Facebook Twitter

საქმე №ას-1809-1783-2011 22 აგვისტო, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ჭ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. (ა.) ს-ა (შუამდგომლობის ავტორი)

მესამე პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო: სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი

ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, არასრულწლოვანი ლ. ჭ-ის უკრაინაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა გ. ს-ს შუამდგომლობის საფუძველზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი ლ. ჭ-ის უკრაინაში დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

გ. ჭ-მ დაარღვია მეურვეობის უფლება, მის (ბავშვის მამა) მიერ განხორციელდა არამართლზომიერი ქმედება _ 2010 წლის 25 აგვისტოდან დააკავა შვილი _ ლ. ჭ-ე საქართველოში და აღარ აბრუნებს უკრაინაში, სადაც არის ამ უკანასკნელის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ბავშვის _ ლ. ჭ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა ცალმხრივად და კანონდარღვევით, რის გამოც სახეზეა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, ბავშვის დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს და უნდა მოხდეს კონვენციის მიზნის რეალიზება _ არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის უკრაინაში დაბრუნება.

მოწინააღმდეგე მხარე გ. ჭ-ე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და განმარტა, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც მოცემული ვითარება ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის მე-13 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევაა, რომლის თანახმადაც ,,მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ვალდებული არ არის გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი დაადგენს, რომ: არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში“. გ. ჭ-ე შვილთან _ ლ. ჭ-სთან ერთად არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთათვისაც საქართველო წარმოადგენდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ლ. ჭ-ე უკრაინიდან გაყვანილ იქნა დედის, გ. ს-ს ნოტარიალური თანხმობის საფუძველზე და უკრაინაში დაბრუნების თარიღად სამართლებრივ აქტში მითითებულია 2011 წლის 28 თებერვალი. არასრულწლოვანი ბავშვის საქართველოში წამოყვანის მთავარ გარემოებად უთითებენ მძიმე სულიერი და ფსიქოლოგიური ტრავმის მიღებას (უთითებენ დედის უყურადღებობის გამო ხარკოვში მომხდარ ტრაგედიის შესახებ), რაც დღემდე ბავშვის მკურნალობით აიხსნება, ამასთან, გ. ჭ-ს არ დაურღვევია „მეურვეობის უფლება“, რადგან თავად მამა შვილის კანონიერი წარმომადგენელია. ბავშვი ინტეგრირებულია დღეისათვის არსებულ გარემოსთან, მამის სანათესაო და საახლობლო წრესთან და სურვილი აქვს თბილისში ყოფნისა და ცხოვრებისა. ასევე დიდია ბავშვის სიყვარული და მიჯაჭვულობა მამასთან და საქართველოში არსებულ გარემოსთან. მოწინააღმდეგე მხარის თქმით, აღნიშნულის გაუთვალისწინებლად საკითხის გადაწყვეტა და ბავშვის უკრაინაში დაბრუნება, ლ. ჭ-ს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, რაც სასამართლოს მხრიდან ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით გ. (ა.) ს-ს უარი ეთქვა, ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, უკრაინიდან გადაადგილებულ (დაკავებულ) არასრულწლოვან ლ. ჭ-ის უკრაინაში დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. (ა.) ს-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არასრულწლოვანი ლ. ჭ-ის უკრაინაში დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2004 წლის 29 ივლისს დაბადებული ლ. ჭ-ე დაუბრუნდა დედას _ 1981 წლის 11 მაისს დაბადებულ გ. ს-ს, მცხოვრებს უკრაინაში, ქ.ხარკოვი, კ-ს ქუჩა №7/9-ში მდებარე №41 ბინაში შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 29 ივლისს არასრულწლოვანი ლ. ჭ-ე დაიბადა უკრაინის ქ.ხარკოვში. ლ. ჭ-ის მშობლები არიან: გ. ჭ-ე და გ. (ა.) ს-ა. გ. ს-ა უკრაინის ხოლო გ. ჭ-ე _ საქართველოს მოქალაქეა, ასევე უკრაინის მოქალაქე. 2004 წლის 29 ივლისს უკრაინის ქალაქ ხარკოვში დაბადებული ლ. გ-ის ძე ჭ-ე უკრაინის მოქალაქეა. ლ. ჭ-ის საცხოვრებელი ადგილი იყო უკრაინის ქალაქი ხარკოვი. ლ. ჭ-ე სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (№119) ირიცხებოდა 2010 წლის 30 მაისამდე, საიდანაც ამოირიცხა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით. გ. ს-მ 2010 წლის 30 ივლისს წერილობით გასცა თანხმობა მასზე, რომ ლ. ჭ-ე 2010 წლის 30 ივლისიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე გამგზავრებულიყო საზღვარგარეთის ქვეყნებში: რუსეთის ფედერაცია, საქართველო და დაბრუნებულიყო უკრაინაში. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ თანხმობა გასცა მშობელმა (დედამ), რომელთან ერთადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა ლ. ჭ-ე და რომელიც ბავშვზე ფაქტობრივად ახორციელებდა მეურვეობას. სასამართლო დაეთანხმა აპელანტის განმარტებას, რომ თებერვლის ბოლომდე ვადით თანხმობის გაცემა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მამას საშუალება მისცემოდა ბავშვი არდადეგებზე წაეყვანა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულს ამყარებს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ლ. ჭ-ე დედის განცხადების საფუძველზე ჩაირიცხა 1-ა კლასში ხარკოვის რეგიონში ხარკოვის საქალაქო საბჭოს №4 პედაგოგიურ ლიცეუმში, სადაც მან ვერ შეძლო სწავლის დაწყება, რადგანაც არ მომხდარა ბავშვის უკრაინაში დაბრუნება. პალატამ ჩათვალა, რომ ლ. ჭ-ე წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცემის შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რადგანაც 2011 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობითაც კი, ბავშვის მამა და ის პირები, ვისთანაც ფაქტობრივად იმყოფება ბავშვი, უარს ამბობენ მის უკრაინაში დაბრუნებაზე, შესაბამისად, დაბრუნება არ განხორციელებულა 2011 წლის 28 თებერვლის შემდომ პერიოდშიც. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის უკრაინიდან წამოყვანაზე თანხმობის მიცემიდან 2010 წლის 30 ივლისიდან მალევე მიმართა გ. ს-მ, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინის ცენტრალურ ორგანოს _ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც, თავის მხრივ, 2010 წლის 18 ნოემბერს უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოში უკანონოდ დაკავებული ლ. ჭ-ის დაბრუნების თაობაზე განცხადებით მიმართა 2010 წლის 2 დეკემბერს, რის გამოც საქართველოს სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისათვის ბავშვის უკანონო დაკავებიდან არ იყო ერთი წელი გასული, ხოლო წერილობით გაცემულ თანხმობაში განსაზღვრული დაბრუნების ვადიდან _ 2011 წლის 28 თებერვლიდან ერთწლიანი ვადა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის მომენტშიც კი არ არის გასული. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ამჟამად ლ. ჭ-ე ცხოვრობს საქართველოში, ქ.თბილისში. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის) სოციალური მუშაკის 2011 წლის 10 თებერვლის დასკვნის თანახმად, ლ. ჭ-ე ცხოვრობს ბიძის, თ. ჭ-ის ოჯახში მდებარე გლდანის პირველი მიკრორაიონის №.. კორპუსის №.. ბინაში. ბავშვის მამა ძირითადად ცხოვრობს რუსეთში და პერიოდულად ჩამოდის ბავშვთან. გ. ჭ-ე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის პერიოდშიც რუსეთში იმყოფებოდა. პალატა არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ლ. ჭ-ის ასაკიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, უკრაინაში დაბრუნება ბავშვს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის. სასამართლოს განმარტებით, ლ. ჭ-ე დაბადებიდან იზრდებოდა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში და იგი იყო ადაპტირებული იმ გარემოში, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2011 წლის 10 თებერვლის დასკვნაშიც არის აღნიშნული, „ლ. ჭ-ე 6 წლისაა, იგი 79-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. ბავშვი ძირითადად მეტყველებს რუსულ ენაზე, თუმცა დადის ქართულ სკოლაში და მიჰყვება სასწავლო პროცესს“. ბავშვი იმყოფება აღრიცხვაზე საქართველოში ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის პოლიკლინიკაში 2010 წლის 16 ნოემბრიდან დიაგნოზით _ ადაპტაციის დარღვევები _ F43.2. ცნობის გაცემის დროისათვის (12.01.2011წ.) კვლავ უგრძელდება ღამის ენურეზი (გაიშვიათებული სახით), უტარდება მკურნალობა ამბულატორიული დაკვირვების ქვეშ. ლ. ჭ-ის ფსიქოლოგიური ქცევები არაადეკვატურია. იმისთვის, რომ მოხდეს მისი ინტერესების დაცვა, აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა.

