№ას-208-201-2012 03 აგვისტო, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ტ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ც-მ მოპასუხე ტ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის მოპასუხის მიერ უარყოფა.
სარჩელის მიხედვით, 2007 წლის 01 მაისს მოსარჩელის შვილს შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მოპასუხემ მიიღო სხეულის დაზიანება. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მოგვიანებით შეწყდა პროკურორის დადგენილებით, რადგან მოსარჩელის შვილის ქმედებაში არ აღინიშნებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ხსენებული დადგენილება მოპასუხემ გაასაჩივრა, თუმცა ის უცვლელად იქნა დატოვებული. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოსარჩელეს მოპასუხესთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ეს ურთიერთობა დაიძაბა, კერძოდ, მოპასუხე მოსარჩელეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას როგორც საგაზეთო პუბლიკაციების, ასევე ინტერნეტის მეშვეობით, რითაც შეილახა მისი პატივი და ღირსება (ტომი 1, ს.ფ. 1-10, 50-51).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მას მოსარჩელის მისამართით შეურაცხმყოფელი მოსაზრებები არ გაუვრცელებია (ტომი 1, ს.ფ. 69-76).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხე ტ. ტ-ს დაეკისრა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ი. ც-ის პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაზეთ „ქ-ის“ პირველივე ნომერში შემდეგი სახით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე №2/1968-11 დაკმაყოფილდა ი. ც-ის სარჩელი მოპასუხე ტ. ტ-ის მიმართ, 2009 წლის 9-15 ნოემბრის გაზეთ ქ-ში (№44, გვ. 26) და სხვა საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი ცნობები მიჩნეულ იქნა ი. ც-ის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ქმედებად (ტომი 1, ს.ფ. 127-132).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ.ა ტ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 137-145).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით ტ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-ში 26-27 გვერდებზე ჟურნალისტ თ. რ-ის ავტორობით გამოქვეყნდა ტ. ტ-ის წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი ი. ც-ს მოიხსენიებს უწმაწური სიტყვებით და ბრალს დებს ამორალურ და დანაშაულებრივ ქმედებებში, კერძოდ, წერილში მითითებულია, რომ: „ისეთი ნაძირლები, როგორიცაა ს. ც-ე, დღეს ხელისუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებს ურჩევენ როგორ მოიქცნენ, როგორ აკეთონ თავიანთი კრიმინალური საქმეები, როგორ მოიყვანონ ყასბები და როგორ აჭრან ხალხს ფეხები, შემდეგ კი ბედის ანაბარად მიაგდონ. ... ისეთ არაკაცებს და ნაძირლებს, როგორიც პოლიტოლოგი ს. ც-ე და მძახალი, ექიმი–ყასაბი ა. ა-ეა, მუხლებზე დავაყენებ. ... დიახ, ს. ც-ის უშუალო ბრძანებით მომჭრეს მე კიდური, მანვე გაუკეთა ფალსიფიცირება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. ... ესეც არ იკმარა ამ ნაძირალა ს. ც-მ, მოვიდა და მემუქრებოდა, რომ ციხეში ჩამსვამდა ცრუ ჩვენებებისთვის. მისმინე პოლიტოლოგო! შენი კარუსელი მალე დასრულდება, იმიტომ რომ საცოდავი და ამაზრზენი ნაძირალა ხარ! შენი ნათესავი რომ მოგყავდა, რატომ არ მოიყვანე პროფესიონალი ექიმები?! ფულის გადახდა დაგენანა, რომ შენს შვილს ჰყოფნოდა დოზაზე. შენ უყურადღებოდ მიაგდე შენი შვილის წყალობით დასახიჩრებული ქალი ავარიიდან ოთხი თვის შემდეგ, რომელიც შენმა შვილმა ჩაიდინა. ... პოლიტოლოგი ს. ც-ე