Facebook Twitter
saqme #as-341-325-2011 12 oqtomberi, 2011 weli

საქმე №ას-1065-999-2012 30 აგვისტო, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ხ. ჭ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ჭ-ს კანონიერი წარმომადგენელი ლ. ხ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ჭ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ხ-ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის – 30 000 ლარის გადახდის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 24 ნოემბერს ხ. ჭ-სა და ლ. ჭ-ს კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხ. ჭ-მ ლ. ჭ-ს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ჭ.ლ-ის ქუჩის მეორე შესახვევის №22-ში მდებარე უძრავი ქონება. ნასყიდობის საგნის ფასი ხელშეკრულებით განისაზღვრა 30000 ლარით, რაც მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება აღირიცხა ლ. ჭ-ს საკუთრებად, ამასთან, ლ. ჭ-ს კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-ს ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. მოსარჩელე და მისი ოჯახი დღემდე ცხოვრობენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართში, რაც დამატებით ადასტურებს ლ. ხ-ს მიერ ხ. ჭ-სათვის ნასყიდობის ფასის გადაუხდელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე დატოვებდა ფართს. მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 477-ე მუხლებზე და მოითხოვა ლ. ჭ-ს კანონიერი წარმომადგენლის - ლ. ხ-სათვის თანხის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

ნასყიდობის თანხის გადაცემა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე განხორციელდა, რაც დასტურდება თავად სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ. ჭ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ჭ-ს (კანონიერი წარმომადგენელი ლ. ხ-ა) ხ. ჭ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 30000 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ს (კანონიერი წარმომადგენელი ლ. ხ-ა) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ჭ-ს სარჩელი, ლ. ჭ-ს (კანონიერ წარმომადგენელი ლ. ხ-ა) მიმართ 30000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 24 ნოემბერს ხ. ჭ-სა და ლ. ჭ-ს (კანონიერ წარმომადგენელი, დედა - ლ. ხ-ა) შორის დაიდო ქ.თბილისში, ჭ.ლ-ის ქუჩის მე-2 შეასხვევის №22-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 30000 ლარით. ამავე ხელშეკრულებით მყიდველმა იკისრა ვალდებულება, გამყიდველისათვის ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისათვის ნასყიდობის საგანი გადაეცა 2009 წლის 24 ნოემბერს. ქ.თბილისში, ჭ.ლ-ის ქუჩის მე-2 შესახვევის №22-ში მდებარე უძრავი ქონება ლ. ჭ-ს საკუთრებას წარმოადგენს. მხარეთა შორის სადავოა 2009 წლის 24 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის მყიდველის მიერ გადახდის ფაქტი. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე, განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, ანუ მას ეკისრება იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ასეთი ურთიერთობა არსებობს და დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ფაქტები, რომლებიც, კანონის თანახმად, აბრკოლებენ ამ ურთიერთობის წარმოშობას. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. პალატის განმარტებით, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე თანხის გადახდაზე ვალდებულების არსებობას. რაც შეეხება ვალდებულების შესრულებას, მისი, როგორც შესაგებლის საფუძველისა და პოზიტიურად მტკიცების ფაქტის (თანხის გადახდის) დადასტურება ეკისრება მოპასუხე მხარეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის საგანზე (ქონებაზე) საკუთრების უფლება გადაცემულია, ანუ ქონებაზე (უძრავი ქონება) აღრიცხულია მყიდველის საკუთრების უფლება, არსებობს საფუძველი მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვარაუდისათვის, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მტკიცების ტვირთის გამყიდველისათვის დაკისრებას. თუმცა, გამყიდველის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის არსებობისას, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის უარყოფის ვალდებულების გამყიდველისათვის ავტომატურ რეჟიმში დაკისრება, არასწორია, ისევე, როგორც იმავე პირობებში მყიდველს არ უნდა მოეთხოვოს ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთის ამა თუ იმ მხარისათვის დაკისრების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების (მათ შორის მხარეთა განმარტებების) ერთობლიობაში შეფასების გზით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველს (მოპასუხეს) ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველს ნასყიდობის საგანი მყიდველისათვის უნდა გადაეცა ხელშეკრულების დადების დღეს, 2009 წლის 24 ნოემბერს. მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს, როგორც საკუთრების უფლების მყიდველზე დაუყოვნებლივ გადაცემის, ასევე გამყიდველისთვის ნასყიდობის ფასის დაუყოვნებლივ გადახდის ვალდებულება. პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება გულისხმობდა მოვალის უშუალო რეაქციას, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით და საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტებიდან ჩათვალა, რომ გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემას წინ უძღოდა მყიდველის ვალდებულება, გადაეხადა ნასყიდობის ფასი, რადგანაც მოსარჩელეს შეეძლო ხელშეკრულების ნოტარიალურად დამოწმებისთანავე განეცხადებინა უარი მანამ, ვიდრე ვალდებულების შესრულებაზე (ნასყიდობის საგნის გადაცემაზე) არ მიიღებდა საპასუხო შესრულებას (ნასყიდობის ფასის გადახდას). საქმის მასალების თანახმად