სასამართლომ მიუთითა გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2011 წლის 12 აპრილის დასკვნაზე, რომელიც შედგენილია სოციალური მუშაკების მიერ განხორციელებული ინტერვენციის საფუძველზე, რაც მოიცავდა ვიზიტებს, საუბარს ლ. ჭ-სთან და დაკვირვებას მის ქცევაზე. სოციალურმა მუშაკებმა ინტერვენციის განხორციელების მიზნით ორგანიზება გაუკეთეს ლ. ჭ-ისა და გ. ს-ს რამოდენიმე შეხვედრას. აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: „როდესაც ქალბატონი ა. ვაჟს ხელს ხვევდა და, საპასუხოდ, ლ-ც ეხუტებოდა დედას, ბატონმა გ-მ ბავშვს თვალებით მინიშნება მისცა, რის შემდგომაც ლუკა შეკრთდა და ხელები მოაშორა დედას. მსგავსი ფაქტი ორჯერ განმეორდა. ბატონმა გ-მ მსგავსი მითითებების მიცემა ჩვენს მიერ გაწეული დირექტივების შემდეგ შეწყვიტა. პირველი შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ლ-მ შეკითხვაზე: „სურდა თუ არა მეორე დღესაც ენახა დედა?“ - თანხმობა განაცხადა. მეორე დღეს, ბატონ გ-სთან სატელეფონო შეთანხმების საფუძველზე შეხვედრა დედა-შვილს შორის ჩვენი, მამის, ბიძის და ორი არასრულწლოვანი ბიძაშვილის თანხლებით შედგა გლდანის რაიონის „ვარდების რევოლუციის პარკში“. თავდაპირველად ბავშვი წინა დღესთან შედარებით თავს ლაღად გრძნობდა, დედას მხიარულად ესაუბრებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ დედას მჭიდროდ ჩაეხუტა, მამასთან მიირბინა და სახლში წასვლა მოითხოვა. შეკითხვაზე: „თუ რატომ უნდოდა სახლში წასვლა?“ პასუხი არ განაცხადა, მაგრამ მეორე დღეს დედასთან შეხვედრის სურვილი კვლავ გამოთქვა. მესამე დღეს დედა-შვილს შორის შეხვედრა კვლავ ზემოხსენებულ პარკში შედგა ჩვენი, ბაბუის, ბიძის და ბიძაშვილების თანხმებით. შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ ბატონი გ. რუსეთში გაემგზავრა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრა დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა, მთელი ამ დროის განმავლობაში ლ. ურთიერთობდა დედასთან, იყო ძალიან ლაღი, მხიარული, აქტიური. იგი დედის თანხლებით ბიძაშვილებთან ერთად ატრაქციონებზე თამაშობდა, პერიოდულად დედას ეხუტებოდა. ქალბატონმა ა-მ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლ. ინტერესს იჩენდა უკრაინაში მცხოვრებ მისი ყველა მეგობრისა და დედის ოჯახის წევრებზე და მათ შესახებ შეკითხვებს უსვამდა. ჩვენი თანდასწრებით დედა-შვილს შორის შედგა 3 შეხვედრა. ქალბატონი ა. უკრაინაში გაემგზავრა. გამგზავრებიდან დაახოლოებოთ ერთ კვირაში მან დამირეკა და მითხრა, რომ ლ-ს ოჯახის წევრები არ აძლევდნენ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებას. ამ ფაქტის შესახებ ლ-ს ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ თავად ბავშვს არ სურდა დედასთან საუბარი. 2011 წლის 7 აპრილს ჩვენს მიერ განხორციელდა ვიზიტი ლ-ს საცხოვრებელ მისამართზე. ბატონმა ნ-მა განგვიცხადა, რომ იგი შვილიშვილს ამეცადინებდა და ბავშვის სამეცადინო ოთახში შეგვიძღვა. ლ-მ არ მოინდომა ჩვენთან საუბარი და საწერი მაგიდის ქვეშ შეძვრა. შეკითხვაზე: „თუ რატომ დაგვემალა?“ გვიპასუხა, რომ „მას სურს მამასთან ერთად საქართველოში ცხოვრება“. კითხვაზე „თუ რა მიზეზის გამო არ სურდა დედასთან საუბარი?“ განაცხადა, რომ მიზეზი აქვს, მაგრამ მიზეზი არ უთქვამს. ჩვენს მიერ განხორციელებული ინტერვენციის საფუძველზე, რაც მოიცავს ვიზიტებს, საუბარს ლ. ჭ-სთან და დაკვირვებას მის ქცევაზე, ვფიქრობთ, რომ მას აქვს არაადეკვატური ქცევები, რაც შემდგომში მდგომარეობს: დედასთან ურთიერთობის სურვილი, შეხვედრისას დედის მიმართ სიყვარულის გამოხატვა, მოფერება, სილაღე, შემდეგ კი უარის თქმა მასთან სატელეფონო საუბარზე. ხაზგასასმელია დედასთან ურთიერთობისას მამის მინიშნებების შესრულება და დაძაბულობა. იქიდან გამომდინარე, რომ ლ. ცხოვრობს ბიძის და ბაბუის ოჯახში, მას აქვს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი (ვინაიდან არც ერთი მშობელი არ ცხოვრობს მასთან). იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვის სრულყოფილ, ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება და იმისთვის, რომ მოხდეს მისი ინტერესების დაცვა, აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა“.

სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის მიერ გაცემულ დასკვნაზე „ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები“, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ლ. ფიზიკურად აქტიური და მოუსვენარია. გატაცებით ყვება საკუთარი თავის შესახებ, სიამაყით აცხადებს, რომ ,,არაფრის ეშინია და ჩხუბებში ყოველთვის იმარჯვებს“; თუმცა გამოკვლევის პროცესში ნაკლები მონდომებით ერთვება: ,,დავიღალე ამდენი გამოკითხვებით. ყველაფერს ხომ აქვს დასასრული და ეს სასამართლოებიც დასრულდება“. ინსტრუქციებს ადვილად იგებს, შეთავაზებულ დავალებებს ძირითადად დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ასრულებს. ლ. განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს ბაბუაზე (ნ. ჭ-ე), ამბობს, რომ ბაბუა ყველაფერს ასწავლის, ცურვას, ქართულს, მეცადინეობაში ეხმარება, ასეირნებს. ბატონი ნ-ი, რომელიც ვიზიტებზე ახლდა ბავშვს, ყურადღებიანია ლუკას მიმართ, გამოხატულ სითბოს და ზრუნვას იჩენს. როცა დავალებების შესრულებისას ლუკას რაიმეს დაზუსტება სჭირდება, ის მაშინვე ბაბუას მიმართავს და ბატონი ნ-ც გულისყურით, დაუყოვნებლივ რეაგირებს ბავშვის მიმართვებზე. ლ. ასევე სიყვარულით საუბრობს მამაზე. საყურადღებოა, რომ ლ. საკუთარი ინიციატივით არასოდეს ახსენებს დედას, თუმცა ფსიქოლოგის მიერ დედის შესახებ დასმულ პირდაპირ კითხვებზე გულახდილად პასუხობს, გამოხატავს სიყვარულს და მონატრებას დედის მიმართ; შეკითხვაზე, ,,რას აკეთებდი ხოლმე დედასთან ერთად?“, ლ. იხსენებს, როგორ შეღებეს ერთად სააღდგომო კვერცხები და დანანებით ამბობს: ,,მაშინ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ერთად ვიყავით“. ბავშვი ამბობს, რომ დედა არასოდეს სცემდა და თუ ლ. რამეს დააშავებდა, დედა მხოლოდ აფრთხილებდა: ,,მეორედ ასეთი რამ არ გააკეთო“. შეკითხვაზე, ,,რა არის მისი ყველაზე დიდი ოცნება“, - ლ. პასუხობს: ,,გ-მ დიდი სახლი იყიდოს და დედასთან ერთად ვიცხოვროთ ყველამ. სულ ვეუბნები გ-ს, რომ შერიგდნენ“. ბავშვის ემოციური სფეროს თავისებურებების თანახმად _ ,,აგრესიულობის კითხვარით“ გამოვლინდა ფიზიკური აგრესია, გაღიზიანება, ასევე უნდობლობა თანატოლთა და უფროსების მიმართ. აგრესიულობის ეს გამოვლინებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლ-ს თავდაცვითი რეაქცია მისთვის გაუგებარი სიტუაციის მიმართ. ,,ფრუსტრაციის ტესტში“ და ,,დაუმთავრებელ წინადადებებში“ გამოვლინდა შფოთვის მაღალი დონე, მომავლის შიში. ასევე გამოჩნდა, რომ ლ. განიცდის როგორც დედასთან, ისე მამასთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისს. „ლუშერის ტესტმა“ აჩვენა, რომ ლ. სიტუაციას აღიქვამს, როგოც გაუგებარს, რომელში გარკვევაც არ შეუძლია“. ბავშვის მშობლებისადმი დამოკიდებულება _ ,,გამოიკვეთა ლ-ს დადებითი დამოკიდებულება მამისა და მამის მხრიდან უახლოესი ნათესავების მიმართ. ბავშვს განსაკუთრებით ახლო ემოციური ურთიერთობა აქვს ბაბუასთან. მეთოდიკაში ,,პირადი სივრცე“ ლ. ხალისით აყენებს თავის პირად სივრცეში ადამიანების პატარა მოდელებს და განმარტავს, რომ ,,მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან: გ. (მამა), ბაბუ, თ., ლ., ს.. მცირე შეფერხების შემდეგ, ყოველგვარი ჩარევის ან მითითების გარეშე, აქვე ათავსებს დედას: ,,დედაც აქ უნდა იყოს, და მაშინ ბედნიერი ოჯახი იქნება და შვილიც მხიარული“. საუბრისას ლ. არაერთხელ აღნიშნავს, რომ თბილისში ყოფნა ურჩევნია, რომ აქ ყველა სურვილს უსრულებენ. ლ. დადებითად ახასიათებს დედას, მის მიმართ სიყვარულს გამოხატავს. ასევე სითბოთი და სიამოვნებით იხსენებს დედასთან ცხოვრების პერიოდს, რომ იქ 2 ძაღლი ჰყავდა, ყვება ხარკოველ თანატოლ მეგობრებზე. თუმცა, დედასთან მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით ძლიერ შფოთვას და გაღიზიანებას ავლენს“. დასკვნითი ნაწილის თანახმად: ,,ბავშვის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა _ ორივე მშობელთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისი. ლ-ს აქვს გამოკვეთილად დადებითი დამოკიდებულება მამისა და მამის მხრიდან ახლო ნათესავებისადმი, ხოლო დედის მიმართ _ გაორებული დამოკიდებულება: ერთი მხრივ, სიყვარული, თბილი გრძნობები, და, მეორე მხრივ, ძლიერი შფოთვა. ლ. აფიქსირებს მამასთან და მამის მხრიდან ახლო ნათესავებთან ცხოვრების სურვილს, თუმცა მათთან ერთად დედის ყოფნის სურვილსაც გამოთქვამს. ემოციურ სფეროში გამოვლინდა ძლიერი შფოთვა, აგრესიული რეაქციები (ფიზიკური აგრესია, გაღიზიანება, უნდობლობა), დაბალი თვითშეფასება, მომავლის შიში. აღნიშნული ფსიქოლოგიური მახასიათებლები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ბავშვის რეაქციები გადატანილ ფსიქოტრავმაზე და მისთვის რთულ, ძნელადგასაგებ ამჟამინდელ სიტუაციაზე“. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დასკვნებით დასტურება, რომ ლ.ჭ-ისათვის რთული და ძნელადგასაგებია ამჟამინდელი სიტუაცია, შესაბამისად, თავად ლ. ჭ-ის ინტერესებიდან გამომდინარე, როცა არ იკვეთება ბავშვის დედასთან დაბრუნების ფაქტის მის ფსიქიკაზე უარყოფითად ზემოქმედების საფრთხე, მიზანშეწონილია იგი დაბრუნებულ იქნეს მშობელთან (განმცხადებელ გ. ს-სთან) მის ძირითად საცხოვრებელ ადგილას.

პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის იმ მოტივის თაობაზე, რომ თ. ჭ-ე (ლ. ჭ-ის და) დაბადებული უკრაინის ქალაქ ხარკოვში 2006 წლის 4 სექტემბერს, გარდაიცვალა 2010 წლის 22 ივლისს ხარკოვში, რითიც ლ. ჭ-ს მიადგა ფსიქიკური ტრავმა. პალატის მოსაზრებით, ამ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე უთითებს საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნაც, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მისთვის რთული და ძნელადგასაგებია ამჟამინდელი სიტუაციაც. ტრავმირებული ბავშვის მშობელთან დაშორება არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებად. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, ლუკა საქართველოში წამოყვანამდე გადიოდა რეაბილიტაციის კურსს დელფინარიუმში. ამასთან, მისთვის საზიანოდ არ შეიძლება შეფასდეს დედასთან ცხოვრება, რომელიც 2010 წლის 25 აგვისტოდან გადის ინტერნატურას ხარკოვის საოლქო №3 კლინიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაზაზე სპეციალობით ,,ფსიქიატრია“ ექიმ-ინტერნის რანგში და ხასიათდება დადებითად. ხარკოვის ოლქში უკრაინის შსს რგ ხსს სს კიევის რაიონის გამომძიებლის 2010 წლის 1 აგვისტოს დადგენილების თანახმად, მოქალაქე თ. გ-ის-ას ჭ-ის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე არ იქნა აღძრული უკრაინის სსსკ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დანაშაულის არარსებობის გამო. გ. ჭ-ს 2004 წლის 30 ივნისის ხარკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია. მან რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში სწავლების განმავლობაში გაიარა კლინიკურ ორდინატურაში მომზადების სრული კურსი ნეიროქირურგის სპეციალობით. გ. ს-ს მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით _ ,,პირველადი ფსიქიატრიული შემოწმების გავლის შესახებ“ და სერტიფიკატით _ ,,პროფილაქტიკურ-ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ“ - შემოწმების შედეგებით რაიმე უარყოფითი მოვლენა არ გამოვლენილა. დ. ვ. ე-ის (გ. ს-ს ბაბუა) ოჯახი შედგება 4 წევრისაგან: დ. ვ-ი დაბადებული 1930 წელს, ს-ა ი. დაბადებული 1958 წელს, ს-ა ა. (გ.) დაბადებული 1981 წელს , ჭ-ე ლ. დაბადებული 2004 წელს. საყოფაცხოვრებო პირობების გამოკვლევის აქტით დასტურდება, რომ ა. ვ-ის ას ს-ს საცხოვრებელი ბინა იზოლირებულია, საცხოვრებელი ფართია 48,7 კვ.მ, განლაგებული შვიდსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია (მცხოვრები 4 სული). მცირეწლოვან ლ. ჭ-ისათვის დედასთან ერთად გამოყოფილი აქვს 14,5 კვ.მ ოთახი და შექმნილია მათი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები. ქ.ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მცირეწლოვან ლ. გ-ის-ძე ჭ-ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის _ გ. ს-სთან ერთად, ამავე სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით მცირეწლოვანი ლ. გ-ის-ძე ჭ-ე გამოთხოვილი იქნა გ. ჭ-ისაგან და დადგინდა მისი დაბრუნება წინანდელ საცხოვრებელ ადგილას უკრაინაში ქ.ხარკოვში, ჩ-ის ქ№7/9-ის №41 ბინაში.