არის დიპლომატიური აკადემიის რექტორი, მისი ცოლი პრორექტორი. სასაცილოა, იმიტომ, რომ ეს მათი აკადემია პაპა კარლოს ბუნაგია. ამ ბუნაგში სიმაღლის მიხედვით ჩამოამწკრივა პრეზიდენტის ექს–მრჩეველმა საპატრულო პოლიცია, პროკურატურა, ექსპერტები, მოსამართლეები, ექიმები და ტყუილზე ხელი მოაწერინა. ... როგორ შეიძლება ტელევიზიით გამოდიოდეს ს. ც-ე და პოლიტიკაზე ლაპარაკობდეს, როდესაც მისი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე კრიმინალია?! და მსოფლიო გაიგებს ამის შესახებ. .... ს. ც-ის უსუსურობის ალეგორია არის ნიანგი, რომელიც უნიტაზში ჩაუშვეს. მე მივმართავ „გაეროს“ უფლებათა დაცვის კომიტეტს. უკვე გადაგზავნილია ამ წერილის ასლი, ასევე ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მემუქრებოდა ს. ც-ე, რომ თუ დავიწყებდი ჩივილს, ჩამსვავდა ციხეში. ... იქნებ თვითონ ს. ც-ე იყო ჩემი სუტინიორი?! ... იქნებ შენი პოლიტოლოგიის აკადემია არის ბორდელი?!“ (ტომი 1, ს.ფ. 11);
ინტერნეტში ... მისამართზე რეგისტრირებულია ტ. ტ-ის ინტერნეტ პროფილი ..., სადაც განთავსებულია „წერილები“, რომლებშიც ი. ც-ე მოხსენიებულია უწმაწური სიტყვებით და მხილებულია ამორალურ და დანაშაულებრივ ქმედებებში (იხ. ვებგვერდი ..., ტომი 1, ს.ფ. 13-34);
საგაზეთო სტატიით, ინტერნეტში ტ. ტ-ის პროფილზე განთავსებული „წერილებით“ და მოწმე თ. რ-ის ჩვენებით, დადასტურებულია, რომ ი. ც-ის პატივის და ღირსების შემლახავი გამონათქვამები (წერილები) ეკუთვნის ტ. ტ-ს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-ში და ინტერნეტში გამოქვეყნებული ი. ც-ის პატივის და ღირსების შემლახავი წერილები არ ეკუთვნოდა ტ. ტ-ს, შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგინდა, რომ გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-ში 26-27 გვერდებზე გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროპის კომისრისადმი გაგზავნილი ტ. ტ-ის წერილი, სადაც ეს უკანასკნელი ი. ც-ს ბრალს დებს ამორალურ და დანაშაულებრივ ქმედებებში, მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით;
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ. რ-ის ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მან გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-ში სადავო სტატია გამოაქვეყნა ტ. ტ-ის ადვოკატისგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ტ. ტ-ისგან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ნებართვის მიღების შემდეგ;
ინტერნეტში ... ვებმისამართზე განთავსებულ ერთ–ერთ წერილში ტ. ტ-ი თავად ადასტურებს, რომ მის საქმესთან დაკავშირებული მასალები აქვს მის ადვოკატს და ეს მასალები გამოქვეყნდა ერთ-ერთ ქართულ გაზეთში (იხ. ვებ გვერდი ...);
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გაზეთ „კ. ქ-ში“ ტ. ტ-ის სახელით გამოქვეყნებული წერილის შინაარსი ფაქტობრივად მეორდებოდა ინტერნეტში ტ. ტ-ის მიერ გამოქვეყნებულ არაერთ წერილში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411) ნომერში და ... ინტერნეტ მისამართზე გამოქვეყნებული ი. ც-ის პატივის და ღირსების შემლახავი წერილები გავრცელებული იყო ტ. ტ-ჩის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ასევე აპელანტის წარმომადგენლის მტკიცება, რომ ... ინტერნეტ პროფილი არ ეკუთვნოდა ტ. ტ-ს და შესაბამისად, მასზე განხორციელებული ჩანაწერებიც არ იყო მისი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია აღნიშნული ინტერნეტ პროფილი, რის შედეგადაც დაადგინა, რომ პროფილი დარეგისტრირებული იყო ტ. ტ-ის სახელით და მისივე ფოტოსურათით. ამასთან, გარდა