№ას-799-752-2012 4 ივლისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „მ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ა, ზ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „მ-მ“ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ყოფილი დირექტორის, ა. კ-სა და ბუღალტერ ზ. კ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 34767 ლარის დაკისრება, მათ შორის:
1)კამერალური შემოწმების აქტით საზოგადოებისათვის დარიცხული13986 ლარის და, ამ თანხის გადაუხდელობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული 0,07%-ის, სულ 18939 ლარის;
2) 2009 წლის 17 ივლისს, ავზების გასხვისებით მიყენებული ზიანი-588 ლარის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული აღნიშნული თანხის 0,07%,-ის სულ 686 ლარის;
3) სს ,,მ-ის“ საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი 18762 ლარით საგადასახდო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული აღნიშნული თანხის 0,07%, სულ 7039 ლარის;
4) სს ,,მ-ის“ საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი 18762 ლარის ნაწილით - 15762 ლარით სახელფასო დავალიანებების გასტუმრებისას საშემოსავლო გადასახადის არ დაკავების გამო დარიცხული ჯარიმის - 3638 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული აღნიშნული თანხის 0,07%-ის, სულ 5003 ლარის;
5) სს ,,მ-ის“ საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი 18762 ლარის ნაწილი - 3000 ლარის გაურკვეველი მიზნებისათვის განკარგვის შედეგად საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზრაურება;
6) ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დირექტორის, ა. კ-ს უპასუხისმგებლობის გამო, სს „მ-ისათვის“ ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 100 ლარის გადახდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „მ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სს „მ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. კ-ს სს „მ-ის“ სასარგებლოდ 6238 ლარის, ხოლო ზ. კ-ს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა, სს „მ-ის“ დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2008 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო სს ,,მ-ის“ კამერალური შემოწმება და დამთავრდა 29 ოქტომბერს. შემოწმება შეეხო სს ,,მ-ის“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ნებართვების საფუძველზე რეალიზებული ქონებით მიღებული შემოსავლების დეკლარირებას, ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის სისწორეს, დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებასა და ბიუჯეტთან ანგარიშწორებას დამატებული ღირებულების გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან, 2007 წლის 14 დეკემბრიდან 2008 წლის 1 ოქტომბრამდე განვლილ პერიოდში.კამერალური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ პერიოდში სს ,,მ-ის“ მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ:
· სს „მ-ის“ დირექტორის მიერ სახელფასო და სხვა დავალიანებების დაფარვის მიზნით, საგადასახადო ორგანოს ნებართვის საფუძველზე, ქონების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილის - 18762 ლარის საბანკო ანგარიშიდან გატანისა და განკარგვის გამო, საზოგადოებას დაერიცხა ჯარიმა 3000 ლარი;
· დღგ-ის არასწორი დეკლარირების გამო, საზოგადოებას დაერიცხა ძირითადი თანხა 1848 ლარი და ჯარიმა 6138 ლარი;
· ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევის გამო, საზოგადოებას დაერიცხა ჯარიმა 3000 ლარი.
სულ სს „მ-ს“ დაერიცხა 13986 ლარი, საიდანაც 1848 ლარი ძირითადი გადასახადი იყო, ხოლო ჯარიმა - 12138 ლარი.