სასამართლომ მიუთითა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051 მუხლზე და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ. ს-სათვის ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება წარდგენილ იქნა სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, რომლის მე-3 მუხლი განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერად მიჩნევის კრიტერიუმებს, ხოლო მე-4 მუხლით, კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. მე-5 მუხლის თანახად, ამ კონვენციის მიზნებისათვის „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზრუნველობას და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას. სასამართლომ ასევე მიუთითა კონვენციის მე-13 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გასცეს ან არ გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე. სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე, შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არასებობდა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ლ. ჭ-ის უკრაინაში დაბრუნების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება, ამასთან, თავად 2004 წლის 29 ივლისს დაბადებული ლ. ჭ-ს არ მიუღწევია ისეთი ასაკისათვის, რომ მიზანშეწონილი იყოს მისი აზრის გათვალისწინება. გარდა ამისა, ლ. ჭ-ის ფსიქოლოგიური ქცევები არაადეკვატურია, სახეზეა მშობლებთან ემოციური ურთიერთობის დანაკლისი. პალატამ იხელმძღვანელა ასევე კონვენციის მე-14 მუხლით, რომლითაც დადგენილია იმის გამორკვევის წესი, ჰქონდა თუ არა ადგილი არამართლზომიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე-3 მუხლს მნიშვნელობის ფარგლებში და მიუთითა ქ.ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მცირეწლოვან ლ. გ-ის ძე ჭ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან, გ. ს-სთან ერთად, ასევე, ქ.ხარკოვის კიევის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით მცირეწლოვანი ლ. გ-ის-ძე ჭ-ე გამოთხოვილ იქნა გ. ჭ-ისაგან და დადგინდა მისი დაბრუნება წინანდელ საცხოვრებელ ადგილას _ უკრაინის ქ.ხარკოვში, ჩ-ის ქ№7/9-ს №41 ბინაში.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ს-სათვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურება, რომ ლ.ჭ-ის საქართველოში წამოყვანა განპირობებული იყო უკრაინაში მომხდარი ტრაგედიით, რასაც არც გ. ს-ა უარყოფს, გადაწყვეტილება კი უარყოფს საქმეში არსებულ ექსპერტთა იმ დასკვნებს, სადაც გამოკვლეულია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის გარემოება, რომ ბავშვს არ მიუღწევია ასაკისათვის, როდესაც მას ეკითხებიან აზრს საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იქნას გაზიარებული ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ფაქტია, რომ ლ.ჭ-ს უჭირს დედასთან ურთიერთობა და მას აშკარა მიჯაჭვულობა აქვს მამასა და მამის ნათესავების მიმართ. კიევის რაიონის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისიის 2010 წლის 12 ოქტომბრის №20 სხდომის ოქმით არ დასტურდება ამ სხდომის შესახებ გ. ჭ-ის ინფორმირების ფაქტი და არც გ. ს-ს წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც ეს ფაქტი დადასტურდებოდა. ლ. ჭ-ე საქართველოში წამოიყვანა მამამ, თუმცა დედის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის საფუძველზე, რომლის უკრაინაში დაბრუნების ვადად განსაზღვრული იყო 2011 წლის 28 თებერვალი და მხარეთა შორის რაიმე მოლაპარაკებას ბავშვის 25 აგვისტომდე დაბრუნების თაობაზე ადგილი არ ჰქონია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილია არასრულწლოვნის უკრაინიდან წამოყვანის უმთავრესი მიზეზი _ 2010 წლის ივლისში თ. ჭ-ის ტრაგიკული გარდაცვალება, რომელმაც ლ.ჭ-ის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმიქმედა, აღნიშნულის თაობაზე არაა მითითება უკრაინიდან გადმოცემულ არც ერთ დოკუმენტში. ლ.ჭ-ე მკურნალობს ფსიქიატრიულ დაწესებულაბაში, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ცნობა, რომლის თანახმადაც ბავშვს აღენიშნება ადაპტაციის დარღვევები, ღამის ენურიზი და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა. აღნიშნული ადასტურებს, რომ არაა დარღვეული 1980 წლის ჰააგის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ. გადაწყვეტილებით უგულებელყოფილია თუ რატომ ვერ შეძლო დედამ შვილისათვის მკურნალობის სრული კურსის ჩატარება, ასევე არ ყოფილა გამახვილებული ყურადღება იმ გარემოებაზე, თუ რა მისამართზე მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, არაა გამოკვლეული ის ფაქტი, რომ ეს მისამართი არ წარმოადგენდა გ. ს-ს საცხოვრებელ მისამართს, ის ცხოვრობდა გაურკვეველ პირთან და ტრაგედია გამოწვეულია დედის უყურადღებობით. პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, სადაც საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ფაქტორები, თუ რა იყო უმჯოფესი არასრულწლოვანისათვის, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ცალმხრივად შესწავლის საფუძველზე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დასვნები. სასამართლომ შეფასება არ მისცა სოციალური მუშაკის დასკვნის მითითებას ბავშვის საცხოვრებელი პირობების თაობაზე, ასევე იმას, რომ ლ.