პროფილის სურათისა, აღნიშნულ ვებგვერდზე ატვირთული იყო სხვადასხვა რაკურსით ტ. ტ-ის ათეულობით ფოტო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა პრეზუმფცია იმისა, რომ მითითებული ინტერნეტ პროფილი ეკუთვნოდა ტ. ტ-ს და შესაბამისად, მასზე განთავსებული წერილებიც იყო მისი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებით ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია ადამიანის პატივი და ღირსება. სამოქალაქო სამართალი პატივისა და ღირსების, როგორც სამართლებრივად დაცული სიკეთის, ზნეობრივი კატეგორიის ქვეშ მოიაზრებს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ და პიროვნების მიერ საკუთარი მნიშვნელობის შეფასებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილის შესაბამის ფაქტებს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით აღიარებულია გამოხატვის თავისუფლება. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების მიერ ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს პირის გამოხატვის თავისუფლების უფლების სამ კომპონენტს: 1. თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები; 2. თავისუფლებას, გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები; 3. თავისუფლებას, მიიღოს ინფორმაცია და მოსაზრებები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება; ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის ქვეშ იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნობების (განცხადების) გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ და არა შეფასებითი მსჯელობა ან შეხედულების, თვალსაზრისის გამოხატვა კონკრეტული პირის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-ში და ინტერნეტში გამოქვეყნებული ტ. ტ-ის წერილები არ იყო შეფასებითი ხასიათის, რადგან აღნიშნულ წერილებში ტ. ტ-ი კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით ბრალს დებდა ი. ც-ს დანაშაულებრივ და ამორალურ ქმედებებში, უღირსი საქციელის ჩადენაში, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა. შესაბამისად, სახეზე იყო ი. ც-ის უფლებების დარღვევა (ტომი 2, ს.ფ. 84-92).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ტ. ტ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო საჩივრის მოტივები:
მოცემულ საქმეზე მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა მოპასუხის მიერ ჟურნალისტისათვის ინტერვიუს მიცემის ფაქტი. თავად ჟურნალისტმა მოწმის სტატუსით დაკითხვისას განმარტა, რომ მოპასუხეს მისთვის ინტერვიუ არ მიუცია და პუბლიკაცია მოამზადა მხოლოდ მოპასუხის ადვოკატის მიერ გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე;
მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ ინტერნეტის ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციები და მოსაზრებები ტ. ტ-მა გამოაქვეყნა. მოსარჩელეს ევალებოდა სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება, რომ ტ. ტ-ი დარეგისტრირებული იყო ინტერნეტში ვებგვერდზე და რომ მისი სახელით გავრცელებული ინფორმაცია სწორედ მას ეკუთვნოდა. ასეთი სახის დოკუმენტი ი.