კამერალური შემოწმების აქტით განსაზღვრული პერიოდისათვის - 14.12.2007 წლიდან 01.10.2008 წლამდე სს „მ-ის“ დირექტორი იყო ა. კ-ა, ხოლო ბუღალტერი - ზ. კ-ე;
კამერალური შემოწმების აქტი არ გასაჩივრებულა და ძალაშია;
სისხლის სამართლის №092090385 საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2010 წლის 09 დეკემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ 2008 წლის 8 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სს „მ-ის“ კუთვნილი მატერიალური ფასეულობების რეალიზაციისა და აღნიშნული გზით მიღებული თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ სს „მ-ის“ ხელმძღვანელი პირების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას - სხვისი ქონების მითვისებას ადგილი არ ჰქონია, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას;
კანონიერ ძალაში შესული, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა და სს”მ-ის“ დირექტორს, ა. კ-ს დაევალა, ი. ჩ-სათვის გადაეცა 2005 წლიდან არსებული დოკუმენტების ასლები. სარჩელის დაკმაყოფილების გამო, სს „მ-ს“ ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სს „მ-ის“ დირექტორმა დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა;
საქმეზე წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერით ირკვევა, რომ 2008 წლის 30 სექტემბერს, სს „მ-ის“ მიერ გაიცა 15762 ლარის ოდენობის ხელფასები;
საქმეზე წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულია, რომ 2009 წლის 29 აგვისტოს სს „მ-ის“ ყოფილმა ბუღალტერმა ზ. კ-მ, საზოგადოების ბუღალტრის მოვალეობის შემსრულებელს ს. ჩ-ს გადასცა სს „მ-ის“ საბუღალტრო დოკუმენტაცია, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს ჩანაწერს 2008 წლის სექტემბრის სახელფასო უწყისების გადაცემის თაობაზე.
ამ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კამერალური შემოწმების აქტში დაფიქსირებულ პერიოდში, სს „მ-ის“ დირექტორი ა. კ-ა საზოგადოების საქმეებს არ გაუძღვა კეთილსინდისიერად, არ იზრუნა საგადასახადო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, რამაც გამოიწვია დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით დარღვევები, რაც გახდა საფუძველი კამერალური შემოწმების აქტით საანგარიშო პერიოდში, სს „მ-ისათვის“ 6138 ლარის ჯარიმა-საურავების დარიცხვისა.ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 412-ე მუხლის, ასევე მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა ა. კ-სათვის დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმის- 6138 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია. რაც შეეხება მოთხოვნას დამატებითი ღირებულების ძირითადი თანხის 1848 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ასეთი გადასახადის გადახდა გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობიდან, წარმოადგენს საზოგადოების აუცილებელ გადასახადს და დამოკიდებული არ არის დირექტორის მოქმედებაზე.
სასამართლომ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია საბუღალტრო მოქმედებების შესრულების წესის დარღვევისათვის ზ. კ-ისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 3000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა კამერალური შემოწმების აქტით საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის საფუძველზე საზოგადოებისათვის დარიცხული ჯარიმის 3000 ლარის ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნა, რომ, როგორც აქტით ირკვევა, მითითებული ჯარიმის დარიცხვა განხორციელდა იმ მიზეზით, რომ სს „მ-ის“ დირექტორმა, საგადასახადო ორგანოს ნებართვების საფუძველზე, ქონების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი - 18762 ლარი საბანკო ანგარიშიდან გაიტანა და განკარგა სახელფასო და საზოგადოების სხვა კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით. პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სამუშაო პროცესის არსებობა, საწარმოს ქონების რეალიზაციით მიღებული თანხებით, ნაცვლად საგადასახადო დავალიანებისა, სახელფასო დავალიანების გადახდა, არ შეიძლება ჩაითვალოს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმეთა გაძღოლის კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევად და ამის გამო საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი საღად მოაზროვნე პირი, ა. კ-ს მსგავსად, იმოქმედებდა იმ რწმენით, რომ სახელფასო დავალიანებისა და სამუშაო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი კრედიტორული დავალიანების გასტუმრება სამუშაო პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ყველაზე ხელსაყრელი იყო საზოგადოებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა 2 ცალი ავზის რეალიზაციით მიღებული სხვაობის - 588 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღნიშნული თანხის 0,07%, სულ 686 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ 2009 წლის 20 მაისს, სს ,,მ-ის“ მიერ, 2300 ლარად გასხვისებული 2 ცალი ავზი იმავე ხარისხისა და საბაზრო ღირებულებისა იყო, როგორც 2009 წლის 17 ივლისს 2006 ლარად გასხვისებული ავზები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი 18762 ლარის ნაწილი თანხის - 3000 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო სისხლის სამართლის №092090385 საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2010 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ საზოგადოების ქონება (მათ შორის ფულადი თანხები) ხელმძღვანელ პირებს არ მიუთვისებიათ.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას კამერალური შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა-საურავების - 13986 ლარის გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%, ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ჯარიმა-საურავების დარიცხვის უფლებამოსილება გააჩნია საგადასახადო ორგანოს. ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში სათანადო მტკიცებულება, საგადასახადო ორგანოს მიერ 13986 ლარის გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით 0,07%, დარიცხვის თაობაზე არ მოიპოვება, აღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აქტის შედგენის დროისათვის ა. კ-ა სს „მ-ის” დირექტორს და საგადასახადო ვალდებულებების გადახდაზე უფლებამოსილ პირს აღარ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით სს „მ-მ“ და ა. კ-მ გაასაჩივრეს.
