საქმე №ას-1019-955-2012 30 აგვისტო, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ფ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამხანაგობა „ფ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „ფ-ის“ მიმართ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის - 2010 წლის მაისიდან ბინის გადაცემამდე ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2010 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ ამხანაგობა „ფ-ისაგან“ 28000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად ქ.ბათუმში, ლ-ის ქN31/37-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის „ბ“ კორპუსში შეიძინა მშენებარე 75 კვ.მ N58 ბინა. მოსარჩელემ სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, რაც დადასტურებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2010 წლის მაისი. ნ.მ-მ თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით აიღო სესხი, თუმცა მოპასუხემ ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულება ვერ უზრუნველყო, უფრო მეტიც, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა კვლავ დაუსრულებელია, აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ.მ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით. მიუხედავად მოლაპარაკების არაერთი მცდელობისა, მოსარჩელემ მოპასუხესთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით კი, ამხანაგობა „ფ-ის“ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „ფ-მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. მ-მ, მოპასუხედ ამხანაგობა „ფ-ი“ დაასახელა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს გაუგზავნა სასარჩელო განცხადება და თანდართული დოკუმენტები, რომელიც 2011 წლის 28 დეკემბერს ჩაბარდა მოპასუხე ამხანაგობა „ფ-ის“ ოფის მენეჯერ რ. ბ-ს. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილით მოპასუხეს დაევალა 5 დღის ვადაში წარედგინა შესაგებელი სასარჩელო განცხადებაზე და განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამხანაგობა „ფ-ს“, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
პალატამ, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით და განმარტა, რომ მოპასუხე ამხანაგობა „ფ-ს“ სასამართლოსათვის არ უცნობებია შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. პალატის განმარტებით, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა შემდეგი სავალდებულო პირობები: მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა; სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. პალატამ ჩათვალა, რომ მითითება თანხის გადახდის ვალდებულების არსებობაზე, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისაგან, სამოქალაქო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, იურიდიულად გამართლებული იყო.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „ფ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამხანაგობა „ფ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებით პალატამ დაარღვია კანონი, კერძოდ, მან არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა მოთხოვნები, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი თანდართული მასალებით გაიგზავნა ამხანაგობის მისამართზე, აღნიშნული დასკვნა არასწორია, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელი გაგზავნილ იქნა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ.ბათუმში, გ-ს ქN13-ში, ამხანაგობა „ფ-ის“ მისამართი კი ქ.ბათუმი, ლ-ის ქN31/37-ია, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე კი, მდებარეობს შპს „ჯ-ი“, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია როგორც მოპასუხის, ისე მისი წარმომადგენლის განმარტებით, ამდენად, სარჩელის თაობაზე მოპასუხე არ ყოფილა ინფორმირებული. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი ჩაბარდა ამხანაგობის ოფის მენეჯერ რ. ბ-ს, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან მოპასუხე ბინათმშენებლობის ამხანაგობაა და მას არანაირი საშტატო განრიგი, მათ შორის ოფის მენეჯერის თანამდებობა არ გააჩნია, შესაბამისად, რ.ბ-ს ამხანაგობისათვის სარჩელი არ გადაუცია. სწორედ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაუბარებლობის გამო არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად საპროცესო ვადა განესაზღვრა 5 დღით და განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზების თაობაზე, ასევე ის, რომ ამხანაგობა „ფ-ს“ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ამხანაგობა „ფ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა იბა „ფ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც აღნიშნულ საკითხზე არსებობს საკასაციო პალატის მიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას იბა „ფ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ფ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ჯ-ის მიერ 2012 წლის 27 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 897,32 ლარის 70% – 628,124 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ფ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ფ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ჯ-ის მიერ 2012 წლის 27 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 897,32 ლარის 70% – 628,124 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.