Facebook Twitter

საქმე №ას-1074-1007-2012 14 აგვისტო, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ს“ მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო 105 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 82500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე განაწილდა სასამართლო ხარჯები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მ“, მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე იმ საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნე განუხილველად, ამავე განჩიებით მხარეს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილად მიიჩნია შემდეგი: სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტ შპს „ს-ს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 3300 (სამი ათას სამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა.

2012 წლის 8 მაისს სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ს-ს“ დირექტორმა და დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შეუძლებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, ალტერნატიული ღონისძიების სახით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება. განმცხადებელმა დამატებით წარმოადგინა სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი შპს „ს-ს“ ქონებაზე ყადაღის/აკრძალვის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „ს-ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 8 (რვა) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 3300 (სამი ათას სამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა.

2012 წლის 29 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ს-ს“ დირექტორმა, წარადგინა 1457 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. სააპელაციო პალატის 2012 წლის 7 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 3300 (სამი ათას სამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უკვე გადახდილი 1457 ლარის გათვალისწინებით, ხოლო გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა.

2012 წლის 18 ივნისს შპს „ს-ს“ დირექტორმა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით, დამატებით წარადგინა 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით შპს „ს-ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 3300 (სამი ათას სამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უკვე გადახდილი 1857 ლარის გათვალისწინებით, ხოლო გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. განემარტა აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა იმავე დღეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი შპს „ს-ს“ ოფის-მენეჯერ მ. ლ-ს ჩაბარდა 2012 წლის 26 ივნისს.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მერვე ნაწილზე, ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მხოლოდ 2012 წლის 2 ივლისს და ითხოვა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში არსებითად განხილვა, ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 3-დღიანი ვადის დარღვევით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ბოლო დღე კი, 2012 წლის 29 ივნისი იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ს-ს“ დირექტორმა გ.ს-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატის განჩინება უსაფუძვლოა, უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება, რადგანაც საქართველოს კონსტუტიციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილია სასამართლო წესით სუბიექტის ინტერესების დაცვა, სამართლიან სასამართლოს უფლება არ აქვს, უარი უთხრას მოსარჩელეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ზემოაღნიშნული და მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, უარი განაცხადა მის განხილვაზე. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟი, უდავოა, რომ აპელანტმა ბაჟის სახით სულ 1857 ლარი გადაიხადა. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განხილვის თხოვნით დაგვიანებით წარადგინა განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ მხარემ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში სააპელაციო საჩივარის არსებითად განხილვის თხოვნით არაერთხელ მიმართა სასამართლოს. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, სასამართლო კი ვალდებულია, უზრუნველყოს მხარის უფლების დაცვა. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში საქმის განხილვის თხოვნით მიმართვის დასადასტურებლად, მხარემ კერძო საჩივარს დაურთო მის მიერ სასამართლოში წარდგენილი განცხადებების ასლები და განმარტა, რომ მისთვის გაურკვეველია მოსამართლის პრინციპული დამოკიდებულება სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის თაობაზე, მაშინ, როდესაც მას შეეძლო ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი საწარმოსათვის გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ფარგლებში განეხილა საქმე. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში საქმის მომზადების ეტაპზევე იყო ჩამოყალიბებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული და მხარეს განესაზღვრა საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად, დადასტურებულია და მხარე ამას სადავოდ არ ხდის, რომ მას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია, კერძოდ, სრულად არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი. სადავო არაა ის გარემოება, რომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილი საპროცესო ვადა გააგრძელა სამჯერ.

მხარეს სადავოდ არ გაუხდია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უდავოდ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს „ს-ს“ კვლავ გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 დღით სახელმწიფო ბაჟის სრულყოფილად გადასახდელად, ორგანიზაციის ოფის-მენეჯერ მ. ლ-ს ჩაბარდა 2012 წლის 26 ივნისს, ხოლო მხარემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას 2012 წლის 2 ივლისს, ამასთანავე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სწორად ჩათვალა ადრესატისათვის სასამართლო შეტყობინება 2012 წლის 26 ივნისს ჩაბარებულად, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 27 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 29 ივნისს, პარასკევს, მხარემ კი სასამართლოს საპროცესო ვადის დარღვევით მიმართა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილი ის სავალდებულო პირობები, რომელთაც განსახილველად დაშვებისათვის სააპელაციო საჩივარი ზოგადად უნდა უპასუხებდეს, ამავე ნორმის მე-5 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