სს „მ-მ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ ა. კ-ა პროფესიით იურისტი იყო და მისთვის ცნობილი იყო ყველა იმ შეზღუდვის თაობაზე, რასაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხელფასების გაუცემლობა სამუშაო პროცესს შეაფერხებდა, შესაბამისად, ა. კ-სათვის 3000 ლარის ჯარიმის, რომელიც დაერიცხა საზოგადოებას 18762 ლარის საბანკო ანგარიშიდან გატანისა და განკარგვის წესის დარღვევის გამო, დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კამერალური შემოწმების აქტით საზოგადოებას დაერიცხა ჯარიმა 12138 ლარი. ჯარიმის გადახდის გამო, სს „მ-მ“ დააყოვნა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა, რის გამოც ერიცხებოდა საურავი ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0,07%-ის ოდენობით. საზოგადოებას ჯარიმა რომ არ დაკისრებოდა, საგადასახადო დავალიანებას დროულად დაფარავდა. საქმეში წარმოდგენილია სს „მ-ის“ პირადი აღრიცხვის ბარათები, საიდანაც ირკვევა, რომ კამერალური შემოწმების დროს საზოგადოებას ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, რომელსაც ერიცხება საურავი. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ აქტის შედგენის დროს ა. კ-ა დირექტორი აღარ იყო და დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ა. კ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები იმ დროს გამოვლინდა, როცა ის უკვე დირექტორი აღარ იყო. აღნიშნულმა ქმედებებმა კი, საზოგადოების დაჯარიმება განაპირობა. რომ არა ჯარიმები, საზოგადოება დროულად დაფარავდა დავალიანებას.
ა. კ-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: საქმეში წარმოდგენილ კამერალური შემოწმების აქტს დირექტორი და ბუღალტერი ხელს არ აწერენ, შესაბამისად, მას იურიდიული ძალა არ გააჩნია და მის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების დაკისრება არა მართებულია. საქმეში არსებული მტკჯიცებულებებით არ დასტურდება ა. კ-ს მიერ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დირექტორის მოვალეობების დარღვევა. საყურადღებოა ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რაც გამორიცხავს კასატორის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სს „მ-ის“ დაყადაღებული ქონება ა. კ-მ საგადასახადო ინსპექციის ნებართვით გაასხვისა, სააპელაციო სასამართლოს კი, აღნიშნული მტკიცებულება არ შეუფასებია. სააპელაციო სასამართლოს არც ის გარემოება გაუთვალისწინებია, რომ 22.08.06 წლამდე საზოგადოების დირექტორი ი. ჩ-ე და იყო და სწორედ ამ პერიოდში არ იყო საზოგადოება დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირებული, შესაბამისად, მიყენებულ ზიანზე ა. კ-ა არ არის პასუხისმგებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც სს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (392,55 ლარის) 70% - 274,78 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „მ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან ((სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 15.05.2012 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (392,55 ლარის) 70% - 274,78 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.