ჭ-ე ადაპტირებულია გარემოსთან, ცხოვრობს მზრუნველ ადამიანებთან და აქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები, დადის ქართულ სკოლაში, სიამოვნებით სწავლობს ქართულს და თავს გრძნობს დაცულ გარემოში. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული ფსიქოლოგის დასკვნაც „აგრესიულობის კითხვართან“ მიმართებით და ბავშვის დადებითი დამოკიდებულება მამისა და მამის მხრიდან ნათესავების მიმართ, რომ ბავშვი დედასთან მოსალოდნელი შეხვედრის თაობაზე ძლიერ შფოთავს და ავლენს გაღიზიანებას. საქმის განხილვისას თავად გ. ს-მაც დაადასტურა, რომ ორივე მშობლის ინტერესი მიმართულია ლ-ს ჯანმრთელობისკენ, რომ მას ჯერ თავად დაჰყავდა ბავშვი სამკურნალოდ, ხოლო მოგვიანებით გამოატანა მამას საქართველოში, რითაც გამოაცილა ფსიქოლოგიურად დაძაბულ გარემოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმის მასალების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ უკრაინაში არასრულწლოვნის დაბრუნება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეუქმნიდა საფრთხეს. სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ ფსიქოლოგს წარმოდგენილი აქვს კატეგორიული ხასიათის დასკვნა იმ ნაწილში სადაც აღნიშნულია, რომ ლ. ჭ-ს მიღებული აქვს მძიმე ფსიქოლოგიური ხასიათის ტრავმა მაღალი ხარისხის ალბათობით და მისი უკრაინაში დაბრუნება გამოიწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ საფრთხეს ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მართებულად იქნა დადგენილი, რომ ტრავმა ლ.ჭ-მ სწორედ უკრაინაში ყოფნისას მიიღო, რისი შედეგიცაა ის, რომ ლ.ჭ-ე საუბრისას არასოდეს ახსენებს გარდაცვლილ დას, აქვს დედის მიმართ გაორებული დამოკიდებულება, შფოთვის მაღალი დონე და მომავლის შიში. სოციალური მუშაკის დასკვნაში ნათლადაა გადმოცემული ბავშვის სურვილი, იცხოვროს საქართველოში. სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია ის ფაქტი, რომ დედას მაისის შემდეგ არ გასჩენია ბავშვთან დაკავშირების სურვილი, აღნიშნულს დაადასტურებენ სოციალური მუშაკებიც. სააპელაციო პალატამ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმით, რომ სასამართლომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უარი უნდა უთხრას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ბავშვის გადაადგილებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, ამასთან, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, ისე, რომ მხარეებს სადავოდ არ მიუჩნევიათ, სადავოდ გახადა ის გარემოება, არის თუ არა ლ. ჭ-ე საქართველოს მოქალაქე და რის საფუძველზე მოხდა მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, ამდენად, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ ლ. ჭ-ე უკრაინის მოქალაქეა, ასევე დადგენილად მიჩნეულია გარემოება, რომ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობა გასცა დედამ, რომელთან ერთადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა ლ. ჭ-ე და რომელიც მასზე ფაქტობრივად ახორციელებდა მეურვეობას. აღნიშნული თანხმობა დედამ გასცა არა იმიტომ, რომ არასრულწლოვანი მხოლოდ მასთან ცხოვრობდა, არამედ იმიტომ, რომ ერთი მშობლის მიერ არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანისათვის საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ის შემთხვევები, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, ხოლო მესამე ნაწილი აზუსტებს საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის შედეგებს, კერძოდ, საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევა შეიძლება მდგომარეობდეს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასწორ შეფასებაში, რასაც საქმის გარემოებების არასწორი დადგენა მოჰყვა, რამაც საბოლოოდ გავლენა იქონია საქმის შედეგზე. სხვა შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ხოლო ამ გარემოებების ხელახლა გადამოწმების საფუძველს ქმნის კასატორის მიერ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიის (შედავების) წარმოდგენა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004 წლის 29 ივლისს ლ. ჭ-ე დაიბადა უკრაინის ქ.ხარკოვში. მისი მშობლები არიან: გ. ჭ-ე და გ. (ა.) ს-ა. გ. ს-ა უკრაინის, ხოლო გ. ჭ-ე _ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქე.