კი, სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოპასუხის სახელზე. არც მოსარჩელე უარყოფდა იმ გარემოებას, რომ იგი ლ. ჭ-ს კანონიერ წარმომადგენელ ლ. ხ-სთან ერთად იმყოფებოდა საჯარო რეესტრში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი, ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემით იკისრა გამყიდველმა (პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე ლ. ჭ-ს კანონიერი წარმომადგენლის - ლ. ხ-ს საკასაციო საჩივრის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, 2009 წლის 24 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ ანალოგიურად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი), რომელმაც ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიუღებლობა, იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებით კონკრეტული მტკიცების გარეშე.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 477-ე მუხლებით და მიიჩნია, მხარეებს შორის არსებობს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატებოდა გამყიდველის ვალდებულებაში, გადაეცა მყიდველისათვის საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიეწოდებინა საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში, გადაეხადა გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასი და მიეღო ქონება. პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ (გამყიდველმა) ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიუღებლობა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჭ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებს გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებისა და სამართლის ნორმის არასწორი განმარტების გამო, არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არასწორად დააკისრა იგი ხ. ჭ-ს, რადგანაც მან შეასრულა 2009 წლის 24 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება – ნასყიდობის საგანი გადასცა მყიდველს, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპასუხო ვალდებულება უკვე მეორე მხარეს ეკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ მართალია სწორად განმარტა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების საკითხი, რომლის თანახმადაც მყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობა არის ხ. ჭ-სათვის სასარგებლო ფაქტი, თუმცა აღნიშნული კასატორს არასწორად დააკისრა, ვინაიდან საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აკისრია. არსებითად სწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების განმარტება, რომ მტკიცების ტვირთი გადანაწილებულ უნდა იქნას იმდაგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, თუმცა ხ. ჭ-ას თანხა არც ხელშეკრულების გაფორმების დროს და არც მის შემდეგ არ გადასცემია, ე.ი ის რაც შეეძლო ხ.ჭ-ს ემტკიცებინა, მან შეასრულა სხვა გარემოების მტკიცება მას არ შეუძლია, ხოლო მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა, ემტკიცებინა თანხის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან ეს მისი ვალდებულება იყო. სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ, პოზიტიურად, მტკიცების ფაქტის (თანხის გადახდის) დადასტურება ეკისრება მოპასუხეს, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული განმარტებებისა, პალატა თანხის მიღების საკითხის დამტკიცებას მაინც ხ. ჭ-ს აკისრებს, რაც არასწორია. ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე თანხის გადაცემის მის დაუყონებლივ გადაცემად მიჩნევის შესახებ, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დებულება მიუთითებს იმაზე, რომ თანხის გადახდა მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც ხელშეკრულებაზე იქნებოდა ხელმოწერები. ამ დროს მყიდველი თავს იზღვევს და უთანხმდება გამყიდველს, რომ მას შემდეგ რაც ის ხელს მოაწერს ხელშეკრულებაზე, შემძენი გადასცემს თანხას, თუმცა გამყიდველიც დაზღვეულია ხელმოწერისთანავე თანხის გადაცემაზე შეთანხმებით, რადგან ყველა შემთხვევაში ეს შეთანხმება იმას ნიშნავს, რომ თანხის გადაცემა კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს და თავად უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ თანხის გადაცემის მომენტი ყველასათვის უტყუარი იყოს. უდავოა, რომ თანხის გადაცემის შემდეგ უნდა შედგენილიყო ხელწერილი, ან ნასყიდობის საზღაური უნდა გადარიცხულიყო ბანკის მეშვეობით. პალატამ არასწორად დაადგინა ის გარემოებაც, რომ ხ. ჭ-მ საჯარო რეესტრში მისვლითა და ნასყიდობის საგნის ლ. ჭ-ს საკუთრებაში დარეგისტრირებით აღიარა მყიდველის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი. ამ არასწორ განმარტებას მოჰყვა შედეგად უკანონო გადაწყვეტილების მიღება. საჯარო რეესტრში გამყიდველის გამოუცხადებლობით შემძენი მაინც შეძლებდა საკუთრების უფლების დარეგისტრირებას ხელშეკრულების წარდგენის გზით. სასამართლო ასევე არასწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე, ვინაიდან, მაშინ იმ დავის საგანი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, წინამდებარე სარჩელი კი, აღძრულია სულ სხვა საგანზე რის გამოც პალატის მსჯელობა არასწორია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 აგვისტოს განჩინებით ხ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ხ. ჭ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ხ. ჭ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ხ-ის მიერ 2012 წლის 6 აგვისტოს №5/59254 შემოსავლის ორდერით გადახდილი 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ხ. ჭ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ხ-ის მიერ 2012 წლის 6 აგვისტოს №5/59254 შემოსავლის ორდერით გადახდილი 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.