საქმე №ას-997-936-2012 26 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ელენე სანებლიძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხე - ა. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის დაბრუნება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ისა და ე. ს-ის მიმართ ა. მ-ისთვის სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ კრედიტის ძირითადი თანხის - 7956 აშშ დოლარის და 79 ცენტის, კრედიტის სარგებლის - 1480 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 50 800 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით, ე. ს-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირ N24-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული N26 ბინის (წილობრივი მონაცემებით 73.00/2379.00, საკადასტრო კოდი N...) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
ა. მ-მა კრედიტის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო და დამატებით განმარტა, რომ, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ შეძლო პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო მოპასუხე ე. ს-მ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გარიგება დადებულია მოტყუებით, რადგანაც ჯერ გაფორმდა იპოთეკის და შემდეგ საკრედიტო ხელშეკრულება. სს „ს. ბ-ი“ და ა. მ-ი არღვევენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელზეც პასუხი არ უნდა აგოს ე. ს-მ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. მ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 7956 აშშ დოლარისა და 79 ცენტის, სარგებლის - 1480 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 5080 აშშ დოლარის გადახდა, საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ე. ს-ის კუთვნილი, ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირ N24-ში მდებარე N26 ბინა (წილობრივი მონაცემებით 73.00/2379.00, საკადასტრო კოდი N...), ამავე გადაწყვეტილებით მხარეთა შორის განაწილდა სასამართლო ხარჯები, ხოლო სს „ს. ბ-ს“ უარი ეთქვა აღსრულების დამატებითი წესის განსაზღვრაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ს-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატის მითითებით, 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტ ე. ს-ს დაევალა 580.67 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, მის მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით, ასევე დაევალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების განმარტება და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება. 2012 წლის 14 მაისს, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ვ. ნ-მ, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის - 787.20 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფძველზე განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, მხარისათვის მიეკუთვნებინა ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განჩინებით ე. ს-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების კონკრეტულად განმარტებისა და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის დაზუსტებისათვის, ასევე ვ. ნ-ის საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობის წარსადგენად.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა 2012 წლის 30 მაისს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 31 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 4 ივნისს. საქმის მასალებით კი ე.ს-ის მიერ ხარვეზის გამოსწორების ფაქტი არ დასტურდებოდა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ს-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის წესით განსახილველად სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მითითებული მოთხოვნები მხარემ სრულად გამოასწორა 2012 წლის 31 მაისს, რაც დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისაღების მიერ გაცემული N2/5475 სარეგისტრაციო ბლანკით. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მხარე მიწვეულ იქნა მოსამზადებელ სხდომაზე, რომელიც მხარეთა თანხმობის გარეშე, გადაიზარდა მთავარ სხდომაში, აღნიშნული გამო, კერძო საჩივრის ავტორს არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეკვლია მტკიცებულებები. ასევე, საქალაქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ამავე სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 378-ე, 401-ე და 403-ე მუხლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით განსაზღვრულია კერძო საჩივრის დასაშვებობისა და მისი განხილვის წესი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგამონაკლისო წარმოების სახეს განეკუთვნება და ამ თავში ზედმიწევნითაა ასახული ის საკითხები, რომელთაც საქმის ამ წესით განხილვისათვის საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს. დასახელებული კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კანონის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ განჩინებებზე.
განსახილველ შემთხვევაში ე.ს-ის მოთხოვნა შეეხება ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნებას, რაც ამ ნაწილში კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასევე ვერ შეაფასებს და წინამდებარე განჩინებას საფუძვლად ვერ დაუდებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან ამ ნაწილში კერძო საჩივარი დაუშვებელია, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვეღარ გახდება (აღნიშნული უსწორობების საფუძვლიანობა შესაძლოა საკასაციო პალატის კვლევის საგანი გამხდარიყო საქმის საკასაციო წესით განხილვის შემთხვევაში, თანახმად სსსკ 404-ე მუხლის მე-2 ნაწილისა).
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მხარემ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა 2012 წლის 31 მაისს და აღნიშნული კერძო საჩივარის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებითაა დადასტურებული, საკასაციო პალატა აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს შემდეგს:
საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ე. ს-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა კონკრეტული საპროცესო მოქმედებების განხორციელება.
დადგენილია ისიც, რომ, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, აპელანტმა სასამართლოს მიმართა 2012 წლის 14 მაისს და დაკისრებული საპროცესო მოქმედება ნაწილობრივ განახორციელა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით, აპელანტს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით ხარვეზის სრულყოფილად გამოსწორებისათვის.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ე.ს-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, პირადად ჩაბარდა 2012 წლის 30 მაისს (აღნიშნული ასევე არ წარმოადგენს სადავო გარემოებას).
საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის არსებითად სწორი განმარტებით, პალატამ სავსებით მართებულად ჩათვალა, რომ ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 31 მაისს, სასამართლო შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და ამოიწურა ამავე წლის 4 ივნისს, ორშაბათს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, არსებობდა ე.ს-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რადგანაც, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობად ვერ ჩათვლის მხარის მიერ წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების მიერ გაცემული ბლანკის ასლს, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება 2012 წლის 31 მაისითაა დათარიღებული, ის არ ასახავს სააპელაციო სასამართლოსათვის მიმმართველი პირის ვინაობას, არ ამტკიცებს თუ რომელი საქმის გამო მიმართა პირმა სასამართლოს, რა მტკიცებულება იქნა წარდგენილი ამ პირის მიერ და ა.შ, რაც მთავარია, საქმის მასალებში არ მოიპოვება ბლანკზე მითითებული თარიღით წარდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით კი განსაზღვრულია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, ვინაიდან მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ არის სადავოდ მიჩნეული გარემოების უტყუარად დამადასტურებელი, ის კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობად ვერ იქნება ჩათვლილი, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არსებითად სწორი განმარტებით უთხრა უარი ე. ს-ს სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ს-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის წესით განსახილველად დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად კერძო საჩივრის დაუშვებლობის გამო. ე. ს-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.