№ას-1068-1002-2012 03 აგვისტო, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა „ა. 42ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. გ. მ-ის სარჩელი ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
2. ბმა „ა. 42ა-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
3. გ. მ-ს აეკრძალა ბმა „ა. 42ა-ს“ საერთო საკუთრებაში რიცხული ქ.ბათუმში, რ-ს ქ.#8-ში მდებარე 241.2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართით სარგებლობა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით გ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2012 წლის 31 ივლისს გ. მ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. კასატორი შუამდგომლობს ასევე საკასაციო საჩივრის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით გ. მ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 25 ივლისს. 2012 წლის 31 ივლისს კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, ვინაიდან მას ხარვეზის განჩინებით დავალებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 600 ლარის ოდენობით, კასატორმა კი გადაიხადა მხოლოდ 300 ლარი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ უნდა გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, ჯერ ერთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი სასამართლოს არ ავალდებულებს გააგრძელოს მის მიერ დანიშნული ვადა, მეორეც, მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ მოითხოვს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, რაც გამორიცხავს სასამართლოს ინიციატივით საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას (სსკ-ის 368.7 და 399-ე მუხლები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს. რაც შეეხება კასატორის განცხადებას, მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის გადაცემის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც გამორიცხავს ამ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. გ. მ-ის განცხადება საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. გ. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.