საქმე №ას-1069-1003-2012 3 აგვისტო, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ „შემოსავლების სამსახური“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ე, ლ., ნ. და დ. დ-ები (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - გ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ-მ, ლ., ნ. და დ. დ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ „საქართველოს შემოსავლების სამსახურისა“ და გ. დ-ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოვალე გ. დ-ის ვალდებულების გამო აღწერილი და დაყადაღებული მოსარჩელეთა კუთვნილი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
მოპასუხე გ. დ-მ სარჩელი მთლიანად ცნო, ხოლო სსიპ „შემოსავლების სამსახურმა“ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ისა და დ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ ო. ი-ის მიერ 2011 წლის 15 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით (შემოსავლების სამსახური №086-1628/1) აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთი: მაცივარი „ტოშიბა“ - ერთი ცალი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „შემოსავლების სამსახურმა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 372-ე, 369-ე, 2591 მუხლებზე და, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის საფუძვლეზე, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება შეიცავდა მისი გასაჩივრების წესს, ასევე უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ბათუმის საქალაქო სასამარათლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ წარმომადგენელი მ. კ-ე, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის არ მიუმართავს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არ უგვიანეს 30 დღისა. პალატის მოსაზრებით, უდავოდ დადგენილია, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახური“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი არ არის და მის მიმართ გადაწყვეტილების გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს არ ეკისრებოდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს უნდა დაწყებულიყო, კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს გასაჩივრების 14-დღიანი ვადა უნდა ათვლოდა 2012 წლის 25 მაისიდან (2012 წლის 25 აპრილიდან 30-ე დღე) და ეს ვადა 2012 წლის 8 ივნისს ამოიწურებოდა, სააპელაციო საჩივარი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2012 წლის 22 ივნისს და თვით სააპელაციო საჩივარსაც თარიღად დასმული აქვს 20.06.2012 წელი. პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 63-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ „შემოსავლების სამსახურმა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად არასწორად მიიჩნია საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით, კერძოდ, სასამართლომ უდავო გარემოებად არასწორად ჩათვალა, რომ აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის სუბიექტს არ განეკუთვნებოდა და მის მიმართ, ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა, მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს უნდა დაწყებულიყო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილისა და 46-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ამ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ გაგზავნიდან წარმოეშობოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, ასევე საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სსიპ „შემოსავლების სამსახური“ საგადასახადო ორგანოს წარმოადგენს და ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია, რაც გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლოდ მიჩნევის წინაპირობაა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა აპელანტს 2012 წლის 12 ივნისს და გადაეცა 15 ივნისს, შესაბამისად, საპროცესო ვადის ათვლა სწორედ ამ დროიდან დაიწყო, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ ფოსტის მეშვეობით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან მე-7 დღეს წარადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ კერძო საჩივარი საგუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სსიპ „შემოსავლების სამასხურის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი ესწრებოდა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩათვალა, რომ აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილება, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, სასამართლომ ჩათვალა, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2012 წლის 25 მაისიდან და 14-დღიანი ვადის დენა ამოიწურა 2012 წლის 8 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი ფორტის მეშვეობით გაიგზავნა 2012 წლის 22 ივნისს. სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახური“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის რეგულაციაში არ მოიზრებოდა.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ზემოაღნიშნულ სამართლებრივ დასაბუთებას და გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონმდებელი ზემოაღნიშნულით ადგენს სააპელაციო საჩივარის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენის დაწყების ზოგად წესს და აღნიშნულს უკავშირებს გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი, განიხილავს გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაცემას, ასევე 2591 მუხლით დადგენილი წესით მხარისათვის ჩაბარებას, ან ამავე ნორმის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი ზოგადია და ამ ვადის დენის სწორად გამოთვლისათვის, სავალდებულოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის სწორი ანალიზი.
მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი იმ მხარეს, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ან ვისთვისაც ცნობილი იყო მისი გამოცხადების დღე, უდგენს ვალდებულებას, თავად გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვადი დენა მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყება, თუმცა, ნორმის მიზნების სწორი განმარტებისათვის, სავალდებულოა მისი მე-2 ნაწილის დანაწესის სრულყოფილი ანალიზი, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი არეგულირებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეთა უპირობო გათავისუფლების საფუძვლებს და ეს საფუძვლები ამავე ნორმის პირველ ნაწილშია ჩამოთვლილი, თუმცა კანონმდებლის მიერ ნორმაში შემოთავაზებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და მისი მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა კანონისმეირი შემთხვევის არსებობა.
საპროცესო ნორმით გათვალისწინებული ეს უკანასკნელი გამონაკლისი რეგულირებულია სპეციალური კანონით - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელის მე-5 პუნქტი ადგენს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ისე ამ ნორმისაგან განსხვავებულ კლასიფიკაციას. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე, ხოლო საგადასახადო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტ მხარეს, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ საგადასახადო ორგანო წარმოადგენდა, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, მის მიმართ სასამართლომ არასწორად გაავრცელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი, ნაცვლად ამავე ნორმის მე-2 ნაწილისა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებზე: ბათუმის საქალაქო სასამართლოს გზავნილსა და საფოსტო კონვერტზე. დასახელებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლომ სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად გაუგზავნა გადაწყვეტილება ფოსტის მეშვეობით, სასამართლო გზავნილი, რომელსაც ხელს მოსამართლის თანაშემწე აწერს, დათარიღებულია 2012 წლის 30 აპრილით, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ დასმული შტამპის თანახმად, შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 2012 წლის 15 ივნისს, თუმცა საყურადღებოა ასევე საქმეში წარმოდგენილი კონვერტი, რომელიც უდავოდ მოწმობს, რომ სასამართლო გზავნილი ფოსტას მხარისათვის ჩასაბარებლად, გადაეცა 2012 წლის 12 ივნისს, ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებისა და გასაჩივრებული განჩინებით უდავოდ დადგენილი იმ ფაქტის ანალიზით, რომ მხარემ ფოსტის მეშვეობით სააპელაციო საჩივარი გააგზავნა 2012 წლის 22 ივნისს, პალატა თვლის, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია მისი თუნდაც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ფოსტისათვის გასაგზავნად გადაცემის დღიდან, აღნიშნული კი სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რაც მისი დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად, მოცემული საქმე სააპელაციო პალატას უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.