ლ. გ-ის ძე ჭ-ე უკრაინის მოქალაქეა და მისი საცხოვრებელი ადგილია უკრაინის ქალაქი ხარკოვი. ლ. ჭ-ე ცხოვრობდა დედასთან ერთად, რომელიც ბავშვზე ფაქტობრივად ახორციელებდა მეურვეობას. ლ. ჭ-ე დაბადებიდან იზრდებოდა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში და იგი იყო ადაპტირებული იმ გარემოში.

გ. ს-მ 2010 წლის 30 ივლისს წერილობით გასცა თანხმობა მასზე, რომ ლ. ჭ-ე 2010 წლის 30 ივლისიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე გამგზავრებულიყო საზღვარგარეთის ქვეყნებში: რუსეთის ფედერაცია, საქართველო და დაბრუნებულიყო უკრაინაში. თებერვლის ბოლომდე თანხმობის გაცემა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მამას საშუალება მისცემოდა ბავშვი არდადეგებზე წაეყვანა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც.

ლ. ჭ-ე წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცემის შესახებ“ კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, რადგანაც 2011 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობითაც კი, ბავშვის მამა და ის პირები, ვისთანაც ფაქტობრივად იმყოფება ბავშვი, უარს ამბობენ მის უკრაინაში დაბრუნებაზე.

ამჟამად ლ. ჭ-ე ცხოვრობს საქართველოში, ბიძის, თ. ჭ-ის ოჯახში, მდებარე, გლდანის პირველი მიკრორაიონის №.. კორპუსი, ბინა №... ბავშვის მამა ძირითადად ცხოვრობს რუსეთში და პერიოდულად ჩამოდის ბავშვთან. იქიდან გამომდინარე, რომ ლ. ცხოვრობს ბიძის და ბაბუის ოჯახში, მას აქვს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი (ვინაიდან არც ერთი მშობელი არ ცხოვრობს მასთან).

ბავშვი იმყოფება აღრიცხვაზე საქართველოში ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის პოლიკლინიკაში 2010 წლის 16 ნოემბრიდან დიაგნოზით _ ადაპტაციის დარღვევები _ F43.2. ცნობის გაცემის დროისათვის (12.01.2011წ.) კვლავ უგრძელდება ღამის ენურეზი (გაიშვიათებული სახით), უტარდება მკურნალობა ამბულატორიული დაკვირვების ქვეშ.

ლ. ჭ-ს არ მიუღწევია ისეთი ასაკისათვის, რომ მიზანშეწონილი იყოს მისი აზრის გათვალისწინება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ჭ-ის ასაკიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, უკრაინაში დაბრუნება ბავშვს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.

სასამართლოს შეფასებით, იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვის სრულყოფილ, ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება და მისი ინტერესების დაცვა, აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა. სასამართლომ შეაფასა რა საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნები, აღნიშნა შემდეგი: ლ.ჭ-ისათვის რთული და ძნელადგასაგებია ამჟამინდელი სიტუაცია, შესაბამისად, თავად ლ. ჭ-ის ინტერესებიდან გამომდინარე, როცა არ იკვეთება ბავშვის დედასთან დაბრუნების ფაქტის მის ფსიქიკაზე უარყოფითად ზემოქმედების საფრთხე, მიზანშეწონილია იგი დაბრუნებულ იქნეს მშობელთან (განმცხადებელ გ. ს-სთან) მის ძირითად საცხოვრებელ ადგილას. ამასთან, ბავშვის დედა ხასიათდება დადებითად და მისი საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის იმ მოტივზე, რომ თ. ჭ-ე (ლ. ჭ-ის და) დაბადებული უკრაინის ქალაქ ხარკოვში 2006 წლის 4 სექტემბერს, გარდაიცვალა 2010 წლის 22 ივლისს ხარკოვში, რითიც ლ. ჭ-ს მიადგა ფსიქიკური ტრავმა.

ქ.ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მცირეწლოვან ლ. ჭ-ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის _ გ. ს-სთან ერთად, ამავე სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით მცირეწლოვანი ლ. გ-ის-ძე ჭ-ე გამოთხოვილი იქნა გ. ჭ-ისაგან და დადგინდა მისი დაბრუნება წინანდელ საცხოვრებელ ადგილას უკრაინაში ქ.ხარკოვში, ჩ-ის ქ№7/9-ის №41 ბინაში.

როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან იკვეთება, კასატორმა წარმოადგინა პრეტენზია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან, კასატორმა მიუთითა როგორც საპროცესო სამართლის ნორმათა, ასევე მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევებზე. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს საქართველოში არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის (ლ.ჭ-ის) უკრაინაში დაბრუნება. შესაბამისად, მატერიალური მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები გამომდინარეობს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციიდან და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობიდან, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051_13053 მუხლებიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კონვენციის პრეამბულაში განვითარებულ მსჯელობას კონვენციის მიზნებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მათზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში. აქვე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, რათა უზრუნველყონ ბავშვების საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან. ამდენად, ივარაუდება, რომ კონვენციით მოწესრიგებული ის პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობენ არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის სწრაფ დაბრუნებას ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე და მეურვეობის უფლებათა ეფექტიანად განხორციელებას, ემსახურება მხოლოდ ბავშვის ინტერესების დაცვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის მოთხოვნის _ აღიკვეთოს ბავშვის უკანონოდ დაკავება, კანონიერების შესწავლისას მიზანშეწონილად მიიჩნევს საკასაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმებულ იქნეს ასევე საკითხი იმის შესახებ, თუ ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში რამდენად იქნება დაცული მისი ინტერესები, რაც სხვა ფაქტობრებთან ერთად გულისხმობს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. საკასაციო პალატის მოცემული მსჯელობა ემყარება კონვენციის იმ საგამონაკლისო ნორმებს, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში არ ავალდებულებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე (კონვენციის მე-13 მუხლი).

კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ლ.ჭ-ის საქართველოს მოქალაქეობის საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, გადამწყვეტი არ არის ბავშვის მოქალაქეობის საკითხი, ვინაიდან კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. გ-ის ძე ჭ-ის საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ჩამოყვანამდე იყო უკრაინის ქალაქი ხარკოვი. ლ. ჭ-ე ცხოვრობდა დედასთან ერთად, რომელიც ბავშვზე ფაქტობრივად ახორციელებდა მეურვეობას. ბავშვის მამამ და იმ პირებმა, ვისთანაც ბავშვი იმყოფება უარი განაცხადეს ბავშვის უკრაინაში დაბრუნებაზე, რის გამოც ლ.ჭ-ე საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია არამართლზომიერად. კასატორს დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საქმეზე დადგენილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, ლ-ს აქვს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი, შესაბამისად, იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვის სრულყოფილ, ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება და მისი ინტერესების დაცვა, აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი საქმეების განხილვის დროს ყურადღებით უნდა იქნეს შესწავლილი საგამონაკლისო შემთხვევები, თუკი ამის საფუძველი არსებობს. კასატორი მიუთითებს სასამართლოს მხრიდან კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევაზე (არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ ბავშვის დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფოთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში) და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილია ლ.ჭ-ის უკრაინიდან წამოყვანის უმთავრესი მიზეზი _ 2010 წლის ივლისში თ. ჭ-ის ტრაგიკული გარდაცვალება, რომელმაც ლ.ჭ-ის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმიქმედა. სწორედ მტკიცებულებათა არასწორ შეფასებას უკავშირებს კასატორი საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევას.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგური გამოკვლევის შედეგებზე (იხ.ტ.I, ს.ფ.304-305), სადაც ფსიქოლოგი სხვა საკითხებთან ერთად ხაზს უსვამს ლ.ჭ-ის ტრავმირებულობის მაღალ ხარისხს, რაც გამოწვეულია უმცროსი დის გარდაცვალებით. ამასთან, ბავშვის ფსიქოლოგიური მახასიათებლები ფსიქოლოგს განხილული აქვს როგორც ბავშვის რეაქციები გადატანილ ფსიქოტრამვაზე და მისთვის რთულ ძნელად გასაგებ ამჟამინდელ სიტუაციაზე. საგულისხმოა, რომ თვით სააპელაციო სასამართლომაც ვერ აუარა გვერდი იმ ფაქტს, რომ თ. ჭ-ის (ლ. ჭ-ის და) გარდაცვალებით ლ. ჭ-ს მიადგა ფსიქიკური ტრავმა და ეს უკანასკნელი ამჟამადაც იმყოფება აღრიცხვაზე საქართველოში ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის პოლიკლინიკაში 2010 წლის 16 ნოემბრიდან, თუმცა, აღნიშნული გარემოებები ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საკმარის მოტივად არ იქნა მიჩნეული. საკასაციო პალატის შეფასებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ბავშვის დაკავებამდე არსებულ გარემოში დაბრუნება შესაძლებელია ბავშვის ინტერესების დარღვევის გარეშე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე აპელირებით მართებულად დაასაბუთა ის არსებითი რისკფაქტორები, რომლებიც კონვენციის მიზნებს უპირისპირდება, ხოლო კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ვერ ადასტურებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთით უფრო მაღალი მიზნის მიღწევას და ვერ გამორიცხავს, რომ ბავშვის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში უფრო მეტად არ დაირღვევა ბავშვის ინტერესები და უფლებები. ამდენად, იმ მთავარი საკითხის გათვალისწინებით, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის უმთავრესი მიზანი ბავშვის ინტერესების დაცვაა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას დაუპირისპირა სამართლებრივი შესაგებელი (კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), რომლის ფაქტობრივი შემადგენლობაც დადასტურებულ იქნა საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, შესაბამისად მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. (ა.) ს-ს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

sakasacio palatam ixelmZRvanela samoqalaqo saproceso kodeqsis 411-e muxliT da

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. გ. (ა.) ს-ს უარი ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

4. სakasacio palatis ganCineba sabolooa da ar gasaCivrdeba.