში“ მ. კ-ის წილზე, რომელიც განისაზღვრებოდა ქ.თბილისში, ბ-ის ქ. N8-ში მდებარე (მშენებარე) 45 კვ.მ საოფისე ფართი. ამასთან, საჯარო რეესტრში ნ. ს-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ბ-ის ქ. N8-ში მდებარე (მშენებარე) 45 კვ.მ საოფისე ფართზე და ამხანაგობაში მისი წილი შემცირებული არ არის, რაც შენარჩუნებული იყო 2008 წლის 3 ოქტომბრის მონაცემებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, შენობის მშენებლობის დასრულებისა და ინდივიდუალური საკუთრების ფართობის დასადგენად აზომვითი სამუშაოების შესრულებისას, ასევე არქიტექტურის სამსახურის პროექტის შეთანხმების შემდეგ უძრავი ნივთის ფართობი შეადგენს არა 45 კვ.მ-ს, არამედ 37.22 კვ.მ-ს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული დასკვნის არარელევანტურია და საქმის განხილვისას მითითების შემთხვევაშიც არ ქმნის განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისისა და 4 ივნისის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ს-მა შემდეგი დასაბუთებით: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, კერძოდ, შპს „ნ. პ-ის“ მიერ 06.04.2012 წელს შესრულებული აზომვითი ნახაზი, ქ. თბილისის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 10.04.2012 წლის #116043 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან #882012156538 – 12/04/2012, მომზადების თარიღი - 27/04/2012, ამხანაგობა „ბ-ი 2005-ის“ ვალის აღიარების ხელწერილი - 28.04.2012, ასევე საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები (24.04.2012 წ. და 07.05.2012 წ.) ადასტურებდა, რომ შენობის მშენებლობის დასრულებისა და ინდივიდუალური საკუთრების ფართობის დასადგენად აზომვითი სამუშაოების შესრულების, ასევე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ პროექტის შეთანხმების შემდეგ, უძრავი ქონების (ს/კ #...) ფართობი ფაქტობრივად შეადგენს არა 45 კვ.მ-ს, არამედ 37.22 კვ.მ-ს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის გასაჩივრებულ განჩინებასთან დაკავშირებით ნ.ს-მა მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლში გასაჩივრების წესის მიუთითებლობა არ გულისხმობს აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში.

განსახილველ შემთხვევაში ნ.ს-ი მოითხოვს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და, ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიუთითოს ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

კერძო საჩივრის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 10 მაისს წარდგენილ განცხადებაში უთითებდა, რომ სასამართლოს მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღმოჩენილი გარემოებები და წარუდგინა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე, ან გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შეიცვალა ვითარება და გამოვლინდა ახალი გარემოეები.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სადავო ფართი იყო 37 კვ.მ და არა 45 კვ.მ საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესის საწინააღმდეგოდ კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო. აღნიშნული ირკვევა ნ.ს-ის მიერ 2011 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლიდანაც.

რაც შეეხება, 2012 წლის 10 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებასა და საქართველოს უზენაესს სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს, კანონის ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, არ მიუთითებია იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან აღნიშნულის შესახებ შეიტყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და მას ამ მტკიცებულებების მოპოვება და წარმოდგენა საქმის განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შეეძლო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის სააღსრულებო წარმოების შეჩერებასთან გასაჩივრებულ განჩინებაზე, კერძოდ: საქმის განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას. ამ გამონაკლისის დაშვებით საფრთხე არ უნდა შეექმნას იმ ზოგად წესს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ვინაიდან უფლების შესახებ დავა ყოველთვის ქმნის ამ უფლების განუსაზღვრელობას. ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილებით დაცული უფლების მუდმივად ეჭქვეშ დაყენება. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აღსრულდეს. მისი აღსრულების შეჩერება მხოლოდ დასაბუთებული საჭიროებისას, გამონაკლის შემთხვევაში უნდა მოხდეს. კანონის აღნიშნული დანაწესი განპირობებულია იმით, რომ აღსრულების შეჩერებამ არ უნდა დააზარალოს მხარე, რომლის უფლებაც გადაწყვეტილების გამოტანამდე დარღვეული იყო და სწორედ ამ გადაწყვეტილებით მოხდა მისი უფლების სასამართლო წესით დაცვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით შეიძლება, გარკვეული ზიანი მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ განმცხადებელმა მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შესაბამისი გარანტიები წარადგინოს. აღნიშნული კი, კონკრეტულ შემთხვევაში, ნ.ს-ის მიერ არ განხორციელებულა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლში გასაჩივრების წესის მიუთითებლობა არ გულისხმობს აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს ნ.ს-ის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ნორმის არასწორ განმარტებას არ მოყოლია მხარისათვის უარყოფითი შედეგი, ვინაიდან კერძო საჩივრის განმხილველ საკასაციო სასამართლოს ინიციატივით კერძო საჩივარი დაშვებულია და განხილული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ს-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისისა და 4 ივნისის განჩინებების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისისა და 4 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.