საქმე №ას-1049-984-2012 30 აგვისტო, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. რ. რ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ძ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ძ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. რ. რ. ა-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - 35000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის განმარტებით, მან 2010 წლის 20 აგვისტოს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. რ. რ. ა-ის უპროცენტოდ ასესხა 35000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების ვადად მხარეებმა განსაზღვრეს 2011 წლის 20 აგვისტო. აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა მიერ შედგენილი ხელწერილით. მოპასუხეს თანხის დაბრუნების ვალდებულება არ განუხორციელებია, რაც სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელში მითითებული გარემოებები არასწორია და არ ქმნის მისი დაკმაყოფილების საფუძველს, მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხა არ გადაუცია, საქმეში წარმოდგენილ ხელწერილს კი არ აქვს მხარეთა ხელმოწერები, რის გამოც აღიარება არ უნდა იქნას მიჩნეული ნამდვილად, კერძოდ, არ დასტურდება მხარეთა ნების არსებობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით როდამ ძნელაძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. რ. რ. ა-ის რ. ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 35000 აშშ დოლარის, ასევე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1722 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებით ა. რ. რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ რ. ძ-სა და ა. რ. რ. ა-ის შორის, 2010 წლის 20 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე (ა. რ. რ. ა-ი) უპროცენტოდ გაიცა სესხი - 35000 აშშ დოლარი. ვალის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 20 აგვისტო. პალატამ მიუთითა მოწმის სახით დაკითხული ს. ბ-ის ჩვენებაზე, რომელიც თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. ჩვენების თანახმად, მოწმემ განმარტა, რომ ა. რ. რ. ა-ის თანდასწრებით, მისი კარნახით შეადგინა 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილი; ხელწერილის შინაარსი სიტყვა-სიტყვით უთარგმნა რ. ა-ის; რ. ა-იმ პირადად გააკეთა მინაწერი ბლანკზე და დაუსვა ბეჭედი; ხელწერილს, მისი და რ. ა-ის თანდასწრებით მოაწერა ხელი რ. ძ-მ. მოწმედ დაკითხულმა ნ. ქ-მ უარყო ის ფაქტი, რომ მას ა. რ. რ. ა-ის ფირმის ცარიელი ბლანკები და ბეჭედი ჰქონდა; მანვე განმარტა, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულების სახით წარდგენილი ხელწერილი იმის შესახებ, თითქოს ა. რ. რ. ა-იმ მას, როგორც თავის ბიზნეს პარტნიორს, გადასცა დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული ფირმის ცარიელი ბლანკები, არ არის მის მიერ დაწერილი და არც ხელწერილზე არსებული ხელმოწერა არ არის მის მიერ შესრულებული. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ უარყო 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილის ნამდვილობა, შესაბამისად, უარყო რ. ძ-ისაგან სესხის აღებისა და მის მიმართ ვალის არსებობის ფაქტი. 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილზე „მსესხებელის“ გასწვრივ შესრულებულია ლურჯი მელნით ხელმოწერა და მასზედ დასმულია არაქართული წარწერით მრგვალი ბეჭედი. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ბეჭედი ეკუთვნის რ. ა-ის ფირმას. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა 2010 წლის 7 ივლისით დათარიღებული ხელწერილის ქსეროასლი, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „მე ნ. ქ-ე, ა. რ. რ. ა-ის ბიზნეს პარტნიორი ვადასტურებ, რომ ა.რ. რ. ა-იმ, გადმომცა მისი კუთვნილი ირანული კომპანიის 20 (ოცი) ერთული ხელწერილი და ბეჭედდარტყმული ცარიელი ბლანკი...“. მოსარჩელემ სადავო გახადა 2010 წლის 7 ივლისით დათარიღებული ხელწერილის ნამდვილობა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარემ წარადგინა თარჯიმნის, გ. ს-ის მიერ ხელმოწერილი შემდეგი შინაარსის ტექსტის ქსეროასლი: „ა. რ. რ. ა-ის კომპანიის კუთვნილ ბლანკზე დარტყმულ ბეჭედს ახლავს წარწერა: „ძალაშია მხოლოდ საბანკო კონტრაქტისათვის“. მოსარჩელემ სადავო გახადა გ. ს-ის მიერ ხელმოწერილი თარგმანის 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილის საფუძველზე შესრულების ფაქტი.
პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 627-ე მუხლებზე, ამასთან, განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს პრინციპი, რომ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ნაწილდება თანაბრად. მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ვინაიდან, 2010 წლის 7 ივლისით დათარიღებული ხელწერილი, სადაც დაფიქსირებულია შემდეგი: „მე ნ. ქ-ე, ა.რ. რ. ა-ის ბიზნეს პარტნიორი ვადასტურებ, რომ ა. რ. რ. ა-იმ, გადმომცა მისი კუთვნილი ირანული კომპანიის 20 (ოცი) ერთული ხელწერილი და ბეჭედდარტყმული ცარიელი ბლანკი...“ წარმოდგენილი იქნა მოპასუხის მიერ ქსეროასლის სახით, რაც სადავო გახადა მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხეს ამ ხელწერილის დედნის წარუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზი არ მიუთითებია. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად, ხელწერილს მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ მიანიჭა. პალატამ ასევე მიუთითა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულ ნ. ქ-ის ჩვენებაზე, სადაც მოწმემ უარყო ხელწერილის ნამდვილობა და მასზე მისი ხელმოწერა, რაც, პალატის მტკიცებით, კიდევ ერთხელ ადასტურებდა მოპასუხის მითითების უსწორობას. ვინაიდან, მოსარჩელემ სადავო გახადა გ. ს-ის მიერ ხელმოწერილი თარგმანის 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილთან შესაბამისობა, ხოლო მოპასუხეს ამ ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ აღნიშნული თარგმანი შესრულებულია 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილის საფუძველზე. სასამარლო არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას მოწმეთა მიკერძოებისა და მათი ჩვენებების არასარწმუნოობაზე და განმარტა შემდეგი: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ს. ბ-ის ჩვენებიდან არ გამოვლენილა არც ერთი ისეთი გარემოება, რომელიც წარმოქმნიდა ვარაუდის საბაბს, რომ მისი ჩვენება მიკერძოებულია და მასზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა ფაქტორებმა (მათ შორის მოსარჩელემ). მოწმემ საკმაოდ დეტალურად და საქმიანად აღწერა მომხდარი, რის შედეგადაც ნათლად ჩანდა, რომ მას კარგად ახსოვდა ყველაფერი. მისი ჩვენების დეტალურობა მეტყველებდა იმაზე, რომ მოწმე არ ტყუოდა. გარდა ს.ბ-სა, მოწმე ნ. ქ-ის ჩვენებაც თანმიმდევრული, კატეგორიული იყო, არ იძლეოდა მასში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მათი გაზიარების საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან, ამავე კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოპასუხემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილი მის მიერ ხელმოწერილი არ ყოფილა და ყალბია, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას, რომ სადავო ხელწერილი წარმოდგენდა სესხის ხელშეკრულებას, სადაც დაფიქსირებული იყო ძირითადი თანხა და ვალის გასტუმრების ვადები. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ვინაიდან თარჯიმანი ს.ბ-ა არ ფლობდა ფარსის ენას, მისი ჩვენება ხელწერილთან დაკავშირებით გაზიარებული არ უნდა ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილი ხელმოწერილი იქნა ა.რ. რ. ა-ის მიერ, დასტურდებოდა, რომ ხელწერილის შინაარსი მისთვის ცნობილი იყო, რომლის თარგმანიც აპელანტისათვის ცნობილ ენაზე განახორიელა ს.ბ-მ.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 429-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 430-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენდა 2010 წლის 20 აგვისტოს ხელწერილში დაფიქსირებული 35000 აშშ დოლარის ა. რ. რ. ა-ის მიერ რ. ძ-ისათვის დაუბრუნებლობის ფაქტი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის თაობაზე დასაბუთებული იყო.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. რ. რ. ა-იმ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე აურის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ორმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობისათვის გათვალისწინებულია სპეციალური ფორმის დაცვა და სავალდებულოა ნება მეორე მხარემ მიიღოს, რათა ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს. კონკრეტულ შემთხვევაში სადავოს საკომპენსაციო თანხის გადაცემა წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დადებულად, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან, საამისოდ გათვალისწინებული ფორმის დაცვით. დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა ვალის აღიარების ნამდვილობის თაობაზე იმ პირობებში, რომ დოკუმენტი კასატორის ხელმოწერას არ შეიცავს. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რადგანაც საქმეში წარმოდგენილია ნ. ქ-ის ხელმოწერილი დოკუმენტი მის მფლობელობაში ა. რ. რ. ა-ის ფირმის ტიტულიანი ფურცლების არსებობის თაობაზე, რომელთა ნაწილზე შესრულებულია წარწერა მისი ნამდვილობის თაობაზე საბანკო ოპერაციებთან მიმართებით. აღნიშნულისაგან განსხვავებული რაიმე დოკუმენტი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საყურადღებოა, რომ ვალის არსებობის აღიარების დოკუმენტი არც მოსარჩელის ხელმოწერას შეიცავს, კერძოდ, დოკუმენტზე მითითებულია მოსარჩელის სახელი და გვარი და მის შემდეგ დატოვებულია ადგილი ფაქსიმილიესათვის, თუმცა ეს ადგილი ცარიელია, სარჩელზე არსებული ხელმოწერის შესაბამისად კი, დასტურდება, რომ მოსარჩელე სწორედ ამ ნიმუშის მიხედვით აწერს ხელს და არა დოკუმენტში მითითებული ინიციალების სრულად გადმოცემით.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას რომ საქმეში წარდგენილი ხელწერილი ვალის აღიარებაა, მისი განმარტებით, ტიტულიანი ფურცლის გამოყენების არეალი განსაზღვრულია საბანკო ოპერაციებისათვის, ამასთან, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა თარჯიმნის ჩვენება, რადგანაც ამავე მოწმემ დაადასტურა ფარსის ენის არცოდნის ფაქტი, ასევე განმარტა, რომ იცის მხოლოდ აზერბაიჯანული ენა, ამასთან, სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილ ტიტულიან ფურცელზე ფარსის ენაზე შესრულებული ხელმოწერის თარგმანზე. ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა ხელმოწერილი ტიტულიანი ფურცლების ნ. ქ-ისათვის გადაცემის საკითხზე. საქმეში წარმოდგენილი ნ.ქობულაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით (რომელიც კასატორის ბიზნეს პარტნიორი იყო და რომლს მეშვეობითაც ახორციელებდა საბანკო ოპერაციებს კასატორი საქართველოში), დადასტურებულია აღნიშნული გარემოება, საყურადღებოა, რომ მოსარჩელე და მოწმე ნ.ქ-ე ნათესავები არიან და სადავო პერიოდში ერთობლივად ეწეოდნენ გარკვეულ საქმიანობასაც. აღნიშნული განამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ნაზიმ ქობულაძე დაეხმარა რ. ძ-ს სესხის ხელშეკრულების შექმნაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ა. რ. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. რ. რ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. რ. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. რ. რ. ა-ის უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. ა-ის მიერ 2012 წლის 27 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 2907.98 ლარის 70% – 2035,586 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. რ. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ა. რ. რ. ა-ის (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. ა-ის მიერ 2012 წლის 27 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 2907.98 ლარის 70% – 2035,586 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.