№ას-993-932-2012 13 ივლისი 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჟ. ბ-ის წარმომადგენლის ლ. ლ-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების თბილისის სააღსრულებო ბიუროს, დ. კ-ისა და მ. ი-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულ;ებლის მიერ დაყადაღებული „მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ 2010 წლის 29 აპრილის აქტში მითითებული სადავო ქონების რეალიზაცია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ბ-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჟ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრი შეიტანა მ. ი-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებით მ. ი-ის უფლებამონაცვლედ მოცემულ დავაში ჩაბმულ იქნა ნ. კ-ი.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ბ-ის წარმომადგენელმა ლ. ლ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჟ. ბ-ი და მისი წარმომადგენელი ლ. ლ-ა ესწრებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის სასამართლო სხდომას (ს.ფ.201-203). აქედან გამომდინარე საოქმო განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2012 წლის 18 ივნის, ხოლო ჟ. ბ-ის წარმომადგენელმა ლ. ლ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიმდინარე წლის 19 ივნისს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. ბ-ის წარმომადგენლის ლ. ლ-ს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.