№ას-1046-981-2012 1 აგვისტო, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. კ-ის წარმომადგენლის ფ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – რ. კ-ის სარჩელის გამო მოპასუხე დ. ქ-ის მიმართ თანხის დაკისრება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ რ. კ-ის წარმომადგენლის ფ. ბ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 3 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის – 350 ევროს (ეკვივალენტი ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად უკვე გადახდილი 270 ლარის გათვალისწინებით.. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება კასატორს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 17 ივლისს (ს.ფ.223), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 20 ივლისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2012 წლის 23 ივლისს რ. კ-მა ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2012 წლის 20 ივლისს, ხოლო მის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 23 ივლისს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. კ-ის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 713 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. კ-ის წარმომადგენლის ფ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. რ. კ-ს ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟი - 713 ლარის ოდენობით
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.