ც-ს არ წარუდგენია სასამართლოსათვის. გარდა ამისა, სარჩელში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელი სიტყვები იყო მოსარჩელისათვის პატივისა და ღირსების შემლახველი და რომელი ფრაზების უარყოფას ითხოვდა იგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-ში, 26-27 გვერდებზე, ჟურნალისტ თ. რ-ის ავტორობით გამოქვეყნდა ტ. ტ-ის ინტერვიუ, რომელშიც იგი ი. ც-ს მოიხსენიებს უწმაწური სიტყვებით და ბრალს სდებს ამორალურ და დანაშაულებრივ ქმედებებში, კერძოდ, წერილში მითითებულია, რომ: „ისეთი ნაძირლები, როგორიცაა ს. ც-ე, დღეს ხელისუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებს ურჩევენ როგორ მოიქცნენ, როგორ აკეთონ თავიანთი კრიმინალური საქმეები, როგორ მოიყვანონ ყასბები და როგორ აჭრან ხალხს ფეხები, შემდეგ კი ბედის ანაბარად მიაგდონ. ... ისეთ არაკაცებს და ნაძირლებს, როგორიც პოლიტოლოგი ს. ც-ე და მძახალი, ექიმი–ყასაბი ა. ა-ეა, მუხლებზე დავაყენებ. ... დიახ, ს. ც-ის უშუალო ბრძანებით მომჭრეს მე კიდური, მანვე გაუკეთა ფალსიფიცირება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. ... ესეც არ იკმარა ამ ნაძირალა ს. ც-მ, მოვიდა და მემუქრებოდა, რომ ციხეში ჩამსვამდა ცრუ ჩვენებებისთვის. მისმინე პოლიტოლოგო! შენი კარუსელი მალე დასრულდება, იმიტომ რომ საცოდავი და ამაზრზენი ნაძირალა ხარ! შენი ნათესავი რომ მოგყავდა, რატომ არ მოიყვანე პროფესიონალი ექიმები?! ფულის გადახდა დაგენანა, რომ შენს შვილს ჰყოფნოდა დოზაზე. შენ უყურადღებოდ მიაგდე შენი შვილის წყალობით დასახიჩრებული ქალი ავარიიდან ოთხი თვის შემდეგ, რომელიც შენმა შვილმა ჩაიდინა. ... პოლიტოლოგი ს. ც-ე არის დიპლომატიური აკადემიის რექტორი, მისი ცოლი პრორექტორი. სასაცილოა, იმიტომ, რომ ეს მათი აკადემია პაპა კარლოს ბუნაგია. ამ ბუნაგში სიმაღლის მიხედვით ჩამოამწკრივა პრეზიდენტის ექს–მრჩეველმა საპატრულო პოლიცია, პროკურატურა, ექსპერტები, მოსამართლეები, ექიმები და ტყუილზე ხელი მოაწერინა. ... როგორ შეიძლება ტელევიზიით გამოდიოდეს ს. ც-ე და პოლიტიკაზე ლაპარაკობდეს, როდესაც მისი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე კრიმინალია?! და მსოფლიო გაიგებს ამის შესახებ. .... ს. ც-ის უსუსურობის ალეგორია არის ნიანგი, რომელიც უნიტაზში ჩაუშვეს. მე მივმართავ „გაეროს“ უფლებათა დაცვის კომიტეტს. უკვე გადაგზავნილია ამ წერილის ასლი, ასევე ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მემუქრებოდა ს. ც-ე, რომ თუ დავიწყებდი ჩივილს, ჩამსვავდა ციხეში. ... იქნებ თვითონ ს. ც-ე იყო ჩემი სუტინიორი?! ... იქნებ შენი პოლიტოლოგიის აკადემია არის ბორდელი?!“ (ტომი 1, ს.ფ. 11);
ინტერნეტში ... მისამართზე რეგისტრირებულია ტ. ტ-ის ინტერნეტ პროფილი ..., სადაც განთავსებულია „წერილები“, რომლებშიც ი. ც-ე მოხსენიებულია უწმაწური სიტყვებით და მხილებულია ამორალურ და დანაშაულებრივ ქმედებებში (იხ. ვებგვერდი ..., ტომი 1, ს.ფ. 13-34);
მოწმის სახით დაკითხული თ. რ-ის ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მან გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-ში სადავო სტატია გამოაქვეყნა ტ. ტ-ის ადვოკატისგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ტ. ტ-ისგან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ნებართვის მიღების შემდეგ;
ინტერნეტში ... ვებმისამართზე განთავსებულ ერთ-ერთ წერილში ტ. ტ-ი თავად ადასტურებს, რომ მის საქმესთან დაკავშირებული მასალები აქვს მის ადვოკატს და ეს მასალები გამოქვეყნდა ერთ-ერთ ქართულ გაზეთში (იხ. ვებ გვერდი ...);
გაზეთ „კ. ქ-ში“ ტ. ტ-ის სახელით გამოქვეყნებული წერილის შინაარსი ფაქტობრივად მეორდებოდა ინტერნეტში ტ. ტ-ის მიერ გამოქვეყნებულ არაერთ წერილში;
გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-სა და ... ინტერნეტ-მისამართზე გამოქვეყნებული ი. ც-ის პატივისა და ღირსების შემლახავი წერილები გაავრცელა ტ. ტ-მა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-სა და ... ინტერნეტ-მისამართზე გამოქვეყნებული სადავო განცხადებები გავრცელებული იყო მოპასუხის მიერ.
