საქმე №ა-2696-ა-15-2012 30 აგვისტო, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - შპს „ა-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ მიმართ 2006 წლის 20 თებერვლის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბლექსის“ დირექტორის 2011 წლის 5 სექტემბრის N01-02/50 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის 24 მაისის განჩინებით შპს „ა-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-3 პუნქტების შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე შპს „ა-ის“ დირექტორ რ. ნ-ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 24 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 25 მაისს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - 27 მაისი, ემთხვეოდა უქმე დღეს, საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 28 მაისს. შპს „ა-ის“ დირექტორ რ. ნ-ის განცხადება და სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითარი, განცხდებაზე დართული კონვერტის თანახმად, ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 29 მაისს, საპროცესო ვადის დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ა-მ“, მოთხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:
საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით კასატორმა ფოსტას მიმართა არა 2012 წლის 29 მაისს, არამედ, 28 მაისს, აღნიშნული გარემოება დასტურდება დოკუმენტის ჩაბარების შესახებ საფოსტო ქვითრებითა და შპს „ს. ფ-ის“ საერთაშორისო ურთიერთობათა ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს 2012 წლის 12 ივნისის N15/6/2-3193 პასუხით. ის გარემოება, რომ საკასაციო პალატისათვის გადაცემულ კონვერტზე არასწორად იყო მითითებული მიმართვის თარიღი განმცხადებლისათვის უცნობი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს „ა-ის“ ზემოაღნიშნული განჩინება მიჩნეულ იქნა დასაშვებად რის თაობაზეც ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შპს „ა-ის“ განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით. ამავე კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვის ეტაპზე იქნა განუხილველად დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა განახლდეს შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობის გარკვევის ეტაპზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა-ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინება შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და განახლდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად წარმოებაში მიღების ეტაპიდან.
3. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.