უდავოდ დადგენილია რა, რომ შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად (არ ერთვოდა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი), ამასთან მხარეს არაერთხელ გაუგრძელდა კიდევაც ვადა დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სავსებით მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა მხარისათვის მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო საჩივრის ერთადერთ ხარვეზს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა წარმოადგენდა, ამასთანავე, სასამართლოს უფლება ჰქონდა, გადაევადებინა მხარისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მართალია, წარმოდგენილია მტკიცებულებები - საბანკო ქვითრები, თუმცა ისინი არ არის სათანადოდ დადასტურებული, არ აქვს მის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ დასმული ბეჭედი და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები, ამასთანავე, მათი შესწავლით არ ირკვევა მხარის ქონებრივი მდგომარეობა, რაც შეეხება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს, სადაც მითითებულია საზოგადოების ყადაღადადებულ ქონებაზე, ვერც აღნიშნული გახდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი, ვინაიდან ის საზოგადოების ქონებრივი მდგომაროების უტყუარად დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ნიშანდობლივია იმ გარემოებაზე მითითება, რომ ეს მტკიცებულება, მხოლოდ სხვა, ასევე უტყუარ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეიძლება იქნას შეფასებული სადავო საკითხის გადაწყვეტისას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა, გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.

თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მეორე მხარის ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შპს „ს-ს“ მითითებას მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე, რადგანაც, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ აპელანტს არ მიუთითებია, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ მართლმსაჯულების არასამართლიანი სასამართლოს მიერ განხორციელება და რომელი უფლება დაირღვა სასამართლოს მიერ, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან _ შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა, რა დროსაც სასამართლო საქმეს იხილავს მხარის მიერ ამ პრინციპების ფარგლებში თავისუფლად გამოვლენილი ნების საფუძველზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს უფლება აქვს, დავა გადაწყვიტოს საკუთარი შეხედულებით (დაასრულოს მორიგებით, გამოიხმოს სარჩელი, უარი თქვას მოთხოვნაზე ან ცნოს მის მიმართ მიმართული მოთხოვნების კანონიერება), სასამართლოს ყოველთვის ექმნება პრეზუმფცია, რომ მხარე, რომელიც დადგენილი წესით ინფორმირებულია საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე და დადგენილ ვადაში არ ასრულებს მას არასაპატიო მიზეზით, აღიარებს მისი პოზიციის უმართებულობას ან საერთოდ დაკარგული აქვს ინტერესი დავის მიმართ, ამავდროულად, იმისათვის, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის კანონით აღიარებული ინტერესები, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესი პრეზუმფციასთან ერთად, წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც დადგენილ ვადაში არ ასრულებს დაკისრებულ მოქმედებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულია საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი საბუთების განუხილველად დატოვების შესაძლებლობა.

პალატა ასევე გაამახვილებს ყურადღებას შპს „ს-ს“ კერძო საჩივრის იმ არგუმენტზე, რომლითაც მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო ვალდებული იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში განეხილა საქმე არსებითად. საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულ მოსაზრებას მიიჩნევს მართებულად და მიუთითებს შემდეგზე: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ, 82500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრით შპს „ს-ო“ მოითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობას განსაზღვრავს, დგინდება, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სწორედ 82500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია, ამასთანავე, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) საგნის ღირებულება განისაზღვრება გადასახდელი თანხით. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო პალატამ სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მხარე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ითხოვდა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, პალატის ეს მოსაზრება ემყარება იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით დადგენილია გადაწყვეტილების ობიექტური ფარგლები და განსაზღვრულია, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია დავის საგნის ზუსტი ოდენობა, ხოლო მხარე წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ მტკიცებულებას და არ აზუსტებს მოთხოვნას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს თუ რა ნაწილში მიიღოს საქმე განსახილველად და რა ნაწილში უთხრას უარი მხარეს სამართალწარმოებაზე. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აპელანტს არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია მის მიერ მოთხოვნის ოდენობის შემცირება თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 83-ე მუხლებისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს-ს“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას, თავის მხრივ, სააპელაციო პალატამ საქმე კანონის არსებითად სწორი განმარტებით განიხილა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.