საქმე №ას-924-869-2012 1 აგვისტო, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ. კ-ის, თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე, თ. ც-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს. 2001-ის“, თ. ნ-ის, გ. ს-ის, გ. ჩ-ის, გ. გ-ისა და სხვათა მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. კ-ის, თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრი ჯ. კ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით ჯ. კ-ის, თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევის გამო, ხოლო ჯ. კ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში 2800 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2012 წლის 18 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა ჯ.კ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-მა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, შვებულების პერიოდის გამო, ვერ შეძლო შეეტყობინებინა კასატორისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით, ნ.მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ჯ. კ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 2800 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2012 წლის 31 ივლისს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში, სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. მ-მა, წარმოადგინა 2012 წლის 30 ივლისის №5043862943 საგადახდო დავალება სახელმწიფო ბაჟის – 500 ლარის ჩარიცხვის დასადასტურებლად და იშუამდგომლა დარჩენილი თანხის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რის საფუძვლადაც კვლავ შვებულების პერიოდს უთითებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. აღნიშნული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის, სასამართლო ამოწმებს შუამდგომლობის საფუძვლიანობას და ამის მიხედვით წყვეტს გაუგრძელებს თუ არა მხარეს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ საპროცესო ვადას. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს რომ, ნ.მ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან შვებულების პერიოდის არსებობა არ არის საკმარისი საფუძველი საპროცესო ვადის გაგრძელებისათვის, მით უმეტეს რომ სასამართლომ ერთხელ უკვე დაუკმაყოფილა ჯ.კ-ს გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა.
კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის 30 ივლისის №5043862943 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 500 ლარი, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ნ-ის, მ. ვ-ის, ც. ქ-ის, ჯ. კ-ის, გ. ს-ისა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ჯ. კ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ ჯ. კ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) ჯ. ჯ-ის მიერ 2012 წლის 30 ივლისს №5043862943 საგადახდო დავალებით გადახდილი 500 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.