გაზეთში გამოქვეყნებულ სადავო წერილთან მიმართებით კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ ჟურნალისტისათვის ინტერვიუს მიცემის ფაქტი. თავად ჟურნალისტმა მოწმის სტატუსით დაკითხვისას განმარტა, რომ მოპასუხეს მისთვის ინტერვიუ არ მიუცია და პუბლიკაცია მოამზადა მხოლოდ მოპასუხის ადვოკატის მიერ გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ აქარწყლებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას გაზეთში გამოქვეყნებული სადავო წერილის მოპასუხისადმი კუთვნილების თაობაზე. პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა არა მოპასუხის მიერ ჟურნალისტისათვის ინტერვიუს მიცემის ფაქტი, არამედ ის, რომ გაზეთ „კ. ქ-ის“ 2009 წლის 9-15 ნოემბრის №44 (411)-ში, 26-27 გვერდებზე, რომელშიც გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროპის კომისრისადმი გაგზავნილი მოპასუხის წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი ი. ც-ს ბრალს დებს ამორალურ და დანაშაულებრივ ქმედებებში, მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო წერილი ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მოპასუხის ადვოკატისგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მოპასუხისგან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ნებართვის მიღების შემდეგ. უშუალოდ ამ ფაქტებთან დაკავშირებით კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, კასატორი თავად ადასტურებს, რომ ჟურნალისტმა სადავო პუბლიკაცია მოამზადა მოპასუხის ადვოკატის მიერ გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გაზეთში გამოქვეყნებული სადავო წერილი მოპასუხეს უშუალოდ არ გადაუცია ჟურნალისტისათვის, მაგრამ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს პრეტენზია არ განუცხადებია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო წერილი ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მოპასუხის ადვოკატისგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე და მოპასუხის თანხმობით, უნდა მივიჩნიოთ, რომ სადავო წერილი მოპასუხეს ეკუთვნოდა და მისი თახმობით გამოქვეყნდა გაზეთში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოპასუხე დარეგისტრირებული იყო ინტერნეტში სადავო ვებგვერდზე და მასზე განთავსებული ინფორმაცია სწორედ მას ეკუთვნოდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია სადავო ინტერნეტ-პროფილი და დაადგინა, რომ პროფილი დარეგისტრირებული იყო მოპასუხის სახელით და მისივე ფოტოსურათით. ამასთან, გარდა პროფილის სურათისა, აღნიშნულ ვებგვერდზე სხვადასხვა რაკურსით ატვირთული იყო მოპასუხის ათეულობით ფოტო. ამ ფაქტთან დაკავშირებით კასატორს პრეტენზია არა აქვს წარმოდგენილი, ხოლო იმაზე მითითება, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სადავო ვებგვერდის მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ მითითებული ინტერნეტ-პროფილი ეკუთვნოდა მოპასუხეს და, შესაბამისად, მასზე განთავსებული წერილებიც იყო მისი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელმაც ვერ შეძლო ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლება სათანადო მტკიცებულებებით.
გასაჩივრებული განჩინების 4.4 პუნქტში მოცემული მსჯელობის მიმართ კასატორს საკასაციო პრეტენზია არ განუცხადებია, რის გამოც საკასაციო სასამართლო აღნიშნულის თაობაზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან იგი ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404-ე მუხლი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული კანონი არ დარღვეულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.