Facebook Twitter

საქმე #ას-881-827-2012 30 აგვისტო, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ე-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ი-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ე-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ი-ის მიმართ ქორწინების დროს ნაჩუქარი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეები 2003 წლის 23 დეკემბრიდან 2010 წლის 23 აპრილამდე ფაქტობრივად იმყოფებოდნენ ქორწინებაში, თუმცა მოგვიანებით დაშორდნენ, რის შემდეგაც მოპასუხემ კვლავ შექმნა ოჯახი, პოლიციის დახმარებით, 2011 წლის 15 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო კუთვნილი ნივთების ნაწილი, თუმცა ნიშნობისა და ქორწილისას საჩუქრად მიღებული ოცდაათი დასახელების ოქროს ნივთის, ე.წ ფარდა-გადასაფარებლის, მტვერსასრუტისა და უთოს დაბრუნებაზე მოპასუხემ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ისინი მისი ნათესავების საჩუქარს წარმოადგენდა, მოპასუხე სადავო ნივთებს ფლობს უკანონოდ, რაც მათი გამოთხოვის საფუძველია.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა შემდეგი:

მხარეები მართლაც იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ქორწინებისას მათ მართლაც აჩუქეს ოქროს ნივთები, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ნათესავებმა, 2010 წლის აპრილში მოსარჩელემ წაიღო მისი კუთვნილი ქონება, მზითვი და ყველა ის ოქროს ნივთი, რომლებიც მოსარჩელის ნათესავების ნაჩუქარი იყო. რაც შეეხება მოპასუხის ნათესავების მიერ ნაჩუქარ ოქროს ნივთებს, ნ.ი-მა ისინი, როგორც ვალი, დაუბრუნა ნათესავებს, ხოლო მოძრავი ნივთები: ფარდა-გადასაფარებელი, მტვერსასრუტი და უთო მოიპარეს მოპასუხის საქართველოში არყოფნისას, ამასთანავე, სარჩელში ჩამოთვლილ დამსაჩუქრებელთაგან ოთხს მოსარჩელისათვის ოქროს ნივთები არ უჩუქებიათ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ე-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით გ. ე-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ.ე-ა და მოპასუხე ნ. ი-ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. გ. ე-ა სარჩელით ითხოვდა ნ. ი-თან ნიშნობისას საჩუქრად მიღებული ოქროს სამკაულებისა და სხვა საოჯახო ნივთების დაბრუნებას, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, იმყოფება ნ. ი-ის უკანონო მფლობელობაში. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, ასევე 102-ე მუხლებით, რომელთა თანახმადაც, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სარჩელით მოთხოვნილი ნივთების ნ. ი-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის მტკიცების ვალდებულება. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ გარემოებას, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა: მ. ი-მა, ე. ი-მ და ზ. ი-მ განმარტეს, მათ ნ. ი-ისაგან დაიბრუნეს მოსარჩელე გ. ე-სა და მოპასუხე ნ. ი-ის ქორწინებისას, მათ მიერ ნაჩუქარი ოქროს ნივთები. აღნიშნულის უარმყოფელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მფლობელისაგან მესაკუთრის მიერ ნივთის დაბრუნების მოთხოვნისთვის აუცილებელია შემდეგი საფუძვლების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე - ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. გ. ე-ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მოთხოვნილი ოქროს სამკაულებისა და საოჯახო ნივთების ნ. ი-ის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობის ფაქტს, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა არ არსებობდა, კერძოდ, არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ სადავო ნივთების ფლობა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სადავოს არ წარმოადგენს 2011 წლის 15 აპრილს მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი ნივთების პოლიციის დახმარებით მოპასუხისაგან წამოღების ფაქტი, ხოლო ნიშნობასა და ქორწილში მოსარჩელისათვის ნაჩუქარი 22 დასახელების ოქროს ნივთის, 320 ლარად ღირებული ე.წ ფარდა გადასაფარებლის, 80 ლარად ღირებული მტვერსასრუტისა და 50 ლარად ღირებული უთოს დაბრუნებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა. ნ. ი-ს არანაირი უფლება ამ ნივთების განკარგვისა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად არ გააჩნდა, ვინაიდან, ისინი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: ვიდეოფირი, ფოტომასალა და თვით მოპასუხის მიერ შესაგებელში დაფიქსირებული აღიარება მის მიერ სადავო ნივთების ფლობის თაობაზე და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მოპასუხის მიერ მოწმედ წარდგენილი დაინტერესებული პირების განმარტების საფუძველზე. სასამართლომ დადგენილად არასწორად ჩათვალა სარჩელით მოთხოვნილი ნივთების მოპასუხის მიერ დამსაჩუქრებელთათვის გადაცემის ფაქტი, მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენების გარდა, საქმეში მტკიცებულება არ მოიპოვება, ასევე გაიზიარა სასამართლომ სხვა მოძრავი ნივთების მოპარვის ფაქტი, როდესაც აღნიშნულის დამადასტურებელი გარემოება საქმეში არ არის წარმოდგენილი. საყურადღებოა, რომ ნ.ი-ს ნივთების დაბრუნების უფლება არ გააჩნდა დამსაჩუქრებელთაგან ამ ნივთების გამოუთხოვნელობის გამო, ხოლო ვალი, რომელსაც ნივთების დაბრუნების საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს, არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით. არასწორია სასამართლოს მტკიცება ნივთების მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტის მოსარჩელის მხრიდან დაუდასტურებლობის თაობაზე, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ვიდეოფირითა და ფოტოებით ნივთების ჩუქების ფაქტი დადასტურებულია, რასაც არ ეწინააღმდგება დაკითხული ზ. ი. ამასთან, მოპასუხემ შესაგებლითვე აღიარა მის მიერ სადავო ნივთების ფლობის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით გ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ე-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამ+დენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ე-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ო. მ-ის მიერ 2012 წლის 23 ივლისს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 347,50 ლარის 70% – 243,25 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ე-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორს: გ. ე-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ო. მ-ის მიერ 2012 წლის 23 ივლისს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 347,50 ლარის 70% – 243,25 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. სილაგაძე